7 თებერვალი 2026

რომელ ძალოვან მინისტრამდე მივა კოტორაშვილის კვალი?

გავრცელებული ინფორმაციით, 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი კომპანია „ფინ”-ის 49 წლის მფლობელი კახა კოტორაშვილია.

შპს “ფინ“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 401953702 ) განთავსებულია თბილისში, თამარ მეფის 32-ში და წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შპს-ს საქმიანობის რეგისტრაცია არ იძებნება.

პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.