13 თებერვალი 2026

საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა იკრძალება

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში პირველი აპრილიდან  6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება.  “ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებითა და აზოტის ოქსიდებით დაბინძურების  შესამცირებლად” გამიზნული ღონისძიების შესახებ ინფრომაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

  • „მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, ბოლო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები იმისათვის, რომ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჰაერის ხარისხის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული ჩვენგანის, ასევე ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დროთა განმავლობაში გაახალგაზრდავდეს ავტოპარკი, შემოვიდეს ხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაფრქვევა იქნება ნაკლები და მათი მხრიდან ნაკლებად მოხდება ჰაერის დაბინძურება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.