პაპუაშვილი: ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!
ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს! ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჰელსინკის კომისიაში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით გააკეთა.
პაპუაშვილის აზრით, „ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და კომისიის რამდენიმე ლიდერი ამ დღის წესრიგს მიჰყვება“.
- „ეპშტეინის კუნძულის სკანდალის ფონზე, ვხედავთ, ერთი მეორის მიყოლებით მაღალი თანამდებობის პირების, დიპლომატების გადადგომებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში. როცა კრიტიკა იმ ადამიანებისგან გვესმის, რომლებიც ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი არიან, ერთადერთი პასუხი, რაც გვიჩნდება არის ის, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!
- ძალიან მძიმეა, რასაც ვუყურებთ. ეს უკვე ცივილიზაციური უფსკრული აღარ არის. ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა, ელიტის დიდი ნაწილი თუ ელიტის მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჩართული.
- ვნახეთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი სწორედ იმის გამო გადააყენეს, რომ მასაც რაღაც კონტაქტები ჰქონდა და მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული ადამიანი, ვინც ეპშტეინის ფაილებში იძებნება.
- ეს არის არა მხოლოდ ცივილიზაციური უფსკრული, რასაც ჩვენ ვაკვირდებით განსაკუთრებით ევროპაში, არამედ ეს უკვე ადამიანური უფსკრულია, საიდანაც შემდეგ გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით.
- ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რა განცხადებებს ელოდება ჰელსინკის კომისიის დღევანდელი ბრიფინგიდან “ქართული ოცნება”, პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა: “მაინტერესებს, როცა ჰელსინკის კომისიაში ლორა თორტონი გამოცხადდება, კვლავ გაიმეორებს თუ არა მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი სექსუალური მოძალადეა?”
შეგახსენებთ რომ, ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო.
