ბელგიის თავდაცვის მინისტრი: მოსკოვს მსოფლიო რუქიდან წავშლით!
ბელგიის თავდაცვის მინისტრის, თეო ფრანკენის განცხადებით, თუ რუსეთი ბრიუსელს თავს დაესხმება, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები „მოსკოვს მსოფლიო რუქიდან წაშლიან“.
კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთ დღეს ბრიუსელისკენ არაბირთვულ რაკეტას გაუშვებს, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა: „არა, რადგან ამ შემთხვევაში ის ნატო-ს გულს დაარტყამს და ჩვენ მოსკოვს მიწასთან გავასწორებთ“.
ამასთან, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ეჭვი გამოთქვა, რომ პუტინი ბრიუსელის მიმართულებით რაკეტის გაშვებას გაბედავს. მინისტრის თქმით, მას უფრო რუსეთის შესაძლო ჰიბრიდული ქმედებები აშფოთებს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეს კომენტარი ბელგიაში რუსეთის საელჩომ პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო განცხადებას შეაფასა.
- „ბელგიის თავდაცვის მინისტრის, თეო ფრანკენის, მუქარა „მოსკოვის რუკიდან წაშლის“ შესახებ სრულიად აღმაშფოთებელია, საფრთხეს უქმნის კონტინენტის მომავალს და შესაძლოა, ის ახალ ომში ჩაითრიოს”, ნათქვამია ბელგიაში რუსეთის საელჩოს Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში
