16 იანვარი 2026

პოლიციელის წინააღმდეგ ძალადობა- უდრის სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობას

ადამიანი, ვინც პოლიციელის წინააღმდეგ აღმართავს ხელს, სახელმწიფოს წინააღმდეგ სჩადის დანაშაულს. ეს არ არის მხოლოდ ერთ კონკრეტულ თანამდებობის პირზე ძალადობა – ეს არის თავდასხმა სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუციაზე, რომელიც დემოკრატიული წესრიგის დაცვისა და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის არსებობს.

პოლიციელი, როგორც საქართველოს კანონის „პოლიციის შესახებ“ (4 ოქტომბერი, 2013 წ.) 48-ე მუხლით არის განსაზღვრული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელს და მისი უსაფრთხოება დაცულია სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა ყველასთვის სავალდებულოა.

📌 კანონის თანახმად, პოლიციელისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა, ძალადობა ან სიცოცხლის, ჯანმრთელობის თუ ქონების ხელყოფა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლი პირდაპირ ადგენს პასუხისმგებლობას პოლიციელზე თავდასხმისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო. სწორედ კონკრეტული დისპოზიცია და სანქცია არის შესაბამისი მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, რომელიც ვერანაირად ვერ განიხილება როგორც უბრალო „ცემა“ (სსკ 120 ან 126-ე მუხლი).

ამ შემთხვევაში საქმე არ ეხება „ტკივილის გრძნობის შეგრძნებას“ ან „სახის აწითლებას“ – აქ დგას სახელმწიფოს ღირსების საკითხი. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ვერასოდეს ექნება პროტესტის გამოხატვის სტატუსი.

ძალადობა და პოლიციელზე ხელის აღმართვა ვერასოდეს იქნება აღქმული გამოხატვის თავისუფლებად. ეს არის კანონის, წესრიგის და მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც მსგავსი ქმედების ჩამდენ პირს ზოგიერთი შიდა თუ გარე პოლიტიკური ჯგუფი გმირად გვასაღებს , „საქართველოს დედად“ ან „ჟანა დარკად“ წარმოაჩენს, რეალურად ძალადობის ლეგიტიმაციის მცდელობაა.

ევროპის ყველა სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლები, რომლებიც საქართველოზე მკაცრად იცავს სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს: გერმანია (§113 StGB),საფრანგეთი (Code pénal, Art. 433-6, 433-7),იტალია (Codice Penale, Art. 336),ესპანეთი (Código Penal, Art. 550–556),დიდი ბრიტანეთი (Police Act 1996, s.89) და სხვა.

ყველგან, სადაც პოლიციელზე ძალადობა ხდება, ეს მიიჩნევა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევად და ისჯება მკაცრად – ხშირად თავისუფლების აღკვეთით რამდენიმე წლით.

პოლიციელის წინააღმდეგ ძალადობა უდრის სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობას.

ასეთი ქმედება ვერასოდეს გახდება ხუმრობის, შაყირის თუ პოლიტიკური სიმბოლიკის საგანი. ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელს აღმართავს, ის საჯარო წესრიგის მტრად უნდა იქნეს მიჩნეული და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ჟურნალისტი : გოჩა ნაჭყებია