11 ნოემბერი 2024

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი: კატარი და არა ყატარი

სწორია კატარი და არა ყატარი, – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში  სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, არაბული ასო ق (კაფი) ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ.

  • „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, რომელშიც არაბული ენის თითოეული ბგერისთვის განსაზღვრულია ქართულ ენაში ფონეტიკური ეკვივალენტი: არაბული ფონემა ق (კაფი) ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული. მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არ აქვს. ფონეტიკური თვალსაზრისით, იგი ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან კ-სთან.

არაბული ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. ამიტომ სწორია კატარი და არა ყატარი. ამავე წესით არის ქართულში შემოსული და დამკვიდრებული საზოგადო სახელები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა“, – აღნიშნულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.