6 დეკემბერი 2024

ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი ჩვენი ქვეყნისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარდგა. მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მინისტრმა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის უდიდესს ღვაწლს გაუსვა ხაზი და მას ” ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი” უწოდა.

  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეის, კონცეფციისა და განვითარების სტრატეგიის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ადამიანის და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად დაფუძნდა საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტი. ეს გახლავთ უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვისა და მთელი ქვეყნისთვის.
  • როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უამრავი სხვა საქველმოქმედო პროექტის განხორციელებით თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს, რომელსაც ჩვენი იდენტობა ემყარებასწორედ ამიტომ, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის ერისკაცი ჩვენი ქვეყნისთვის.
  • ამაყი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების განვითარების საქმეში.
  • კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო – მკურნალობისა და კვლევის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის ანალოგი რეგიონში საერთოდ არ არის. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი აკადემიური და სამეცნიერო ჰაბი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უკვე გადაიყვანა განვითარების ახალ ორბიტაზე.
  • ისეთი მასშტაბური, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, როგორებიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ბევრი უნდა ვისაუბროთ. ეს ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით საამაყოა“, – განაცხადა მინისტრმა.