კობახიძე: 7-8 მარტს დადასტურდა, რომ პოლიციელი გმირია!
რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყველა შესაბამისი ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა – 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით – ევროპა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
- „მოძალადეები, რომლებიც დანაშაულს ჩადიოდნენ, არიან დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ ასევე არიან თქვენი, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლნი. „სირცხვილია“ – ლიბერალურ ფაშისტური ორგანიზაცია, „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული დანაყოფი, „ფრანკლინის კლუბი“ და ა.შ. ლიბერალურ- ფაშისტური ორგანიზაციები თქვენი მხრიდან იმართებიან და თქვენ აქეზებთ ამ ადამიანებს ძალადობისკენ. შესაბამისად, ეს ადამიანები, რომლებიც 7-8 მარტს ძალადობაში მონაწილეობდნენ, არიან თქვენი, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლნი.
- 19 აპრილს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში. მაშინვე ვამბობდით, რომ შეთანხმება და ეს პუნქტი არ მოგვწონდა და ამ ჩანაწერს ექნებოდა ანტიპრევენციული ეფექტი, წაახალისებდა მოგვიანებით იგივე დანაშაულს და ეს მოხდა – გათავისუფლდნენ დამნაშავეები და ამან წაახალისა პარლამენტში კიდევ ერთხელ შეჭრის მცდელობა. არასდროს აღარ მოხდება ისეთი შეთანხმების ხელმოწერა, როგორიც 19 აპრილის შეთანხმება იყო. ეს არის მკაფიო პოზიცია და ამას ბოლომდე დავიცავთ.
- მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს. მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყველა შესაბამისი ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა, არა მარტო პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად და სათანადო წესების დაცვით. ეს პირადად ვახტანგ გომელაურის დამსახურებაა და მადლობა მას. მადლობა ასევე, თითოეულ პოლიციელს. 7-8 მარტს დადასტურდა, რომ პოლიციელი გმირია და ქართველი პოლიციელი მოქმედებს იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც კლასიკური ევროპისთვისაა დამახასიათებელი.
- 2012 წლამდე არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და დემონსტრანტები. მაშინ ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე. მაშინ დემონსტრანტები ევროპულად იქცეოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის სპეცრაზმი კი არაევროპულად იქცეოდა.
- მაშინ ევროპა იყო მომიტინგეების და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარეს. 7-8 მარტს პირიქით იყო – ევროპა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელის მხარეს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს.
- აქედან ჩანს პრინციპული სხვაობა წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის; მაშინდელ პოლიციელს და დღევანდელ პოლიციელს შორის. მადლობა თითოეულ პოლიციელს ევროპული სახის ჩვენებისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა ვახტანგ გომელაურს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.