მინისტრო სალია, ტელევიზორს ნუ აუკრძალავთ მსჯავრდებულებს, მაგრამ დაურიგეთ კალკულატორი!
როცა ციხიდან პოლიტიკური წერილი გამოდის, იქ უკვე კამერების აკრძალვა კი არა, ციფრების შემოწმებაა საჭირო!
მინისტრო სალია, ჩემო ერთ დროს ნაცნობ-მეგობარო, ერთი თხოვნა მაქვს: ტელევიზორს ნუ აუკრძალავთ სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ ადამიანებს, პირიქით – უყურონ… უყურონ იმდენს, რამდენიც უნდათ, ოღონდ ერთი პატარა პირობით: ტელევიზორთან ერთად- მეგრულის შესწავლა თუ არა, კალკულატორი მაინც დაურიგეთ, რადგან როცა პოლიტიკოსი ციხიდან წერს, რომ „ქვეყანა აკრძალეს“, ხოლო შემდეგ საწვავის, მკვლელობების, ნარკოტიკების, ბანკების, ხელფასების, კომუნალურების, ჯარიმების, სკოლების, ბაღების, ბავშვების, კულტურული მემკვიდრეობისა და ყურძნის შესახებ განაჩენებს ერთ ამოსუნთქვაში წერს, მკითხველს ერთი მარტივი კითხვა უჩნდება: სად მთავრდება ფაქტი და სად იწყება პოლიტიკური პათოსი?
მაჩვის ცურცლის ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში არაერთი მძიმე შეფასებაა. მაგრამ მძიმე სიტყვა ჯერ კიდევ არ არის მტკიცებულება , არ დაგზარებით და პუნქტებით გავცემ პასუხს მის „ბრალდებებს.“
- „საწვავი 4 ლარი გახდა“!
საწვავი შეიძლება მართლაც ძვირი იყოს. მოქალაქეს ეს არც სტატისტიკური ცხრილით სჭირდება და არც ეკონომიკის პროფესორით – ბენზინგასამართ სადგურზე მიდის და ფასს თვითონ ხედავს.მაგრამ აქაც ერთი პატარა დეტალია: ფასი და მისი გამომწვევი მიზეზი ერთი და იგივე არ არის.
საწვავის ფასზე მოქმედებს ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასი, კონკრეტული ნავთობპროდუქტის საბითუმო ფასი, ლარის კურსი, ტრანსპორტირება, ლოგისტიკა, გადასახადები და სხვა ფაქტორები. ამიტომ ფრაზა „ბენზინი გაძვირდა, მაშასადამე ხელისუფლებამ გააძვირა“ – ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქის ჯიბეში პრობლემა არ არსებობს. ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეკონომიკური პრობლემა პოლიტიკური ბრალდების ავტომატურ მტკიცებულებად ვერ გადაიქცევა. - „მკვლელობები ყოველდღიურად ხდება!“
აი, აქ უკვე კალკულატორი „ В стуию”. საქსტატის სისხლის სამართლის ოფიციალურ მონაცემებში 2020 წელს სულ 56 596 რეგისტრირებული დანაშაული იყო, 2024 წელს – 49 976, 2025 წელს კი – 54 134. ხოლო სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულებზე სტატისტიკაც არსებობს და ისიც წლიდან წლამდე უნდა შევადაროთ.
2025 წლის პირველ კვარტალში, მაგალითად, საქართველოს მასშტაბით 8 განზრახ მკვლელობა 108-ე მუხლით და 8 დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა 109-ე მუხლით იყო რეგისტრირებული. ამიტომ „მკვლელობები ყოველდღიურად!“ შეიძლება იყოს პოლიტიკური ფრაზა, შიშის გამომხატველი შეფასება ან კონკრეტული მოვლენების ფონზე გაკეთებული განცხადება. მაგრამ სტატისტიკური მტკიცება — არა. თუ ყოველდღიურობაზე ვსაუბრობთ, მოდი, კალენდარსაც გადავხედოთ. - „მკვლელი ნარკოტიკები — ტყუილია!“
ნარკოპრობლემაზე კამათი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მიმდინარეობდეს.აქ ორი რამ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ: ნარკოტიკის არსებობა და ნარკოდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი და იგივე სტატისტიკა არ არის.
საქსტატის ოფიციალური სისხლის სამართლის მონაცემები სწორედ ამიტომ უნდა განვიხილოთ დანაშაულის ტიპების მიხედვით.
თუ სახელმწიფო ამბობს, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა მიმდინარეობს, უნდა აჩვენოს დაკავებების, გამოძიებების, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ამოღებული ნივთიერებების მონაცემები.
