14 თებერვალი 2025

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული: ჩემი გიტარა მენატრება

ჩემი გიტარა მენატრება, – ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა 21 წლის მათე დევიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს.

იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას”,– განაცხადა დევიძემ.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში ედებოდა ბრალი, თუმცა, მას მუხლი შეუცვალეს და გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.