7 დეკემბერი 2024

ნათელა თურნავა: ქართული სასამართლოს გარეშე საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება!

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათელა თურნავას ბრძანებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაეშვა.

ბრძანების თანახმად საერთაშორისო  სანქციები არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე  გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.

შესაბამისად, ამერიკული სანქციები არ ვრცელდება   ყოფილ მთავარ პროკურორ  და „ (ჟ)ოპოზიციის მიერ დადასტურებულად ცნობილ „ФСБ -ს აგენტ“ ფარცხალაძეზე.

  • „ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
  • საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.