7 დეკემბერი 2024

გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს!

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” ვრცელ განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის კრიტიკის ობიექტი კვლავ “ქართლის დედის” როლში ღრმად შეჭრილი ამერიკელი დედაკაცი, ელჩი დეგნანია.

კერძოდ,მოძრაობა ყურადღებას ამახვილებს ელჩ დეგნანის უდიერ დამოკიდებულებაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ასევე აღწერს ქართული ფსევდო ელიტის ქართული საზოგადოების “დესამშობლოიზაციის” მცდელობას და მათ ბოლშევიკებს ადარებს.

– “დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს.
ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არა აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი. პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ”

…”არსებობს ცნობილი „ოვერტონის მეთოდი“, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, საზოგადოებისთვის თუნდაც რადიკალურად მიუღებელი იდეა ჯერ მის ყურს შეგიძლია შეაჩვიო, შემდეგ ასატანის, ხოლო მოგვიანებით – მისაღების კატეგორიაში შეგიძლია გადაიტანო, ბოლოს კი, ის არათუ მოსაწონ და პოპულარულ იდეად შეგიძლია აქციო, არამედ ნებისმიერი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, საღი აზრის მტრადაც კი შეგიძლია გამოაცხადო.

სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ცდილობენ ე.წ. ლიბერალები მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში ისეთი იდეების აგრესიულად დანერგვას, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა და სხვ.

…და ეს ყველაფერი ხდება პროგრესულობის სახელით, ყველა იმ ადამიანს კი, რომელიც ამ აგრესიულ კამპანიას უპირისპირდება, მყისიერად პროგრესის მტრისა და ჩამორჩენილის იარლიყს აწებებენ. ამგვარი მიდგომა საწინააღმდეგო აზრისა და ოპონენტის მიმართ, ზოგადად, ნებისმიერ რადიკალურ იდეოლოგიას ახასიათებს. ასე მოქმედებდნენ ბოლშევიკებიც, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში, საკმაოდ დიდი წარმატებით, თავს პროგრესულ კასტად, ხოლო ოპონენტებს რეგრესულად მოაზროვნე ადამიანებად ასაღებდნენ.

საუკუნის წინ, მათ მოახერხეს და საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაში გიგლა ბერბიჭაშვილი პროგრესულად მოაზროვნე, ხოლო ილია ჭავჭავაძე რეგრესულად მოაზროვნე ქართველად წარმოაჩინეს.
როგორც ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ელიტა. სწორედ ეს ფსევდოელიტა, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ინტელექტთან და ჭეშმარიტ განათლებასთან, დგას დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის ავანგარდში, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების სრულად დაცლაა.

ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგი და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული.

აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება.”- ნათქვამია განცხადებაში.