18 ივლისი 2026

დასავლეთ საქართველოში “ამერიკული თეთრი პეპლის” წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად, სპეციალისტები კიდევ ერთი საშიში საკარანტინო მავნებლის – “ამერიკული თეთრი პეპლის” გავრცელებასაც ებრძვიან. მავნებელი ასობით სახეობის მცენარეს აზიანებს და მისი მასობრივი გავრცელება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ისე ტყისა და ქალაქის მწვანე ნარგავებს.

რა ვითარებაა ამჟამად, როგორ მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები და რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს მოსახლეობისთვის  ამ საკითხებზე გვესაუბრება სურსათის ეროვნული სააგენტოს რისკებზე რეაგირებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით აშორდია.

  •  ბატონო დავით, დასავლეთ საქართველოში კვლავ დაფიქსირდა ამერიკული თეთრი პეპელა. რამდენად სერიოზულია არსებული მდგომარეობა?

 დავით აშორდია: ამერიკული თეთრი პეპელა ერთ-ერთი საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც ასობით სახეობის მცენარეს აზიანებს. მისი მატლები სწრაფად ანადგურებენ ფოთლებს, ასუსტებენ ხეებს და ამცირებენ მათ პროდუქტიულობას. სწორედ ამიტომ, დასავლეთ საქართველოში მისი გავრცელების კერების გამოვლენისთანავე შესაბამის ღონისძიებებს ვატარებთ.

  • ამ ეტაპზე რა ღონისძიებები მიმდინარეობს?

დავით აშორდია: ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლა პარალელურად მიმდინარეობს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან ერთად. სპეციალისტები მუდმივად აკვირდებიან ვითარებას, ადგენენ მავნებლის გავრცელების კერებს და საჭიროების შემთხვევაში ატარებენ შესაბამის ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებს. მთავარი მიზანია მავნებლის გავრცელების შეზღუდვა და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და მწვანე ნარგავების დაცვა.

  •  რა საფრთხეს უქმნის ამერიკული თეთრი პეპელა გარემოსა და სოფლის მეურნეობას?

დავით აშორდია: მავნებელი განსაკუთრებით აზიანებს ხეხილს, ტყის და დეკორატიულ მცენარეებს. ძლიერი გავრცელების შემთხვევაში ხეები მთლიანად იფარება აბლაბუდით, ფოთლები ნადგურდება, მცენარე სუსტდება და მოსავლიანობა მნიშვნელოვნად მცირდება. თუ დროული რეაგირება არ მოხდა, მავნებელი სწრაფად ვრცელდება.

  • რას ურჩევთ მოსახლეობას?

დავით აშორდია: მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა რეგულარულად დაათვალიერონ ხეები და ბუჩქები. თუ შენიშნავენ თეთრ აბლაბუდას ან მატლების გროვებს, საჭიროა მათი მოჭრა და განადგურება (დაწვა) უსაფრთხოების წესების დაცვით. მასობრივი გავრცელების შემთხვევაში კი აუცილებელია ინფორმაცია მიაწოდონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზს  1501 ნომერზე ,  რათა სპეციალისტებმა დროულად დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები.

  •  რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა?

დავით აშორდია: მოსახლეობის აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია. მავნებლის წინააღმდეგ ეფექტურიი ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით. დროული აღმოჩენა და რეაგირება მნიშვნელოვნად ამცირებს მის გავრცელებას და იცავს როგორც სასოფლო სამეურნეო კულტურებს, ისე გარემოს.

თბილისი 24