თუ ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში „მკვლელი ნარკოტიკებია“, უნდა მიუთითოს კონკრეტული ნივთიერება, შემთხვევა, ექსპერტიზა და შედეგი.
ნარკოპოლიტიკა ლოზუნგების შეჯიბრი კი არა, ადამიანის სიცოცხლის საკითხია. - „მძარცველი საბანკო ოლიგარქია და დაყაჩაღებული ხალხი!“
ეს უკვე კლასიკური პოლიტიკური ლოზუნგია. მაგრამ სამართალს ერთი ძალიან ცუდი ჩვევა აქვს – მტკიცებულებას ითხოვს.ვინ ძარცვავს?რომელი ბანკი?ვის?რამდენი ლარით?რომელი ხელშეკრულებით?რომელი ნორმა დაირღვა?რომელი რეგულატორის გადაწყვეტილება არსებობს?რომელი სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს?
თუ პასუხი არ გვაქვს, სიტყვა „ძარცვა“ ემოციური შეფასებაა და არა დადგენილი სამართლებრივი ფაქტი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბანკების მიმართ კითხვები არ არსებობს.
არსებობს და უნდა არსებობდეს კიდეც – სესხის რეალურ ღირებულებაზე, საპროცენტო განაკვეთებზე, საკომისიოებზე, მომხმარებელთა უფლებებზე, კონკურენციაზე.
მაგრამ კითხვა და განაჩენი ერთი რამ არ არის. - „ზეთი, შაქარი, წიწიბურა, კარაქი გაძვირდა!“
აქ პოლიტიკოსს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – მოქალაქეს ნამდვილად შეუძლია მაღაზიაში შევიდეს და თუ კარაქი გაძვირდა, კარაქი გაძვირდა. მაგრამ შემდეგ მოდის მეორე კითხვა:რატომ?
საქსტატის მონაცემებიც აჩვენებს, რომ სურსათის ფასები მუდმივად ერთი მიმართულებით არ მოძრაობს – სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ჯგუფის ფასები სხვადასხვა ტემპით იცვლება.
მსოფლიო ბაზარი, იმპორტის ფასი, ტრანსპორტირება, ენერგია, კურსი, ადგილობრივი წარმოება, საბითუმო და საცალო მარჟა – ყველა ეს ფაქტორი შეიძლება მონაწილეობდეს საბოლოო ფასში.
ამიტომ:„ძვირია“ – ფაქტია. „ამიტომ ხელისუფლებამ გააძვირა“ – უკვე დამატებით დასამტკიცებელი მტკიცებაა. - „ყველა 400-600-800 ლარს იღებს!“
ესეც ის შემთხვევაა, როცა ერთი ხელფასი მთელ ქვეყანას ვერ წარმოადგენს.
საქსტატის მიხედვით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2022 წელს 1 543 ლარი იყო, 2023 წელს – 1 766.8 ლარი, 2024 წელს – 1 970.8 ლარი, 2025 წელს – 2 282.7 ლარი, ხოლო 2026 წლის II კვარტალში – 2 389.3 ლარი.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ 400-600-ლარიანი ხელფასი არ არსებობს. არსებობს და ვინც ამ თანხით ცხოვრობს, მისთვის საშუალო ხელფასი ვერ გადაიხდის კომუნალურ გადასახადს. სწორედ ამიტომ სერიოზული დებატი უნდა იყოს არა: „ვიღაც 600 ლარს იღებს!“
არამედ: რამდენია მედიანური ხელფასი? რამდენია რეალური ხელფასის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით? რამდენი ადამიანი ცხოვრობს დაბალი შემოსავლით?
აი ესაა მონაცემი. - „უმუშევრობა გაიზარდა!“
აქაც პოლიტიკურ განცხადებას სტატისტიკა უნდა შევადაროთ.
საქსტატის მიხედვით, უმუშევრობის დონე 2022 წელს 17.3% იყო, 2024 წელს – 13.9%, 2025 წელს – 13.9%, 2026 წლის I კვარტალში – 14.4%, ხოლო II კვარტალში – 13.8%.
ანუ უმუშევრობა საქართველოში კვლავ პრობლემაა. მაგრამ ფრაზა „უმუშევრობა მუდმივად იზრდება“ ოფიციალურ სურათს არ ემთხვევა.
სხვა სიტყვებით: პრობლემა არსებობს, მაგრამ მისი აღწერა მაინც ფაქტებით უნდა მოხდეს.
