უკრაინა მარიონეტია, იგი არაფერს წარმოადგენს,მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ველია
“რუსეთ-უკრაინის ომი თანდათან დასასრულისკენ მიდის. ჩემი აზრით, მხარეები მოლაპარაკებისთვის ნიადაგს სინჯავენ. დასამალი არ არის, რომ ამ პროცესში უკრაინა მარიონეტია. იგი არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ველია, ეს იგივეა, საქართველოში 2014 წელს უკრაინაში მოწყობილი გადატრიალების მსგავსი რომ მოხდეს და პრეზიდენტად ვანო ჯავახიშვილი და მისი შოუს გუნდი მოვიდეს.“- აცხადებს ისტორიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე “საერთო გაზეთთან” ინტერვიუში.
“მთავარი მოთამაშეები ე.წ. კოლექტიური დასავლეთი და რუსეთი არიან. ასევე, რუსეთთან კავშირში მყოფი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები -ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და ა.შ. ფაქტობრივად, სამყარო ორ ბანაკად არის გაყოფილი, რაც, უპირველესად, მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებასთან არის დაკავშირებული.
ეს გახლავთ ბრძოლა გადანაწილებული მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისთვის, აგრეთვე, გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებებისთვის. საქმე ისაა, რომ რუსეთს მის საზღვართან ახლოს ნატოს ყოფნა არ სურს. დასავლეთს კი უნდა, რუსეთი თავის კარში მოიმწყვდიოს.
ზემოთ ვახსენე, რომ ომი მალე დასრულდება. ამის თქმის საფუძველს ერთი გარემოება მაძლევს CIA-ს დირექტორი ბილ ბარნსი მის რუს კოლეგას სერგეი ნარიშკინს ანკარაში შეხვდა, რაც არ ხმაურდებოდა.
ყურადსაღებია, რომ აღნიშნული შეხვედრა მაშინ შედგა, როცა დიდი ოცეულის სამიტი უნდა გამართულიყო, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო მიწვეული.
სერგეი ლავროვს ობსტრუქცია მოუწყვეს, რაც ჩვეულებრივი ამბავია. მიმაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გლობალურ მასშტაბებში არ გადაიზრდება. გაბატონებულ წრეებს სულაც არ სურთ, საკუთარი ოჯახები, სიმდიდრე საფრთხის ქვეშ დააყენონ. ასე რომ, ბირთვული ომის საფრთხე ნაკლებ სავარაუდოა.
თუმცა, გამორიცხული არაფერია. ომი ყველაზე მეტად რიგით მოქალაქეებს ვნებს. ასევე, ეს ცალკეულ ქვეყნებზეც აისახება ეკონომიკის გაუარესების კუთხით. აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა კი, აშკარად ჩანს, რომ პირდაპირ გაწირეს. უკრაინის სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.
უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა არაფერს წარმოადგენენ. ეს იგივეა, საქართველოში 2014 წელს უკრაინაში მოწყობილი გადატრიალების მსგავსი რომ მოხდეს და პრეზიდენტად ვანო ჯავახიშვილი და მისი შოუს გუნდი მოვიდეს.