19 ივლისი 2026

წალენჯიხა იღვიძებს – იწყება პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მომავალს შეცვლის


წლების შემდეგ წალენჯიხაში დაბრუნებულს ცვლილებების მოლოდინი და ახალი იმედი დამხვდა.

სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ვახერხებდი ჩემს მშობლიურ წალენჯიხაში (ოდაბადეში) ჩასვლას. სწორედ ამიტომ, ამჯერად მუნიციპალიტეტში დაბრუნებულს განსაკუთრებული სიამაყისა და იმედის განცდა დამეუფლა. ჩემთვის თვალშისაცემი იყო, რომ წლების განმავლობაში შეფერხებული განვითარების პროცესი დღეს ახალი ეტაპიდან იწყება და მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას ეყრება საფუძველი.

საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას, აქტიური ძალისხმევით იწყება არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის წალენჯიხის მომავალს.

მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ულტრათანამედროვე პირველი საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას შესძენს. ასევე იწყება კურორტ სქურის გზის რეაბილიტაცია, რაც წალენჯიხისთვის ახალი ტურისტული შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პარალელურად დაგეგმილია მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის სახურავის რესტავრაცია, რაც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება.

მანამდე კი, ირაკლი ზარქუას განსაკუთრებული ძალისხმევით, რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, შეძენილ იქნა დიალიზის თანამედროვე აპარატურა, რომელმაც არაერთ პაციენტსა და მათ ოჯახს მძიმე ყოველდღიურობა შეუმსუბუქა.

ყველაზე მეტად კი ის გარემოება მახარებს, რომ წლების შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქში ხალხის თვალებში ისევ დავინახე მომავლის რწმენა და განვითარების იმედი. ეს განცდა, ალბათ, ნებისმიერი წალენჯიხელისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია და სიხარულია.

მადლიერებას იმსახურებს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, რომლის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით იწყება პროექტები, რომლებიც წალენჯიხის განვითარების ახალ ეტაპს უდებს საფუძველს. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩემი მშობლიური წალენჯიხა (ოდაბადე) კიდევ უფრო გალამაზდება, გაძლიერდება და რეგიონში გახდება ერთერთი ისტორიული მეგრული სავანე.

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია