30 სექტემბერი 2026

მიუნჰაუზენის სინდრომი: ის ვინ იყო, ქვეყანა რომ გადაარჩინა? მაჰმუდი, მაჰმუდი კი არა – ღარიბაშვილი, ღარიბაშვილი!

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური მემუარების კითხვისას დავით რონდელის ქართული ფილმის „მამლუქის“ ერთი ეპიზოდი გახსენდება:

– ის ვინ იყო, ქვეყანა რომ იხსნა?
– მაჰმუდი!
– მაჰმუდი, მაჰმუდი კი არა – ღარიბაშვილი, ღარიბაშვილი!

კაცი წაიკითხავს მის ბოლო პოლიტიკურ პამფლეტს და შეიძლება იფიქროს, 2020–2023 წლებში საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო კი არა, პირადად ირაკლი ღარიბაშვილის კერძო სამაშველო ოპერაცია ყოფილა.

  • პანდემია? – ღარიბაშვილმა დაამარცხა.
  • ჩაკეტილი ეკონომიკა? – ღარიბაშვილმა გახსნა.
  • ლარი? – ღარიბაშვილმა დაასტაბილურა.
  • ბიუჯეტის დეფიციტი? – ღარიბაშვილმა ჩამოიყვანა.
  • სახელმწიფო ვალი? – ღარიბაშვილმა შეამცირა.
  • ვაქცინები? – ღარიბაშვილმა შემოიტანა.
  • რევოლუცია? – ღარიბაშვილმა აიცილა.
  • ომში ჩათრევა? – ისევ ღარიბაშვილმა.
  • არჩევნები? – მოიგო.
  • ეკონომიკური ზრდა? – ისევ ღარიბაშვილის ანგარიშზე.
  • ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც – აბა, ვის ეკუთვნის, თუ არა მას?!

ერთი სიტყვით, დარჩა მხოლოდ კითხვა:მზესაც ღარიბაშვილი ხომ არ ანთებდა დილაობით?

ხუმრობა იქით იყოს და ახლა ცოტა მოსაწყენ, მაგრამ აუცილებელ საქმეს – ფაქტებს მივხედოთ.

პანდემია თურმე ღარიბაშვილის მოსვლის დღეს დაწყებულა…

ღარიბაშვილის მონათხრობით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანა პრაქტიკულად დაღუპული ჩაიბარა: პანდემია, ვაქცინების დეფიციტი, დაკეტილი ეკონომიკა, 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა, 9%-იანი დეფიციტი, 60%-ზე მეტი სახელმწიფო ვალი, ლარი 3.3–3.4-ის ფარგლებში და დეფოლტის საფრთხე.

სიტყვა „კრიზისი“ ნამდვილად არ არის გამოგონილი. მაგრამ ერთი პატარა დეტალია: ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოს თავს არ დატეხია.

მსოფლიო ეკონომიკა იყო ჩაკეტილი, ტურიზმი – გაჩერებული, საერთაშორისო ფრენები – შეზღუდული, მილიონობით ადამიანი მსოფლიოში სამსახურსა და შემოსავალს კარგავდა…

IMF-ის შეფასებით, საქართველოს რეალური GDP 2020 წელს 6.2%-ით შემცირდა და ეს 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა იყო. IMF პირდაპირ მიუთითებდა ორ მთავარ ფაქტორზე COVID-ის შესაკავებლად დაწესებულ შიდა შეზღუდვებსა და ტურიზმის მკვეთრ ვარდნაზე.

ანუ, ბატონო ირაკლი, თუ ამ ყველაფრის მიზეზი თქვენამდე არსებული ხელისუფლება იყო, მაშინ გამოდის, რომ ის ხელისუფლება ჩინეთშიც ყოფილა, იტალიაშიც, საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, სომხეთშიც და მთელ მსოფლიოში.

რა ძალა ჰქონია ქართულ ოპოზიციას!

-6.2% კატასტროფა თუ გლობალური პანდემიის ფასი?

საქართველოს ეკონომიკის 6.2%-იანი ვარდნა მძიმე შედეგი იყო. მაგრამ მისი „ქართული ოცნების მიერ შექმნილ ეკონომიკურ კატასტროფად“ გამოცხადება უნამუსობა და ეკონომიკურად არასრული სურათია.

IMF-ის თანახმად, ხელისუფლებამ 2020 წელს მოწყვლადი ოჯახებისა და ბიზნესების დასახმარებლად მნიშვნელოვანი ფისკალური მხარდაჭერა განახორციელა – დაახლოებით GDP-ის 3.8%. ამავე დროს, კაპიტალურმა დანახარჯებმა GDP-ის 8.6% შეადგინა.

