11 ნოემბერი 2026

ევროპული დემოკრატია თუ ახალი წევრები მეორე ხარისხის უფლებებით?

Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის მკაცრი კონტროლის მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორის, წევრობის პირველი 15 წლის განმავლობაში, გარკვეულ შემთხვევებში, ქვეყნისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობას. მონტენეგრო კი ამ ახალი პოლიტიკის პირველი გამოცდა ხდება.


და აი, აქ ჩნდება ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, შემაშფოთებელი კითხვა: რა ტიპის კავშირში გიწვევენ, თუ იქ შესვლის შემდეგაც კი სრულუფლებიანი წევრი არ იქნები?


წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელიც ახალი წევრის მიღებას თანხმდება, მაგრამ წინასწარ აფრთხილებს: შეგიძლია ჩვენს სახლში იცხოვრო, ისარგებლო საერთო სიკეთეებით, დაემორჩილო ჩვენს წესებს, გაიზიარო ჩვენი ვალდებულებები, გადაიხადო საერთო ხარჯები, მაგრამ როდესაც ოჯახის მომავალზე გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა, შენი აზრი შეიძლება საერთოდ არ გავითვალისწინოთ.
შენ იქნები ამ ოჯახის წევრი, მაგრამ არა თანასწორი წევრი. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება იქმნება ევროკავშირის ახალი ინიციატივით.


ეს უკვე აღარ არის მხოლოდ გაფართოების პოლიტიკა. ეს არის თანასწორობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური ღირსების საკითხი.


ბრიუსელის არგუმენტი გასაგებია: ევროკავშირს აღარ სურს განმეორდეს უნგრეთის მაგალითი, როდესაც ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებებს საკუთარი ვეტოს უფლებით ბლოკავდა.
მაგრამ აქვე ჩნდება მეორე კითხვა: თუ ევროკავშირის არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმები არასაკმარისია, რატომ უნდა გახდნენ ამ პრობლემის გამოსწორების ექსპერიმენტის ობიექტები მხოლოდ ახალი წევრები?


რატომ არ უნდა გავრცელდეს იგივე განსაკუთრებული რეჟიმი უკვე არსებულ წევრ სახელმწიფოებზეც?
ევროკავშირის ამჟამინდელი 27 წევრისთვის მოქმედებს საერთო ხელშეკრულებები და მათ შორის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლიც, რომელიც ფუნდამენტური ღირებულებების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში გარკვეული წევრული უფლებების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
მაგრამ ახალი წევრებისთვის ახლა დამატებითი, უფრო სწრაფი და განსხვავებული მექანიზმის შექმნა განიხილება.
გამოდის, ძველი წევრები საერთო წესებით ცხოვრობენ, ახალ წევრებს კი წინასწარ განსაკუთრებული შეზღუდვების რეჟიმს უწესებენ.


ეს უკვე ორსაფეხურიანი წევრობის რეალურ საფრთხეს ქმნის.
• ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი წევრი სახელმწიფოების თანასწორობას აღიარებს ხელშეკრულებების წინაშე.
• მე-10 მუხლი კი ევროპული დემოკრატიის წარმომადგენლობით პრინციპს ეფუძნება.
• მე-16 მუხლის თანახმად, ევროკავშირის საბჭოში წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებაში.
მონტენეგრო წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპული ინტეგრაციისთვის, ატარებდა რეფორმებს, ცვლიდა კანონმდებლობას, ხარჯავდა ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ რესურსებს და ახლა, როდესაც მიზანთან ყველაზე ახლოს მივიდა, ეუბნებიან: პირობები შეიცვალა, მიიღე ან წადი.
ეს არის პარტნიორობა?
თუ ეს არის ძლიერი მხარის მიერ სუსტი მხარისთვის პირობების კარნახი?


ევროკავშირს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, განსაზღვროს გაწევრიანების პირობები,მაგრამ სამართლებრივი უფლება ყოველთვის არ ნიშნავს პოლიტიკურ სამართლიანობას.
როდესაც კანდიდატ ქვეყანას რეალური არჩევანის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ აქვს, ფორმალური თანხმობა ავტომატურად ვერ ჩაითვლება თანასწორი მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ შეთანხმებად.
თუ ახალ წევრს ეუბნები, რომ შენთან ერთად საერთო წესები უნდა დაიცვას, მაგრამ საერთო გადაწყვეტილებებზე მისი გავლენა შეიძლება 15 წლის განმავლობაში შეზღუდული იყოს, მაშინ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რაში მდგომარეობს ამ კავშირის თანასწორობა?


დემოკრატია მხოლოდ ბრიუსელის დირექტივების შესრულება არ არის!


ევროკავშირი წლების განმავლობაში კანდიდატ ქვეყნებს მოუწოდებდა, გაეძლიერებინათ დემოკრატია, დაეცვათ კანონის უზენაესობა, განემტკიცებინათ ინსტიტუტები და უზრუნველეყოთ პოლიტიკური პლურალიზმი.
ეს მოთხოვნები სამართლიანია.


• მაგრამ დემოკრატია მხოლოდ ის არ არის, რომ პატარა ქვეყანამ დიდი პოლიტიკური ცენტრის მიერ დაწერილი წესები უსიტყვოდ მიიღოს
• დემოკრატია გულისხმობს თანასწორობას, პოლიტიკური ნების პატივისცემას, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას და უფლებების დაცვას.


თუ ევროკავშირი საკუთარი პოლიტიკური სისტემის პრობლემებს მხოლოდ ახალი წევრებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებით ცდილობს, ეს კითხვებს აჩენს არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში, არამედ თავად ევროკავშირის დემოკრატიულ მომავალზეც.
მით უფრო, რომ ევროკავშირის ახალი წევრი არ უნდა განიხილებოდეს როგორც მუდმივი ეჭვმიტანილი, რომელსაც ჯერ კიდევ 15 წლის განმავლობაში მოუწევს დაამტკიცოს, რომ თანასწორი წევრობის ღირსია.

ღირს კი ასეთ კავშირში გაწევრიანებაზე ფიქრი?


ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არ უნდა განისაზღვრებოდეს არც რუსეთთან დაპირისპირების შიშით და არც ბრიუსელის პოლიტიკური მოთხოვნების ბრმა მორჩილებით.
ევროპულ ინტეგრაციას აქვს საკუთარი გარკვეული რეალური ეკონომიკური, სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური უპირატესობები, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი ეკარგება, თუ საბოლოო მიზანი სრულუფლებიანი წევრობა კი არა, მეორე ხარისხის წევრის სტატუსი აღმოჩნდება.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ პასუხი მარტივ კითხვებზე:
• გვექნება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ყველა სხვა წევრის თანაბარი პოლიტიკური უფლებები?
• რა გარანტია იარსებებს, რომ ხმის მიცემის უფლების შეჩერება პოლიტიკური ზეწოლის იარაღად არ გადაიქცევა?
• ვინ განსაზღვრავს, როდის და რა საფუძვლით დაირღვა ევროპული ღირებულებები – ცალტვინა ბალტიისპირელი ლიდერები ?
• რა დამოუკიდებელი სამართლებრივი კონტროლი შეიზღუდავს თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას?
• რატომ უნდა მიიღოს ახალმა წევრმა ისეთი შეზღუდვები, რომლებიც უკვე არსებულ წევრებს ამ ფორმით არ ეკისრებათ?


ეს არ არის კრემლიდან ნაკარნახევი, ანტიევროპული კითხვები, პირიქით, ეს არის ევროპული დემოკრატიისადმი სერიოზული დამოკიდებულების გამოხატულება.
ევროპული არჩევანი არ ნიშნავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების შესახებ კითხვების აკრძალვას.


ევროკავშირს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი ღირებულებები, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, ამ ღირებულებების დაცვის სახელით შექმნას ისეთი სისტემა, სადაც ზოგი წევრი სრულუფლებიანია, ზოგი კი პირობითად უფლებამოსილი.
• თუ ახალი წევრი ვალდებულია შეასრულოს ყველა საერთო ვალდებულება, მაგრამ არ აქვს გარანტირებული თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობა, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.
• თუ კანდიდატ ქვეყანას ეუბნებიან, რომ ან მიიღებს მისთვის წინასწარ დაწესებულ განსაკუთრებულ შეზღუდვებს, ან დაკარგავს ევროპული ინტეგრაციის შანსს, ეს პარტნიორობის იდეას აზიანებს.

რა აზრი აქვს ისეთ ოჯახში გაწევრიანებას, სადაც შესვლისას გეუბნებიან, რომ ოჯახის წევრი იქნები, მაგრამ ოჯახის გადაწყვეტილებებში შენი ხმა შეიძლება 15 წლის განმავლობაში არ ისმოდეს?


განა დემოკრატია სწორედ ის არ არის, რომ პატარა და დიდი, ძლიერი და სუსტი, ძველი და ახალი წევრი კანონის წინაშე თანასწორი იყოს?
ევროპა უნდა იყოს თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლის სივრცე და არა დახურული პოლიტიკური კლუბი, სადაც ძველ წევრებს სრული უფლებები აქვთ, ახალ წევრებს კი ჯერ კიდევ წლების განმავლობაში უწევთ საკუთარი სრულფასოვნების დამტკიცება და თუ ევროპული არჩევანი გვინდა, უნდა გვინდოდეს არა ნებისმიერი ფასით, არამედ ისეთი ევროპა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები თანასწორები იქნებიან და არა მეორე ხარისხის წევრების სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები.