პატრიარქი: არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება!
“რაჭაში ახლახანს მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,” – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.
- “შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი, ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.
- ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს.
- აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე. ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს.
მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო:
- „რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე“.
ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.