22 აპრილი 2026

გამწარებული ბურჭულაძე ივანიშვილს 9მილიონ დოლარს სთხოვდა!

ყვარყვარე ბურჭულაძის უცნაური რევოლუცია

პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერი ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანად დამხობის დღედ გამოაცხადა. დიახ, ზუსტად ასე გამოაცხადა, ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთ მშვიდობიანადო. თურმე ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.
ყვარყვარე თუთაბერი, პოლიკარპე კაკაბაძის უკვდავი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი გახსოვთ, ხომ? რა თქმა უნდა, გახსოვთ, იგი ზუსტად ამ ტერმინოლოგიით ლაპარაკობდა. რაღა დაგიმალოთ და… ბატონი პოლიკარპე ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავის ნაწარმოებს უთუოდ პაატა ბურჭულაძის ცხოვრებასა და “მოღვაწეობაზე” ააგებდა.

იმაშიც გამოგიტყდებით, როცა მსოფლიო ბანის (ეგეც საკითხავია, რატომ ეძახიან ამ კაცს მსოფლიო ბანს, როცა რუსული ბანია?) ეს განცხადება მოვისმინე, ძალიან ბევრი ვიცინე და თან უფალს შევთხოვე, სიბერეში ასე არ გამომაიმასქნოს. არ დაიჯერებ, სიცილიდან ხითხითზე გადავედი, ცივი წყალი დავლიე, სლოკინი ამიტყდა, მეზობლები გამოვიდნენ, რა ხდება, ამდენი სიცილი ვის გაუგიაო. მეწყინა, სურათი ვაჩვენე, ახლა იმათ აუტყდათ სიცილ-ხითხითი, ახლა ისინი მყვანან გასაჩერებლები.
და მაინც, მოდი, ორიოდე წუთით დავსერიოზულდეთ და ვიკითხოთ: რის იმედი აქვს პაატა ბურჭულაძეს? როგორ უნდა დაამხოს ბიძინა ივანიშვილი მშვიდობიანად? განა მშვიდობიანი დამხობა მსოფლიო ისტორიას ახსოვს? ეს რა ახალი ფენომენია? საიდან გაჩნდა მის თავში ასეთი იდეა? ეს კაცი აქამდე ამბობდა, სექტემბერში არჩევნები უნდა ჩავატაროთ ტელეფონებითო. კარგახანს ილაპარაკა და ახლა გაჩერდა, როგორც ჩანს, შინაურებმა უთხრეს, დაყენდი, ეგ სისულელეაო. მერე მესამე რესპუბლიკის იდეა აიკვიატა, ამ იდეას ფესვები საფრანგეთში აქვს და ეს იყო გასულ საუკუნეებში, ძალიანაც რომ გინდოდეს, საქართველოსთან ვერ დააკავშირებ. სულ ვფიქრობდი, ამან მესამე რესპუბლიკის ამბავი საიდან მოიტანა, ვინ ჩააწოდა-მეთქი? გავიკითხ-გამოვიკითხე, გადავქექე, გადმოვქექე და ნიკა გილაურს ჰქონია “ნაშრომი” მაგ თემაზე, საქართველოს ხსნა მესამე რესპუბლიკის იდეაშიაო. კაცო, საფრანგეთში მესამე რესპუბლიკა შეიქმნა 1871 წელს, როცა გერმანელების საზავო პირობებს დათანხმდნენ, ანუ გერმანელებს ჩაბარდნენ. მანამდე არსებობდა საფრანგეთის იმპერია. ამოცანა გვეკითხება: ბურჭულაძე-გილაურის “გეგმის” თანახმად, ჩვენ ვის უნდა ჩავბარდეთ და რატომ უნდა ჩავბარდეთ? ხოხ, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ზავის პირობებს დავთანხმდეთ? – არასოდეს!
მოკლედ, პაატა ბურჭულაძე ატეხილია, ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბერს მშვიდობიანად უნდა დავამხოთო, მას აქვს იმედი, რომ ქუჩაში მინიმუმ, მილიონი ადამიანი გამოვა და ეს იქნება დიდი წერტილი. კი, მაგრამ ამ კაცს გარეთ 16 ადამიანი ვეღარ გამოუყვანია,

მილიონი საიდან? არ ვიცი, გეთაყვა, თვითონ რომ გამწარებულია კაი მსუყე “ბიზნესის” დაკარგვის გამო და იმის გამოც, რომ ბიძინა ივანიშვილმა 9 მილიონი აშშ დოლარი არ მისცა, ფულის წამოსაღებად გაგზავნილი ცოლი უკან გამოუბრუნა, ჰგონია, ყველა მაგისნაირად არი გამწარებული და ჭკუიდან გადასული. არადა, ავი ენები ამბობენ, თავიდან ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობაც კი შესთავაზა, მხარში ამომიდექი, ქვეყანა ფეხზე დავაყენოთო, ამაში 9 მილიონი დოლარი მოითხოვა. მე მგონი, კიდევ ერთ დიდ შარსა და ხათაბალას ვართ გადარჩენილები… არა, ნეტავ, მარგველაშვილზე და სალომე ბაბოზე მეტი რაღა უნდა გაეფუჭებინა, მაგრამ მაინც.
ვნახოთ, დაველოდოთ, ორი თვეღა დარჩა, ამ დროში ბატონი პაატა კიდევ ბევრ იდეას “გააჟღერებს”, ზოგს გილაური ჩააწვდის, ზოგს კეზერაშვილი, ზოგს კიდევ ზემოდან ეტყვიან ძილის დროს. სხვათა შორის, ოპოზიციონერთა ერთ ნაწილს (ლიაკა ხოშტარია, ნიკუტა გვარამია და სხვები) არ მოსწონს ბურჭულაძის იდეა 4 ოქტომბრის თაობაზე, თარიღის წინასწარ დადგენა როგორ შეიძლებაო? იქნებ, ბიძინა ივანიშვილს მანამდე ვამხობთო? იქნებ, რამდენიმე დღე გადაგვიცდესო? საქართველოს მოსახლეობას ცრუ იმედები რატომ უნდა გავუჩინოთო? არა, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად დავამხობთ,

მაგრამ ეს შეიძლება აგვისტოში მოხდეს, შეიძლება სექტემბერში, შეიძლება ოქტომბერში, თარიღს ნუ ასახელებთო. იცით, ბაატა ბურჭულაძე რომ თავის ჩვეულ სტილში იბრძვის, გასაგებია, ეგ ცოტა ხანში თავს რობესპიერად გამოაცხადებს, მაგრამ დანარჩენები ასე ერთნაირად და ერთდროულად რანაირად გამოიმასქნდნენ? აი, ამაშია საქმე!

“საერთო გაზეთი”

გელა ზედელაშვილი