«თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო», – ასე დაემართა ოპოზიციას!
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:
მეგობარმა მკითხა: ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონის ანალოგს რომ იწუნებს, თავად რა ვარიანტები აქვსო. საქმე ისაა, რომ ისინი, ძირითადად, უკმაყოფილონი იმით არიან, რომ კანონში არ წერია – ივანიშვილი ოლიგარქიაო.
რომელ კანონში წერია სახელები და გვარები?! მუხლების მიხედვით კი, ბუნებრივია, ივანიშვილი ამ კანონში ვერ და არ მოხვდება. ხშირად ოპოზიციის რეაქციებით საზოგადოება გაოგნებულია – არც შესაბამისი განათლება, არც ინტელექტი, არც აზროვნება. ხომ ვიცით, რომ ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ოპოზიციას მსგავს ჭეშმარიტებაზეც კი განსხვავებული მოსაზრება აქვს!
შევარდნაძის დროს ოპოზიციას დაჟინებული ჰქონდა: საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდაო. ბატონმა ედუარდმა კი მაინც საპრეზიდენტო მოდელი გააკეთა. ოპოზიცია ამბობდა: საპარლამენტო რესპუბლიკა უფრო სამართლიანი იქნებაო. დღეს რა ვითარებაა? – მივიღეთ საპარლამენტო რესპუბლიკა ქვეყანაში, სადაც პარტიები არ არის. «ნაცმოძრაობა» მოსახლეობისთვის მიუღებელია. საპარლამენტო რესპუბლიკა ნიშნავს, რომ ძალაუფლებას პარტიებს აძლევ. ამ დროს პარტიები არ არის.
სახეზეა მხოლოდ «ქართული ოცნება». «თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო», – ასე დაემართა ოპოზიციას. მან ისეთი მოდელი გამოთხარა, რომ თავად მთელი ძალაუფლება დაკარგა და «ქართულ ოცნებას» გადასცა. ოპოზიცია ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლის იქეთ ლოგიკის დანახვა შეუძლებელია. ადრეც ასე იყო.
ამერიკას ტყუილად ხომ არ აქვს საპრეზიდენტო რესპუბლიკა?! აშშ-ის ყველაფერი ხომ მოგვწონს? 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა, კამათობდნენ, რა მოდელი აერჩიათ – საპრეზიდენტო თუ საპარლემენტო? – ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო რესპუბლიკა სურდა, რადგან გაპრეზიდენტების შანსი ჰქონდა, უსუფაშვილი კი საპარლამენტოსკენ იხრებოდა.
ქვეყნისთვის რა სჯობდა და რას უფრო ჰქონდა რეალური პერსპექტივა, ამაზე არავინ დაფიქრებულა -ამოცანა წუთიერი ჭიის გახარება და ასევე, წუთიერი იდეებით ხელმძღვანელობა იყო. ისევე, როგორც წუთიერი იდეებით წამოაყენეს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. არადა, გაუგებარია – რაში აწყობთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მაშინ, როცა რეიტინგი არ აქვთ. რიგგარეშე არჩევნებით, იცით, რას მიაღწევენ? – პარლამენტში ოპოზიციის ის ოდენობაც აღარ იქნება, რაც ახლაა. ანუ, ეს არის ხალხი, რომელიც ფიქრობს არა ქვეყნისთვის რა არის სასარგებლო, არამედ საკუთარი თავისთვის.
თამარ შველიძე