22 სექტემბერი 2026

მცხეთის თავგასული და უმაქნისი მერი გადადგა

მცხეთაში ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვილმა უკმაყოფილებამ და მუნიციპალიტეტში არსებულმა პრობლემებმა საბოლოოდ კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულოში გამართულმა განხილვამ აჩვენა, რომ კითხვები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმართებით საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მხოლოდ მოქალაქეების უკმაყოფილებად აღარ დარჩა პრობლემებზე კითხვები ადგილობრივმა დეპუტატებმაც დასვეს.

განსაკუთრებით მძიმე იყო ის გარემოება, რომ, როგორც სხდომის მონაწილეები აცხადებდნენ, დასმულ მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს. სწორედ ეს გახდა კიდევ ერთი მიზეზი იმ განცდის გასაძლიერებლად, რომ მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების გადაჭრას უკვე მხოლოდ დაპირებები აღარ ჰყოფნიდა.

მცხეთას არაერთი გამოწვევა აქვს ინფრასტრუქტურული საკითხები, გაჭიანურებული თუ ჩავარდნილი პროექტები და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები. როდესაც მოქალაქეებს პასუხები სჭირდებათ, ხელისუფლებისგან კი კონკრეტული განმარტებები ვერ ისმის, ბუნებრივად ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ იღებს პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე?

სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებამ:
„ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო და არ ვაპირებ დიდხანს, გულგრილად ვუყურო ამ პროცესს“.

ეს სიტყვები იმ დროს გაისმა, როდესაც მცხეთაში არსებული მდგომარეობის მიმართ უკმაყოფილება უკვე აშკარად იყო გამოკვეთილი.
დღეს კი დღის წესრიგში მერის თანამდებობიდან წასვლის საკითხი დადგა.

მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს და მადლობა ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს იმისთვის, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებაზე რეაგირება მოხდა.

გოგი აბუაშვილის მმართველობის პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი პრობლემა დაგროვდა, რიგი პროექტები შეფერხდა ან ვერ განხორციელდა, რამაც საბოლოოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმართებით ნდობის საკითხიც გააჩინა.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მხოლოდ ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლით არ დასრულდეს. თუ მცხეთაში რეალური ცვლილებები უნდა დაიწყოს, საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ ახალი სახელი მერის სავარძელში, არამედ ახალი მიდგომა – მეტი პასუხისმგებლობა, მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება და კონკრეტული პასუხები კონკრეტულ პრობლემებზე.

მცხეთა საქართველოს ისტორიული გულია. ქალაქს, რომელსაც უდიდესი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა აქვს, იმსახურებს თანამედროვე, ეფექტიან და პასუხისმგებლიან ადგილობრივ მმართველობას.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის იქნება, რას მოიტანს დაწყებული პროცესი.
იქნება თუ არა ეს მხოლოდ ერთი თანამდებობის პირის ცვლილება, თუ მართლაც დაიწყება მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების სისტემური მოგვარება.

მცხეთის მოსახლეობას აქვს უფლება, მიიღოს პასუხები, აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება მის მუნიციპალიტეტში, სად იხარჯება საჯარო თანხები, რატომ შეფერხდა კონკრეტული პროექტები და ვინ აგებს პასუხს მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

თანამდებობა არ არის ძალაუფლების პრივილეგია. თანამდებობა არის პასუხისმგებლობა – პირველ რიგში, იმ ადამიანების წინაშე, ვინც საკუთარი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მართვას საჯარო პირებს ანდობს.

მცხეთას უკეთესი მართვა ეკუთვნის, მის მოსახლეობას ეკუთვნის პასუხები.
ხოლო მათ, ვინც ქალაქის მომავალზე პასუხისმგებლობას იღებს, ერთი რამ მუდმივად უნდა ახსოვდეთ – ხელისუფლება დროებითი მანდატია, მოქალაქეების ნდობა კი პასუხისმგებლობა, რომლის იგნორირებასაც შედეგი ყოველთვის მოჰყვება.

ახლა მცხეთისთვის ცვლილებების დროა, მთავარია, ეს ცვლილება მხოლოდ სახელების შეცვლად არ დარჩეს და რეალურ შედეგში გადაიზარდოს.