22 სექტემბერი 2026

ღარიბაანთ მორიგი პამფლეტი: სად მთავრდება პოლიტიკური დრამა და სად იწყება სიმართლე?

ყოფილი პრემიერი ციხიდან გვწერს, თითქოს სამშობლოსთვის ჯვარცმული გმირი იყოს, მაგრამ საკუთარ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ისევ სხვის შიშებსა და ბოროტ განზრახვებზე გვესაუბრება!

ღარიბაშვილის მეექვსე პამფლეტი უკვე პოლიტიკური დრამის ახალი სერიაა – „მომატყუეს, გადამაგდეს, დამიჭირეს, ჩემი ეშინიათო!“ თურმე, ბიძინა ივანიშვილთან ოცწლიანი ურთიერთობის გამო უსიტყვოდ ავიდა პოლიტიკურ სასაკლაოზე და ქვეყნისა და გუნდის გადასარჩენად ციხეშიც ჩაჯდა!

რა გმირული თავგანწირვაა, ბატონო ირაკლი…. მაგრამ ერთი პატარა, უმნიშვნელო დეტალი მაინც დაგრჩათ ასახსნელი: სად არის მტკიცებულება, რომ ციხეში პოლიტიკური შურის გამო ზიხართ და არა სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე?!

თქვენ გვიყვებით, რომ ციხის გარეშე სასჯელს “დაგპირდნენ“, შემდეგ კი პირობები შეგიცვალეს- ვინ დაგპირდათ? როდის? რა ფორმით? სად არის დოკუმენტი? თუ მართლაც უკანონო გარიგების მსხვერპლი ხართ, რატომ გვთავაზობთ მტკიცებულებების ნაცვლად მხოლოდ სიტყვებს – „გადამაგდეს“, „მახე დამიგეს“, „მიღალატეს“?!

და კიდევ, ბატონო ყოფილო პრემიერო, თქვენი ლოგიკა ცალკე პამფლეტად იმსახურებს გამოცემას: ბრალი ვაღიარე, ფული გადავიხადე, ზიანი ავანაზღაურე და ამიტომ ციხეში რატომ ვზივარო?! ან საიდან ის გადახდილი მილიონები? განა დანაშაულის აღიარება და ჯარიმის გადახდა ავტომატურად აუქმებს თავისუფლების აღკვეთას?!
თუ კანონში ასეთი სასწაულებრივი მუხლი აღმოაჩინეთ, იქნებ საზოგადოებასაც გაგვიზიაროთ!

თქვენ იმასაც გვიმტკიცებთ, ხალხის თანაგრძნობა გაიზარდა და ხელისუფლებამ ჩემი დისკრედიტაცია ვერ მოახერხაო. ნეტავ, რომელ ხალხს ესაუბრებით?
სად არის კვლევა, სად არის მონაცემი, სად არის მტკიცებულება?
თუ ეს მხოლოდ თქვენი პირადი იმედია, რატომ გვასაღებთ მას მთელი საზოგადოების განწყობად?!

ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე იჯდა, დღეს ხელისუფლებას სააკაშვილის მეთოდების დაბრუნებაში ადანაშაულებს!
ბატონო ირაკლი, თქვენ სად იყავით ამ წლების განმავლობაში ხელისუფლების გარეთ თუ მის შუაგულში?! დღეს რომ სისტემას აკრიტიკებთ, თქვენი პოლიტიკური წარსული ვინმემ წაშალა?!

თქვენი ე.წ. წერილი სავსეა შიშით, ღალატით, მახეებითა და ბოროტებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება: თუ მართლაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ხართ, რატომ არ გვაჩვენებთ ამის დამადასტურებელ ფაქტებს?!

ბატონო ირაკლი, პოლიტიკა თეატრია, მაგრამ სასამართლო სცენა არ არის, ციხიდან დაწერილი ემოციური წერილი არც უდანაშაულობის მოწმობაა და არც პოლიტიკური მოწამეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

და ბოლოს, ნუ გვთხოვთ, თქვენი სიტყვა მტკიცებულებად მივიღოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც პრემიერ-მინისტრი იყავით. თუ ხელისუფლებამ გიღალატათ – დაამტკიცეთ! თუ უკანონოდ მოგექცნენ – გაამხილეთ! თუ პოლიტიკური მახე დაგიგეს- წარმოადგინეთ ფაქტები!
ხოლო მანამდე, ბატონო ირაკლი, თქვენი მეექვსე პამფლეტი ისევ იმავე კითხვას გვიტოვებს: სად მთავრდება პოლიტიკური დრამა და სად იწყება სიმართლე?!

პამფლეტი (ინგლ. pamphlet < pamphilius – XII საუკუნის პოპულარული კომედიის Pamphilius seu de amore-ს გმირის სახელი) — პოლემიკურ-აგრესიული ტონის სატირული თხზულება, ძირითადად პუბლიცისტური ხასიათისა. მიმართულია საზოგადოების გარკვეული წრის, ცალკეული პირთა ან ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენის (ზოგჯერ თვით სახელმწიფოს) წინააღმდეგ.

ღარიბაშვილის პამფლეტი N 6 სრულად:

საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს საკითხი და ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც ჩამსვეს ციხეში. ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია, საბოლოოდ კი – ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება.


მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი – „სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო“ – და მოაყოლეს დაპირება: „არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა“. ისევ „გადამაგდეს”. 4 იანვარს მოულოდნელად მაცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში. უკვე აღიარებული მქონდა ბრალი, გირაოს სანაცვლოდ ვიყავი თავისუფლებაზე და ველოდებოდი დაპირებული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.


როგორც უკვე ავუხსენი საზოგადოებას ჩემს წერილებში, ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა. ამით ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას. სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება“.


თებერვალში, როდესაც შუამავლის მეშვეობით შედგა კომუნიკაცია, გაზეთის გარდა, ხელისუფლების ძირითადი გზავნილი შემდეგი შინაარსის იყო: ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე… მივხვდი, რომ შარს მდებდნენ და ახალ ბინძურ პროვოკაციას მიმზადებდნენ. მიზეზი გასაგები იყო – ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით.


ამის შემდეგ, ივლისამდე, აღარ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია და, როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, სრულიად მოულოდნელად გამომიგზავნეს წერილი და ახალი პირობები, ხოლო სიტყვიერად, შუამავლის მეშვეობით, გადმომცეს, რომ ჩემი დაჭერით ხელისუფლება ძალიან დაზიანდა, ჩემს რეპუტაციას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია. ხალხისა და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების თანაგრძნობა გაიზარდა ჩემს მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გასამართლებული ათეულობით პირი გაათავისუფლეს პირობითი სასჯელით. ხალხისთვის გაუგებარი და აუხსნელი იყო ჩემი ციხეში 5 წლით დატოვება, ვინაიდან მე აღიარებული მქონდა ბრალი, ზიანი ანაზღაურებული მქონდა, დაზარალებული არავინ მყავდა და ჯარიმაც გადახდილი მქონდა. ამიტომ ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა.


ამას დაემატა უაზრო ეჭვები და შიშები, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში არ დავბრუნებულიყავი. ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები.


აქედან გამომდინარე, ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.


ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების ცრუ და ბინძური პროპაგანდა სასაცილო და უსუსური მეთოდებით აგრძელებს ჩემს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, რაც მხოლოდ შიშით არის ნაკარნახევი. ასევე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების ფარისევლური და ყალბი განცხადებები, რაზეც მინდა შემდეგნაირად ვუპასუხო: როგორც ვატყობ, ძალიან გაერთეთ და როლში შეხვედით. ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა.


ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი. თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში.

თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…
ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!