IMF-მა პირდაპირ შეაფასა ხელისუფლების რეაგირება როგორც შესაბამისი – გაძლიერდა ჯანდაცვის მიმართულება და მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია მოწყვლად მოსახლეობასა და ბიზნესს.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად გაკეთდა. მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ისტორიის გადაწერა ფრაზით – „მე მოვედი და ქვეყანა გადავარჩინე“ ცოტა ზედმეტად ჰგავს იმავე მამლუქურ დიალოგს:

-ვინ იხსნა საქართველო?

– მაჰმუდი!

– მაჰმუდი კი არა…

ღარიბაშვილი!

ლარი – პირადი მიღწევა?!

ღარიბაშვილის ტექსტში ლარის კურსის 3.3-3.4-დან 2.6-2.7-მდე ჩამოსვლა პრაქტიკულად პირად მიღწევად არის წარმოდგენილი. აქაც პატარა პრობლემა გვაქვს.

ლარის კურსი მთავრობის მიერ დაწერილი განცხადება არ არის. სავალუტო კურსზე მოქმედებს ექსპორტი, იმპორტი, ტურიზმი, გზავნილები, კაპიტალის მოძრაობა, დოლარის გლობალური დინამიკა, ინფლაცია და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა.

IMF-ის მონაცემებით, 2019 წლის ბოლოდან 2021 წლის აპრილამდე ლარი დოლართან დაახლოებით 20%-ით გაუფასურდა, თუმცა მისი ნომინალური ეფექტური კურსი გაცილებით სტაბილური იყო სხვა ვალუტებთან მიმართებით.

ასე რომ, ლარის შემდგომი გამყარება ნამდვილად შეიძლება ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთ შედეგად განვიხილოთ, მაგრამ მისი მთლიანად ერთი პრემიერის პირად დამსახურებად ჩაწერა უკვე პოლიტიკური მემუარების ჟანრია.

თურმე, 2020-ში „ქართული ოცნების“ რეიტინგიც ჩამონგრეულა…

აი, აქ ისტორია განსაკუთრებით საინტერესო ხდება. ღარიბაშვილი წერს, რომ მისი დაბრუნებისას „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35-37%-მდე იყო დაცემული.

IRI-ის 2020 წლის აგვისტოს კვლევაში, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ პირველი არჩევანი 33% იყო. პირველ და მეორე არჩევანთა განაწილებაში კი 33%-ს დამატებით 3% ჰქონდა მითითებული მეორე არჩევანად. ანუ 35–37%-ის მოხმობა მთლად ჰაერიდან მოტანილი არ არის, მაგრამ სხვადასხვა მაჩვენებლის ერთმანეთში აღრევა არ შეიძლება.

და ახლა ყველაზე საინტერესო: იმავე IRI-ის 2020 წლის კვლევაში COVID-19-ის მართვით კმაყოფილი იყო გამოკითხულთა 82% – 37% ძალიან კმაყოფილი და 45% მეტ-ნაკლებად კმაყოფილი.

ასე რომ, პანდემიის დროს ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულება უბრალოდ „ჩამოშლილი ხელისუფლების“ სურათი ნამდვილად არ ყოფილა.

არჩევნებიც ღარიბაშვილს მოუგია!

2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული ხმების 46.74% მიიღო. IRI-ის საარჩევნო ანგარიშიც ადასტურებს, რომ მმართველმა პარტიამ 43%-იანი ზღვარი გადალახა.

შეიძლება ამ შედეგს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერპრეტაცია ჰქონდეს. მაგრამ ერთი რამ ფაქტია: არჩევნები ჩატარდა და მმართველმა პარტიამ მაღალი შედეგი მიიღო. ამის „ღარიბაშვილის პირად გამარჯვებად“ ჩაწერა უკვე ინტერპრეტაციაა.

მით უმეტეს, თვითონვე აღიარებს – „გუნდთან ერთად“. აი, ეს ფრაზა ნამდვილად სიმპათიურია. „გუნდთან ერთად“ – ერთადერთი ადგილი მთელ პამფლეტში, სადაც ისტორიის ავტორი საკუთარ თავსაც კი ნაწილობრივ იზღუდავს.

ევროპის კანდიდატის სტატუსისთვის “მენდალიც” მაც ეკუთვნის?!

2023 წლის დეკემბერში საქართველომ მართლაც მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ფაქტია.

მაგრამ ევროკავშირის ოფიციალური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსს საქართველოს სახელმწიფოს ანიჭებს და არა რომელიმე კონკრეტულ პრემიერ-მინისტრს. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღო, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციის საფუძველზე და შესაბამისი პირობების შესრულების მოლოდინით.