8.„კომუნალურები ივანიშვილის კრიპტოების გამო გაძვირდა!“
აქ უკვე ძალიან საინტერესო სამართლებრივი და ეკონომიკური კვანძია.
ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფებს საქართველოში GNERC არეგულირებს. 2026 წლის 1 ივლისიდან EP Georgia Supply-ის საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით 0–101 კვტსთ-ზე 19.731 თეთრი, 101–301 კვტსთ-ზე 23.731 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-ზე ზემოთ 28.227 თეთრია.
ამასთან, GNERC-მა 2026 წლის აპრილიდან მოსახლეობისთვის ტარიფები 5 თეთრით გაზარდა.
აი, ტარიფის ცვლილება – დადასტურებული ფაქტია.
მაგრამ შემდეგი წინადადება : „ეს ივანიშვილის კრიპტოვალუტების გამო მოხდა“ – უკვე მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ამტკიცებს.
ამისთვის საჭიროა დოკუმენტი,არა პოსტი,არა ვიდეო,არა ლოზუნგი-დოკუმენტი!
- „ჯარიმებით ხალხს 178 მილიონი წაართვეს!“
ჯარიმა ნამდვილად შეიძლება მოქალაქისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი იყოს.
მაგრამ იურიდიულად ჯარიმა არის სანქცია სამართალდარღვევისთვის და არა ავტომატურად „წართმევა“.
თუ ვინმე ამტკიცებს, რომ სისტემა განზრახ არის შექმნილი მოქალაქეებისგან ფულის ამოსაღებად, მაშინ უნდა აჩვენოს: რამდენი ჯარიმა გამოიწვია რეალურმა დარღვევამ;რამდენი გასაჩივრდა;რამდენი გაუქმდა;რამდენი იყო კამერით დაფიქსირებული და რა მტკიცებულება არსებობს, რომ მთავარი მიზანი საგზაო უსაფრთხოების ნაცვლად შემოსავლის მიღებაა.
178 მილიონი ლარი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი თანხა. მაგრამ რიცხვს პოლიტიკური ეპითეტი ავტომატურად არ მოჰყვება. - „დანგრეული სკოლები და ბაღები!“
საქართველოში სასკოლო და საბავშვო ინფრასტრუქტურის პრობლემების არსებობის უარყოფა შეუძლებელია.
მაგრამ არც ის შეიძლება ითქვას, რომ მთელი სისტემა უბრალოდ „დანგრეულია“.
საქართველოს პარლამენტში მთავრობის ანგარიშის წარდგენისას დასახელდა 110 დასრულებული სკოლა, 296 მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესში მყოფი სკოლა და 885 აშენებული ან აღდგენილი საბავშვო ბაღი.
ეს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებია და, შესაბამისად, დამოუკიდებლად გადამოწმებასაც იმსახურებს.მაგრამ ერთი რამ ცხადია:თუ კონკრეტული სკოლა ავარიულია – დაასახელე სკოლა,თუ კონკრეტული ბაღი ინგრევა – დაასახელე ბაღი,თუ თანხა გაიფლანგა – დაასახელე თანხა,თუ სამუშაო უხარისხოდ შესრულდა – დადე ექსპერტიზა.
აი ეს არის კონტროლი.
„ყველაფერი დანგრეულია“ კი — პოლიტიკური პლაკატია.
11.„მოწამლული ბავშვები!“
ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური კამათი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა წარიმართოს.
თუ ბავშვი მოწამლეს – უნდა დადგინდეს რა მოწამლა,სად მოხდა,როდის,რა ნივთიერება გამოვლინდა,რას ამბობს ლაბორატორიული კვლევა,რას ამბობს ექიმი,რას ამბობს ექსპერტიზა?
სახელმწიფოს კონტროლის სისტემის არსებობა თავისთავად კონკრეტული შემთხვევის უარყოფა არ არის.
მაგრამ არც ერთი ბავშვის ჯანმრთელობის შემთხვევა შეიძლება იქცეს პოლიტიკური ბრალდების უნივერსალურ მტკიცებულებად. ბავშვის ჯანმრთელობას პოლიტიკური ფერი არ აქვს.
- ფარცხალაძე – პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?
აქაც სამართლის ერთი მარტივი პრინციპი უნდა გავიხსენოთ:სხვისი ცოდნა, ნაცნობობა ან თანამშრომლობა თავისთავად დანაშაულში მონაწილეობას არ ნიშნავს.
თუ საუბარია ოთარ ფარცხალაძეზე და მის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე, უნდა განვასხვაოთ აშშ-ის ხელისუფლების მიერ გაკეთებული შეფასებები და საქართველოს კონკრეტული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ერთი პირის მიმართ სანქცია ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებული ყველა ადამიანი სამართლებრივად პასუხისმგებელია.
თუ არსებობს კონკრეტული პირის მიერ უკანონო დახმარების მტკიცებულება – უნდა დასახელდეს პირი, მოქმედება და მტკიცებულება.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთი და იგივე არ არის.
13.კულტურული მემკვიდრეობა – აქ ემოცია ყველაზე ადვილია
საქართველოში ნამდვილად არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებსაც სერიოზული რესტავრაცია და კონსერვაცია სჭირდებათ.მაგრამ თუ ვამბობთ:„სახელმწიფომ ტაძრები დაანგრია“,მაშინ საჭიროა კონკრეტული ძეგლი, კონკრეტული სამუშაო, კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული ზიანი და კონკრეტული პასუხისმგებელი პირი.
სვეტიცხოველი, მაგალითად, მუდმივი კვლევისა და დაცვის ობიექტია და მისი მდგომარეობა სპეციალისტების მონაწილეობით ფასდება.ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის თემაზე ყველაზე სწორი კითხვა მაინც ეს არის:რომელი ძეგლი დაზიანდა, რა მიზეზით, ვინ იყო პასუხისმგებელი, რამდენი დაიხარჯა და რას ამბობს ექსპერტიზა? - და ბოლოს -30 თეთრი ყურძენი!
აი, აქ უკვე კახეთის ვენახები შემოდიან სცენაზე.მაგრამ 30 თეთრი მთელი რთველი არ არის.
ყურძნის შესყიდვის ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს ჯიშის, შაქრიანობისა და ხარისხის მიხედვით. ამიტომ მხოლოდ „30 თეთრი“ რომ გამოიტანო სათაურში და დანარჩენი დამალო, ეს უკვე ინფორმაციის შერჩევითი მიწოდებაა.
მაგრამ აქაც არსებობს რეალური კითხვა: აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო ფასი მევენახის თვითღირებულებას და შემოსავლის საჭიროებას?
ეს კითხვა სრულიად ლეგიტიმურია და მასზე პასუხი უნდა იყოს ციფრებით, არა პათოსით.
აი, სწორედ აქ არის მთავარი!
ხაბეიშვილის წერილში შეიძლება იყოს პოლიტიკური პოზიცია, შეიძლება იყოს უკმაყოფილება, შეიძლება იყოს ოპოზიციური შეფასება, მაგრამ როდესაც ერთ ტექსტში ერთმანეთს მიჰყვება:„საწვავი გაძვირდა,„მკვლელობები ყოველდღეა, „ნარკოტიკები კლავს,„ბანკები ხალხს ძარცვავენ„ყველა 600 ლარს იღებს, „უმუშევრობა გაიზარდა,„კომუნალურები კრიპტოების გამო გაძვირდა,„ჯარიმები ხალხის ძარცვაა,„ყველა სკოლა დანგრეულია,„ბავშვები მოწამლეს,„კულტურული მემკვიდრეობა განადგურდა,„კახელები 30 თეთრად ყურძენს აბარებენ…მაშინ უკვე ერთი პატარა რამ გვჭირდება:მტკიცებულება თითოეულ პუნქტზე და თუ რომელიმე ბრალდება დადასტურდა – ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, თუ რომელიმე ბრალდება არ დადასტურდა – ესეც უნდა ითქვას.
თუ მონაცემი შუალედურ სურათს აჩვენებს – ისიც უნდა გამოქვეყნდეს, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში არც ხელისუფლებას აქვს უფლება ფაქტების დამალვის და არც ოპოზიციას – ფაქტების გამოგონების.
მთავრობის დაცვა ციფრების დამალვით არ ხდება, ოპოზიციის კრიტიკა კი ყველაზე ძლიერი მაშინ არის, როცა ციფრებს გაურბიხარ კი არა – პირდაპირ თვალებში უყურებ და მინისტრო სალია, ამიტომ ტელევიზორს ნუ აუკრძალავთ, პირიქით – ჩართეთ ყველა არხი, ოღონდ დისტანციური მართვის პულტთან ერთად ერთი პატარა ნივთიც დადეთ: კალკულატორი!
იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ყველაზე საშიში იარაღი არც ტელევიზორია და არც ფეისბუკი, ყველაზე საშიში რამ პოლიტიკური მითისთვის -პოპულისტობა და გადამოწმებული ციფრია.
ჟურნალისტი : გოჩა ნაჭყებია
