საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ღარიბაშვილი: გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ! – თბილისი 24
29 თებერვალი 2024

ღარიბაშვილი: გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ!

ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას – მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

  • „გადავწყვიტეთ და საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, კერძოდ, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადზე, ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მლრდ ლარი იქნება ბანკების მოგება წელს.
  • ამას გარდა, ჩვენი ინიციატივით, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვარაუდობთ 2024 წლიდან. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა.
  • ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული საბანკო სისტემა გვაქვს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში.
  • ასევე, დამატებით სამი წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის“,- განაცხადა  პრემიერმა.

დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, ამიტომ ბანკებს ამ ეტაპისთვის საშეღავათო მოდელის გამოყენება არ სჭირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ აღარ გადადის ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე.