როცა ამბიონი პოლიტიკურ ტრიბუნად იქცევა – ეკლესია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, საკუთარ ძალაუფლებაზე რატომ დუმს?
მიტროპოლიტი იობი ხელისუფლებას ურწმუნოსა და არაეკლესიურს უწოდებს, მის შესაძლებლობებს ამოწურულად აცხადებს და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. მაგრამ სანამ მეუფე ქვეყნის ხელისუფლებას სულიერ ანგარიშს სთხოვს, იქნებ ჯერ საკუთარ ეკლესიას, საკუთარ იერარქიასა და საკუთარ პასუხისმგებლობას შეხედოს?
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიცია იყოს. სასულიერო პირს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება გამოთქვას აზრი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, გააკრიტიკოს კორუფცია, სოციალური უსამართლობა, სიღარიბე და ხელისუფლების შეცდომები.
მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა: სად მთავრდება მღვდელმთავრის მორალური პასუხისმგებლობა და სად იწყება პოლიტიკური აგიტაცია?
აქვს თუ არა ეკლესიას უფლება, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას მოითხოვდეს მაშინ, როდესაც თავად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს და ხელისუფლების შეცვლის საკითხზე პრაქტიკულად პოლიტიკური აქტორის პოზიციას იკავებს?
2002 წელს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლი პირდაპირ ადგენს:
- „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.“
ეს ჩანაწერი დეკორაცია არ არის. იგი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ფუნდამენტურ პრინციპს განსაზღვრავს.
სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის დოგმატურ, კანონიკურ და შიდა მმართველობის საკითხებში. მაგრამ ეკლესიაც არ უნდა იქცეს პოლიტიკურ ინსტიტუტად, რომელიც ხელისუფლების ფორმირებას, შეცვლას ან პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას საკუთარი სულიერი ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობს.
სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი არ ნიშნავს ეკლესიის დევნას, ისევე როგორც ეკლესიის პატივისცემა არ ნიშნავს მისთვის სახელმწიფოებრივი ძალაუფლების მინიჭებას.
ეკლესიას აქვს ქადაგების, საზოგადოების მორალური შეფასების, უსამართლობის მხილების და ხელისუფლების კრიტიკის უფლება. მაგრამ როდესაც სასულიერო იერარქი საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას არაეკლესიურად აცხადებს და პოლიტიკური პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს, იგი უკვე იმ ზღვარს უახლოვდება, რომლის გადაკვეთაც ეკლესიის სულიერ მისიას პოლიტიკურ საქმიანობასთან აპირისპირებს.
ურთიერთდამოუკიდებლობა ცალმხრივი პრივილეგია არ არის!
თუ ხელისუფლებას ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, ეკლესიასაც არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური პროცესების მართვის პრეტენზია.
მეუფე იობის “განცხადებაში“ საუბრობს ეკლესიის სახელმწიფოზე დამოკიდებულებაზე, სახელმწიფო დაფინანსების გაუმჭვირვალობაზე, სასულიერო პირების მატერიალურ კომფორტზე, კორუფციაზე, ნარკომანიაზე, ლუდომანიაზე, ახალგაზრდების ემიგრაციაზე, დემოგრაფიულ პრობლემებსა და ეკონომიკურ უთანასწორობაზე.
ეს პრობლემები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. მაგრამ უცნაურია, როდესაც სასულიერო იერარქი ხელისუფლებასთან ეკლესიის შერწყმას აკრიტიკებს და ამავე დროს თავად გამოდის ისეთი პოლიტიკური მოწოდებებით, რომლებიც ეკლესიას ხელისუფლების შეცვლის საკითხში აქტიურ მხარედ წარმოაჩენს.
მეუფე აცხადებს, რომ ეკლესია ხელისუფლებაზე დამოკიდებული გახდა, რომ სასულიერო პირები კომფორტს მიეჩვივნენ და სიმართლის თქმას ვეღარ ბედავენ.
- კარგი, მაგრამ მაშინ სად იყო ეს სიმართლე მაშინ, როდესაც ეკლესიის შიგნით მსგავსი პრობლემები გროვდებოდა?
- რატომ უნდა ველოდოთ, რომ სასულიერო იერარქია მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდება დამოუკიდებელი?
- რატომ არ იწყება ეკლესიის განახლება საკუთარი წიაღიდან?
- თუ ეკლესია კასტად ჩამოყალიბდა, როგორც თავად მეუფე აცხადებს, განა ეს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა?
- განა ამ კასტის ჩამოყალიბებაში ეკლესიის შიდა მმართველობას, ფინანსურ სისტემასა და იერარქიულ სტრუქტურას არ ეკისრება პასუხისმგებლობა?
ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეკლესიის შიდა პრობლემები თავისით არ გაქრება.
მეუფე იობი ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს და ამბობს, რომ მრევლმა უნდა იცოდეს, სად იხარჯება თითოეული თეთრი. ეს სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: რატომ უნდა შემოიფარგლოს გამჭვირვალობა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით?
საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ იმართება ეკლესიის ფინანსები, როგორ ნაწილდება შემოწირულობები, რა პრინციპით იხარჯება თანხები, ვის ეკისრება კონტროლი და არსებობს თუ არა დამოუკიდებელი აუდიტის მექანიზმი.
- თუ სასულიერო პირები მრევლს სიღარიბის მოთმენისკენ მოუწოდებენ, თავად კი ფუფუნებაში ცხოვრობენ, ეს მხოლოდ მორალური შეუსაბამობა არ არის – ეს ნდობის კრიზისია.
- თუ მრევლს მსხვერპლის გაღებას სთხოვენ, ეკლესიამაც უნდა აჩვენოს, რომ თავად არ ცხოვრობს იმ პრინციპებით, რომლებსაც სხვებს უქადაგებს.
- და კიდევ ერთი: ეკლესიის ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნა ხელისუფლების პოლიტიკური ცვლილების მოთხოვნის საფუძვლად რატომ უნდა იქცეს?
ფინანსური ანგარიშვალდებულება დამოუკიდებელი ინსტიტუციური საკითხია და არა პოლიტიკური ბრძოლის იარაღი.
მეუფე იობი საუბრობს სასულიერო პირებზე, რომლებიც თანამდებობის პირებს დაემსგავსნენ, კომფორტს მიეჩვივნენ და მრევლისგან დაშორდნენ. ეს სიტყვები მძიმეა. თუმცა, თუ ისინი სიმართლეს ასახავს, მაშინ კიდევ უფრო მძიმეა კითხვა: ვინ უნდა აგოს პასუხი ამ მდგომარეობაზე?
- ეკლესიის შიდა მმართველობა ხომ თავად ეკლესიის პასუხისმგებლობაა?
- რატომ არ არსებობს საზოგადოებისათვის გასაგები ფინანსური ანგარიშგების სისტემა?
- რატომ არ არის საჯაროდ განხილული იერარქიული პასუხისმგებლობის მექანიზმები?
- რატომ რჩება ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი დახურულ კარს მიღმა?
როდესაც ხელისუფლება შეცდომას უშვებს, მას არჩევნებით ცვლიან, აკრიტიკებენ, ჟურნალისტები იძიებენ მის საქმიანობას და საზოგადოება ანგარიშს სთხოვს.
მაგრამ ეკლესიის შემთხვევაში ვინ ახორციელებს ასეთ კონტროლს?
ეკლესიის ავტორიტეტი არ უნდა იქცეს კრიტიკისგან დამცავ ფარად. სულიერი ავტორიტეტი არ ნიშნავს ანგარიშვალდებულებისგან გათავისუფლებას.
თუ ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას ითხოვს, მან საზოგადოებასაც უნდა დაუმტკიცოს, რომ დამოუკიდებლობა თვითნებობისა და უკონტროლობის სინონიმი არ არის.
განსაკუთრებით საინტერესოა მეუფე იობის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრობაც.
საზოგადოებაში არსებობს კითხვები მის ადრინდელ პოზიციებთან დაკავშირებით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით. დღეს კი მეუფე უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაძლებლობების ამოწურვაზე საუბრობს და მისი შეცვლის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ცხადია, პოლიტიკურ პოზიციას შეცვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს თავისთავად დანაშაული ან მორალური გადაცდომა არ არის.
მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება იკითხოს: რა არის ამ პოზიციების ცვლილების საფუძველი? რა პრინციპი აერთიანებს ამ განცხადებებს? სად გადის ზღვარი პოლიტიკურ სიმპათიებსა და სულიერ პასუხისმგებლობას შორის?
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიტროპოლიტის ეპარქიის გარშემო საზოგადოებრივ სივრცეში სხვადასხვა მძიმე ბრალდება და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული კითხვები ფიგურირებს.
მათ შორის, გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია სროლებთან და სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებულ დავებსა და ბრალდებებზე.
აქ აუცილებელია სამართლებრივი სიზუსტე: ბრალდება გამამტყუნებელი განაჩენი არ არის და კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურით შეიძლება დადგინდეს.
თუმცა ეს გარემოება საზოგადოებას კითხვების დასმის უფლებას ვერ წაართმევს.
თუ მეუფე ხელისუფლებისგან გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს, თავადაც მზად უნდა იყოს საზოგადოებრივი კითხვებისთვის.
მით უფრო მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური განცხადებები იმ ძალების ინტერესებთან თანხვედრაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომელთა მიმართაც თავად ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობების გამო საზოგადოებაში პოლარიზაცია არსებობს.
მეუფე იობის განცხადებების კიდევ ერთი პრობლემური ნაწილი ეთნიკურ და დემოგრაფიულ საკითხებს ეხება.
იგი საუბრობს იმაზე, რომ ქართველები შესაძლოა უმცირესობაში აღმოჩნდნენ, რომ ქვეყანაში „სხვა ტომის ხალხი“ შემოდის და რომ სხვადასხვა კულტურის ადამიანების შერევა თითქოს ერის განადგურების პროგრამის ნაწილია.
ეს უკვე უკიდურესად სერიოზული განცხადებებია.
დემოგრაფიული პრობლემა რეალურია და მასზე საუბარი აუცილებელია. ემიგრაცია, დაბალი შობადობა, მოსახლეობის დაბერება და რეგიონების დაცლა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი გამოწვევებია.
მაგრამ დემოგრაფიული სტატისტიკა ემოციური შიშებით ვერ ჩანაცვლდება.
როდესაც მაღალი რანგის სასულიერო პირი ეთნიკურ და რელიგიურ განსხვავებებს ქვეყნის შესაძლო დაღუპვის საფრთხედ წარმოაჩენს, მან უნდა წარმოადგინოს სანდო სტატისტიკური მონაცემები და არა ვარაუდები.
მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ 50/50-ზე საუბარი სერიოზულ მტკიცებულებას მოითხოვს. ასევე მტკიცებულებას მოითხოვს მტკიცება, თითქოს ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა ეროვნების ადამიანების შემოყვანით ქართველების ჩანაცვლების მიზანმიმართული პროგრამა.
ქრისტიანული მოძღვრება ადამიანის ღირსებასა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნება.
ადამიანის ეროვნების ან რელიგიური კუთვნილების გამო საფრთხედ გამოცხადება კი იმავე სახარებისეულ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის, რომელსაც ეკლესია თავად ქადაგებს.
საქართველო მართლმადიდებლური ტრადიციის ქვეყანაა, მაგრამ ის ასევე არის სახელმწიფო, რომლის ყველა მოქალაქეს თანაბარი ღირსება და სამართლებრივი უფლებები აქვს.
ეროვნული იდენტობის დაცვა აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს ქსენოფობიისა და საზოგადოებაში შიშის გაღვივების ინსტრუმენტად.
მეუფე იობის განცხადებაში განსაკუთრებით საგანგაშოა პოლიტიკური ოპონენტების სულიერი დემონიზაცია.
მისი სიტყვებით, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონკრეტული პირები შეგნებულად ემსახურებიან ეშმაკს და მათ უკან ბოროტი ძალა დგას.
ეს უკვე აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური კრიტიკა.
როდესაც მაღალი იერარქის სასულიერო პირი პოლიტიკურ ოპონენტს ეშმაკის მსახურად აცხადებს, იგი საზოგადოებაში დაპირისპირებას არა არგუმენტებით, არამედ რელიგიური შიშით ამძაფრებს.
- როგორ უნდა მოხდეს შერიგება ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური განსხვავებული აზრი სულიერი მტრობის კატეგორიაში გადადის?
- როგორ უნდა შეინარჩუნოს ეკლესიამ გამაერთიანებლის ფუნქცია, თუ მისი წარმომადგენლები საზოგადოების ნაწილს ბოროტ ძალასთან აიგივებენ?
მეუფე თავადვე ამბობს, რომ ყოველი ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ყველასთვის უნდა ვილოცოთ.
მაგრამ მაშინ რატომ არის საჭირო პოლიტიკური მოწინააღმდეგის ეშმაკთან დაკავშირება?
ქრისტიანული ქადაგება უნდა ამხელდეს ცოდვას და არა ადამიანებს ართმევდეს ადამიანურ ღირსებას.
ეკლესიას შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი ხელისუფლება, მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება დროებითია, ხოლო მის მიერ დატოვებული სიძულვილი შეიძლება წლების განმავლობაში დარჩეს საზოგადოებაში.
მეუფე იობი თავის განცხადებაში იოანე ოქროპირს იხსენებს და ამბობს, რომ იგი იმპერატორსა და დედოფალს ამხელდა, ხოლო მის წინააღმდეგ ხელისუფლებასთან დაახლოებული სასულიერო იერარქები მოქმედებდნენ.
მაგრამ იოანე ოქროპირის მაგალითის მოშველიება მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკის გასამართლებლად საკმარისი არ არის.
თუ ამ ისტორიულ მაგალითს ვიხსენებთ, მაშინ მისი მთავარი არსიც უნდა გავითვალისწინოთ: სასულიერო ავტორიტეტი სიმართლის სამსახურში უნდა იდგეს და არა პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.
ოქროპირის სახელი არ შეიძლება იქცეს პოლიტიკურ ლეგიტიმაციად ნებისმიერი მოწოდებისთვის. საკუთარი პოზიციის სიმართლე მხოლოდ იმით არ მტკიცდება, რომ მას ისტორიული წმინდანის სახელს უკავშირებ.
მთავარი კითხვაა: რას ემსახურება შენი სიტყვა – საზოგადოების გამთლიანებას თუ მის კიდევ უფრო დაყოფას?
საქართველოში ეკლესია წლების განმავლობაში უდიდესი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობდა. ეს ნდობა არ მოუპოვებია მას პოლიტიკური პარტიების მსგავსად, საარჩევნო დაპირებებითა და პოლიტიკური კამპანიებით.
მისი ავტორიტეტი ეფუძნებოდა რწმენას, სულიერებას, ადამიანების თანადგომას და იმ იმედს, რომ ეკლესია პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა იდგა.
მაგრამ როდესაც სასულიერო პირები პარტიული ბრძოლის ენით საუბრობენ, კონკრეტული ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ, პოლიტიკური ძალების გზავნილებს იმეორებენ ან ამბიონს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ, ეს ავტორიტეტი ზიანდება.
ეკლესიამ უნდა იცოდეს, რომ მისი ძალა არ იზომება იმით, რამდენად შეუძლია ხელისუფლებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახი.
მისი ძალა იზომება იმით, შეუძლია თუ არა მას, ხელისუფლების მიუხედავად, სიმართლე თქვას; ღარიბის გვერდით დადგეს; უსამართლობა ამხილოს; საკუთარი შეცდომები აღიაროს და საზოგადოებას მორალური მაგალითი მისცეს და თუ ეკლესია მართლაც ხელისუფლებასთან შერწყმის წინააღმდეგია, მაშინ რატომ არ იწყებს საკუთარ თავში იმავე პრინციპების დამკვიდრებას, რომლებსაც სახელმწიფოსგან მოითხოვს?
მეუფე იობი წუხს, რომ არსებულმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები ამოწურა და ქვეყანას უკეთესი ხელისუფლება სჭირდება.
შესაძლოა, ამ შეფასებას საზოგადოების ნაწილი ეთანხმებოდეს, ნაწილი კი არ იზიარებდეს. ეს პოლიტიკური დისკუსიის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ ეკლესიისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა საკითხი უნდა იყოს:
- როდის ამოწურავს თავად ეკლესია იმ მოდელს, რომელშიც სასულიერო იერარქია საზოგადოებრივ ავტორიტეტს ფლობს, ფინანსურ რესურსებს განკარგავს, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ საკუთარ საქმიანობაზე საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებას არ აღიარებს?
- როდის გახდება ეკლესიის ფინანსები სრულად გამჭვირვალე?
- როდის დაიწყება რეალური თვითგანწმენდა და არა მხოლოდ სხვების მხილება?
- როდის შეწყვეტს ამბიონი პოლიტიკური ძალების ინტერესებთან დაკავშირებულ გზავნილებს?
- როდის გაიმიჯნება ქრისტიანული ქადაგება პოლიტიკური აგიტაციისგან?
- როდის გაიხსენებს ეკლესია, რომ მისი მთავარი დანიშნულება ხელისუფლების შეცვლა კი არა, ადამიანის სულიერი გადარჩენა, თანადგომა და საზოგადოების გამთლიანებაა?
- როდის გათავისუფლდება პოლიტიკისგან გულანშაროდ ქცეული ეკლესია?
ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, პოლიტიკური პარტიები იცვლებიან, მაგრამ ეკლესია უნდა რჩებოდეს იმ ინსტიტუტად, რომელსაც პოლიტიკური კონიუნქტურა არ მართავს. თუ ეკლესია ხელისუფლებას აკრიტიკებს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ თუ ეკლესია საკუთარ თავს კრიტიკის მიღმა აყენებს, ეს უკვე მისი ყველაზე დიდი პრობლემაა.
საქართველოს არ სჭირდება არც პოლიტიზებული ეკლესია და არც ხელისუფლებისადმი მორჩილი ეკლესია. საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი, ფინანსურად გამჭვირვალე, მორალურად პასუხისმგებლიანი ეკლესია, რომელიც არც ხელისუფლების მსახური იქნება და არც პოლიტიკური ოპოზიციის მოკავშირე.
რადგან ამბიონი არ არის პარლამენტის ტრიბუნა, მღვდელმთავრის სამოსი პოლიტიკური მანდატი არ არის, ხოლო მრევლის ნდობა არავის აძლევს უფლებას, იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
ეკლესიამ უნდა გაახსენოს ხელისუფლებას სინდისი, მაგრამ ჯერ საკუთარ სინდისს უნდა მოუსმინოს და თუ მეუფე იობი მართლაც აპირებს ეკლესიაში სიმართლისთვის ბრძოლას, ამ ბრძოლას ყველაზე ლოგიკური დასაწყისი ექნება არა ხელისუფლების შეცვლის მოწოდება, არამედ ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების საჯარო, თანმიმდევრული და მიუკერძოებელი მხილება.
თბილისი 24
