საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ორმოდან ამოყვანილი გონიერი ქართველი არასდროს ღალატობს ამომყვანს! – თბილისი 24
14 ივნისი 2024

ორმოდან ამოყვანილი გონიერი ქართველი არასდროს ღალატობს ამომყვანს!

დიდი სულთანი სტუმრად ჩამოსულ ელჩს საკუთარ კარ-მიდამოს ათვალიერებინებს. ბოლოს წაიყვანს იქ სადაც მოთავსებული ჰყავს ტყვეები.

ელჩი დაინახავს მის წინ ორი უზარმაზარი ორმოა, ერთი საიმედოდ დახურულია, ხოლო მეორე ღიაა.

ღია ორმოში საშინელი გნიასი, ჩხუბი, ყაყანი და გოდება ისმის; დახურულ ორმოში ერთი შეხედვით სიმშვიდეა, მაგრამ ოდნავ ყურს თუ დაუგდებ უამრავი ადამიანის შეხმატკბილებულ ჩურჩულს გაიგონებ.

ელჩი დაინტერესდა ორმოებში მოთავსებული ადამიანებით. სულთანმა დახურული ორმოსკენ მიუთითა.

– აი აქ, მსოფლიოს სხვადასხვა რჯურის ადამიანია მოთავსებული. ისინი მორიგდნენ და ყოველდღე გაქცევის გეგმას ადგენენ. სანამ დავხურავდი ერთმანეთს ეხმარებოდნენ ჯერ ზედაპირზე აძრომაში და შემდეგ მაღლა. სამშვიდობოს ასული სხვებს ეხმარებოდა ორმოდან ამოსვლაში. მოკლედ, ძალიან შემაწუხეს და საიმედოდ მოვხუფე, მაგრამ ვიცი დროს ელოდებიან და რაღაც მზაკვრული გეგმა აქვთ ჩაფიქრებული, რომ გაიქცნენ.

ელჩმა თვალებით მეორე ღია ორმოსკენ გაიხედა, საიდანაც ისეთი ხმები ამოდიოდა, აშკარად იგრძნობოდა საშინელი ქაოსი სუფევდა.

სულთანმა მშვიდად მიუგო – ოო, ეგ თავისებური ხალხია, ქართველებს ეძახიან თავიანთ თავს. უმეტესობას მოხუფულ ორმოში მყოფ ხალხზე მეტი ჭკუა და მარიფათი გააჩნია. საკმაო ტალანტითაც დააჯილდოვა განგებამ. ცოტა თავისებური ხალხია და არაპროგნოზირებადი, უმიზეზოდ იციან სიმღერა, ცეკვა და ასეთივე მოულოდნელად ისეთ უაზრობაზე ატეხავენ ჩხუბს, მთელ სასულთნოს ეცინება.
ელჩს გაუკვირდა და ჩაეკითხა:

– კი მაგრამ, თუ ასეთი საზრიანები არიან, მაშინ რატომ არ გარბიან?

სულთანს ირონიულად გაეღიმა და მშვიდად მიუგო:

– მათ აქვთ ერთი ძალიან ცუდი თვისება: ერთმანეთის გატანა არ შეუძლიათ, როგორც კი ვინმე გონიერი გამოერევა და ცდილობს აუხსნას გაქცევის გზები, დანარჩენები მის განადგურებას ცდილობენ, თუმცა ხეირიანად ვერც კი ხვდებიან, რატომ ებრძვიან მას, ვინც გადარჩენის გზა შესთავაზა.

– გონიერი მარტო რომ გაიქცეს? იკითხა ელჩმა.

ვერ გაიქცევა! თუკი შეამჩნიეს სხვებმა რომ მაღლა ცდილობს აძრომას, მიცვივდებიან და ჩამოაგდებენ, გადაუვლიან და გათელავენ. მეორე დღეს კიდევ მოთქვამენ – გვეშველება რამე?!… გვეშველება რამე?!… თქვა სულთანმა და გადაიხარხარა.

ელჩი შეიშმუშნა და დანანებით ჩაიბურტყუნა – ეგ ერი საზრიანი არ ყოფილა…

– ცდები, ჩემო კეთილო მეგობარი. ეგ ერი ძალიან საშიშია, თუ ვინმე გონიერმა მოახერხა მათი გაერთიანება. ამიტომ ორმოში როგორც კი გამოჩნდება მაგდაგვარი ადამიანი, სასწრაფოდ ამომყავს ორმოდან და ჩემს სამსახურში შემყავს.

– კი, მაგრამ, რომ გიღალატოს და თავისი ერის გადარჩენა გადაწყვიტოს? შეაწყვეტინა გაკვირვებულმა ელჩმა-სულთანმა კვლავ ირონიულად გახედა:

-ორმოდან ამოყვანილი გონიერი ქართველი არასდროს ღალატობს ამომყვანს, ის მისი ერთგული რჩება სიცოცხლის ბოლომდე. ხოლო თავის ერს, რომელმაც ზურგი შეაქცია და ხელს უშლიდა ორმოდან ამოსვლაში, ჩვენზე ცუდად ექცევა.
– მაგათ ქვეყანაშიც ეგრეა? -თავისთავად. სწორედ მანდ ვაგზავნით ორმოდან ამოყვანილ ქართველებს სამართავად. უთხრა სულთანმა და ეშმაკურად გაიღიმა.

ირაკლი ანთიძე, ფეისბუკი.