2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე!
დღეს კიდევ ერთხელ გვსურს შევაჯამოთ საქართველოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა:
- საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ. – სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან;
- გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის – გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები.
- 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა – 2012 წლამდე ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან.
- გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც.
- სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“, „სირცხვილიასთან“ და „დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა.
- „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.
- „ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია – კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან.
- რაც შეეხება რუსულ ფაქტორს: სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს.
ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი!
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი. 14.03.2023წ.