ამიტომ შეიძლება ვისაუბროთ იმდროინდელი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე, განაცხადის შეტანაზე და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ქვეყანა. მაგრამ ფორმულა: „კანდიდატის სტატუსი მე მივიღე“ უკვე იმავე ჟანრში გადადის:

„ის ვინ იყო, საქართველო რომ ევროპაში შეიყვანა?“

– მაჰმუდი!

– მაჰმუდი კი არა… ღარიბაშვილი!

ყველაზე საინტერესო კი ბოლოს-

ღარიბაშვილის ტექსტის ბოლოს კითხვა ისმის: „ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?“ კითხვა, რა თქმა უნდა, კანონიერია. მაგრამ თუ ასეთი კითხვა დასვი, პასუხისთვის მხოლოდ საკუთარი მემუარების კითხვა არ კმარა.

საჭიროა ეკონომიკის მონაცემები, ინფლაცია, დასაქმება, ინვესტიციები, ვალი, ლარის კურსი, ექსპორტი, ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა, ევროკავშირის ურთიერთობები და საზოგადოების სხვადასხვა კვლევა.

და სწორედ აქ ხდება „მიუნჰაუზენის“ ისტორია საინტერესო – არა როგორც სამედიცინო დიაგნოზი, რომლის დასმა საჯარო პირისთვის ყოველგვარი კლინიკური საფუძვლის გარეშე არასწორი იქნებოდა, არამედ როგორც პოლიტიკური მეტაფორა: როცა ადამიანი საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიას ისე ყვება, რომ ყველა გადარჩენილი უბედურება მის ანგარიშზე იწერება, ხოლო ყველა პრობლემა მის მოსვლამდე რჩება.

  • პანდემია – მე გადავიტანე.
  • ეკონომიკა – მე ავაღორძინე.
  • ლარი – მე დავასტაბილურე.
  • ვაქცინა – მე შემოვიტანე.
  • არჩევნები – მე მოვიგე.
  • რევოლუცია – მე ავიცილე.
  • ომი – მე ავიცილე.
  • ევროპა – მე შევიყვანე.

და ბოლოს…„ხალხს მინდა ვკითხო, ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაშია თუ უარესში?“

ბატონო ირაკლი, ხალხს კითხვა ნამდვილად უნდა დაუსვათ. ოღონდ პასუხიც ხალხს დაუტოვეთ. მამლუქისგან განსხვავებით, თანამედროვე საქართველოში მაჰმუდის ვინაობას უკვე ხალხი ადგენს.

ჟურნალისტი : გოჩა ნაჭყებია

ღარიბაშვილის პამლეტი N 7 წაიკითხეთ სრულად:


• საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, ცხრაპროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-ს აჭარბებდა, ლარის კურსი 3,3–3,4-ის ნიშნულზე იყო ასული, გაჩერებული იყო ყველაფერი და ქვეყანა ფაქტობრივად „დეფოლტის“ საფრთხის წინაშე იდგა.
ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული, გუნდი – დაბნეული, ხოლო პარტიის იმჟამინდელი რეიტინგი 35–37%-მდე იყო დაცემული. ასეთი ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე 2021 წლის 18 თებერვალს.
• პრემიერად დანიშვნისთანავე უმოკლეს დროში აღვადგინეთ წონასწორობა,
• გავამყარეთ გუნდი,
• დავასტაბილურეთ ვითარება,
• გუნდთან ერთად გადავდგით გაბედული, ქმედითი, ეფექტიანი და იმ დროისთვის რისკიანი ნაბიჯები: გავხსენით ქვეყანა,
• შემოვიტანეთ სამი სახის ვაქცინა,
• უარი ვთქვით კოვიდდიქტატურაზე და ჩვენს ხალხს გამოვუცხადე სრული თავისუფლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
• პარალელურად გავხსენით დაკეტილი ეკონომიკა,
• ძლიერი ბიძგი მივეცით ბიზნესსა და ეკონომიკურ განვითარებას.
• კოვიდის პირობებში დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ინიციატივების განხორციელება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონების განახლების პროგრამა და ყველა მუნიციპალიტეტში გავშალეთ სამუშაოები
• იმავე წელს დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები, 43%-იანი ბარიერი დავძლიეთ და ავიღეთ 47%.
• თავიდან ავიცილეთ დესტაბილიზაცია და სააკაშვილის მონაწილეობით რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ადგილი მივუჩინეთ ყველა დესტრუქციულ ძალას და დავასრულეთ პოლიტიკური კრიზისი. და ბოლოს, უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხურეთ როგორც 2021, ასევე 2022 წელი.
• ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა. სამ წელიწადში ეკონომიკა ოცდაათი მილიარდი ლარით გაიზარდა.
• შევძელით ინფლაციის კონტროლი – ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოვიდა და ცალკეულ პერიოდებში 1%-ზე ქვემოთაც კი იყო.

შედეგად, ფასებზე წნეხი მოიხსნა. მაგალითად, თურქეთის ბაზრის გახსნითა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღებით წამლების ფასებმა მყისიერად დაიკლო – საშუალოდ 30–40%-ით შემცირდა და შედეგად, ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას 400 მილიონი ლარი დავაზოგინეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიკამენტები 100–300%-იანი ფასნამატით იყიდებოდა და ეფექტიანი კონტროლი არ არსებობდა.
• ბიუჯეტის დეფიციტი 9%-დან 2,8%-მდე ჩამოვწიეთ,
• ლარის კურსი 2,6–2,7-ის ფარგლებში დავასტაბილურეთ.
• მთავრობის ვალი სამ წელიწადში მკვეთრად შევამცირეთ 60%-დან 38%-მდე.
• მოსახლეობაზე და განსაკუთრებით გაჭირვებულ მოქალაქეებზე გათვლილი მიზნობრივი პროგრამებით (მაგალითად, ყოველწლიურად 500 მილიონი ლარი გამოვყავით და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ყოველთვიური დანამატები დავუნიშნეთ) უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა,
• შეიქმნა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი.
• მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ გავზარდეთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები (სამ წელიწადში 40-50%-ით გავზარდეთ პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ხელფასები), გავზარდეთ პენსიები, ხელფასები გავუზარდეთ მასწავლებლებსა და ექიმებს.
მაღალი და რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალებას გვაძლევდა, წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი და დამატებითი თანხები მიგვემართა ქვეყნისა და მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებისთვის.
სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ყველა სფერო და ყველა მიმართულება. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზე იყო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის.
ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მესამე ადგილზე ვიყავით, ხოლო მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით – მეათე ადგილზე.
ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გუნდთან ერთად დავძლიეთ ურთულესი კრიზისები. თავიდან ავიცილეთ რევოლუციისა და ომში ჩათრევის რეალური საფრთხეები.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ურთულესი ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, მტკიცედ და უკომპრომისოდ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თავიდან ავირიდეთ დესტაბილიზაცია და ომის რეალური საშიშროება.
ქვეყნის შიგნით მიმდინარე სწრაფი განვითარების პარალელურად აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებდით.
• სამ წელიწადში განვახორციელეთ 25 საგარეო ვიზიტი.
• შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით.
• გავაფორმეთ ახალი სტრატეგიული შეთანხმებები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები.
• წარმატებული ვიზიტები მქონდა ჩინეთში, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნებში, ისრაელსა და იორდანიაში (უწმინდესის, ილია მეორის, კურთხევით, სამასი წლის შემდეგ საქართველო დაბრუნდა წმინდა მიწაზე).
• გავამყარეთ მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები რეგიონში. ბოლო პერიოდში პირველი მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სწორედ ჩემი მონაწილეობით განხორციელდა.
• ასევე, პირველად გაიმართა სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თბილისში.
და ბოლოს:
ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
მიღწეული შედეგებით და, რაც მთავარია, დემოკრატიული მეთოდებით, პოლიტიკურად გავანულეთ მთელი რადიკალური ოპოზიცია, სათქმელი და სალაპარაკო არ დავუტოვეთ არავის. ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის რეიტინგი.
ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს.
მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით- წერს მიუნჰაუზერი ექსპრემიერი.

მიუნჰაუზენის სინდრომი – მენტალური აშლილობა, რომლის დროსაც პაციენტები თავს აჩვენებენ ან განზრახ იწვევენ დაავადებას, ავადმყოფობას, დაზიანებას, ძალადობას ან ფსიქოლოგიურ ტრამვას, რათა მიიპყრონ ყურადღება და მოიპოვონ სხვების თანაგრძნობა. მიუნჰაუზენის სინდრომი მიეკუთვნება ფსიქოლოგიური აშლილობის ქვეკლასს, უმეტესად ფიზიკური ნიშნებისა და სიმპტომების მიხედვით, მაგრამ პაციენტებს ასევე აქვთ განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის, მოგზაურობისა და წარსული გამოცდილების დრამატული, უკიდურესად წარმოუდგენელი ისტორიები. ტერმინი „მიუნჰაუზენის სინდრომი“ მომდინარეობს გამოგონილი პერსონაჟის, ბარონ მიუნჰაუზენის სახელიდან.