საკადრო განახლება და დაკავებები: მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი
„თბილისი 24“-ის წყაროს ცნობით, საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი გააქტიურებაა მოსალოდნელი. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას.
წყაროს ინფორმაციით, შესაბამისი უწყებების მიერ მიმდინარეობს რიგი მასალების შესწავლა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში განხორციელებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება. აღნიშნული პროცესები, სავარაუდოდ, მოიცავს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
არსებული ცნობებით, მოსალოდნელია როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იმ შემთხვევებში, სადაც გამოძიება დანაშაულის ნიშნებს დაადგენს. საუბარია შესაძლო დაკავებებსა და ბრალდებების წარდგენაზე, თუ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული.
ამასთან, წყაროს ინფორმაციით, პარალელურად განიხილება ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებებიც. მოსალოდნელია რამდენიმე უწყებაში ხელმძღვანელი პირების შეცვლა, მინისტრთა კაბინეტის ნაწილობრივი განახლება, ცალკეული სტრუქტურების რეორგანიზაცია და მმართველი გუნდის ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული საკადრო გადაწყვეტილებები.
როგორც წყარო აღნიშნავს, ხელისუფლების მიზანია სახელმწიფო სამსახურში ანგარიშვალდებულების, დისციპლინისა და პასუხისმგებლობის სტანდარტების კიდევ უფრო გამკაცრება, რათა საჯარო სექტორში კორუფციული რისკები მაქსიმალურად შემცირდეს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე გამოავლინეს და გამოძიება დაიწყეს არაერთ საქმეზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებასა და სხვა კორუფციულ დანაშაულებს უკავშირდება. რამდენიმე მაღალჩინოსანს უკვე წარედგინა ბრალდება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიებებიც.
