უწმინდესის მინიშნება: მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს!
მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი,– ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
- „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა.
- ყოველი ადამიანი – დიდი თუ პატარა – უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს!
- ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით… ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული.
- მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი.
- თქვენთვის მლოცველი, ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“,- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.