26 აგვისტო 2026

ევროკავშირი უტოპია არ არის, ევროპა არც მწვანე მინდვრებია, არც ყვავილები, არც ცისარტყელები, ევროპა „მკაცრი კლუბია“

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა უკრაინელებს ახალი ამბავი გაუმხილა: უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. აბსოლუტურად! დიახ, სწორედ ასე: „აბსოლუტურად“.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ამ “ისტორიულმა წინასწარმეტყველებამ” ევროპული პოლიტიკის ყველაზე რთული პრობლემა ერთ წამში გადაჭრა. დარჩა მხოლოდ ერთი პატარა დეტალი – ევროკავშირმა ჯერ თვითონ უნდა მოინდომოს.

სტუბი გვაფრთხილებს: მოთმინება იქონიეთ, ევროკავშირი ნელა მუშაობს, ძალიან ნელა, იმდენად ნელა, რომ შეიძლება მანამდე უკრაინამ რამდენიმე ომი მოასწროს, რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალოს და ბრიუსელმა კიდევ რამდენიმე „კლასტერი“ გახსნას და დახუროს.

მაგრამ მაინც ნუ ინერვიულებთ- შესაძლებლობების ფანჯარა თურმე გაიხსნა!

რა შესანიშნავი ფანჯარაა- ერთი მხრიდან ომია, მეორე მხრიდან ბიუროკრატია, შუაში კი უკრაინა დგას და ელოდება, როდის მოასწრებს ევროკავშირი შესაბამისი ფორმის შევსებას.

სტუბი კიდევ უფრო გულუხვია და ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ამ ომის „საუკეთესო შედეგი“ იქნებაო. აქ უკვე მართლა უნდა დავაფასოთ პრეზიდენტის ოპტიმიზმი. მილიონობით ადამიანის ტრაგედია, განადგურებული ქალაქები, დაღუპულები და ომის საშინელება და საბოლოოდ ბონუსად ბრიუსელის წევრობის ბარათი!

მერე კი ფინეთის პრეზიდენტი განსაკუთრებით დამაჯერებლად გვაფრთხილებს: ევროკავშირი უტოპია არ არის, ევროპა არც მწვანე მინდვრებია, არც ყვავილები, არც ცისარტყელები, ევროპა „მკაცრი კლუბია“.

მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, გაფრთხილებისთვის!

თუმცა ერთი კითხვა მაინც რჩება: თუ კლუბი ასეთი მკაცრია, რატომ გამოიყურება მისი კარი მუდმივად ისე, თითქოს დაცვის თანამშრომელს თვითონაც არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ შეუშვას შიგნით?

დღეს უკრაინას ეუბნებიან: „თქვენ აუცილებლად გახდებით სულღაფული რომელიღაც კავშირის წევრი“…
ხვალ შეიძლება უთხრან: „მოითმინეთ, კიდევ რამდენიმე პირობა დაგრჩათ, , ზეგ „კლასტერის გახსნის ვადას ელოდონ, შემდეგ კი ვიღაც ბრიუსელში სერიოზული სახით იტყვის, რომ “პროცესი რთულია და ევროკავშირი სწრაფად ვერ მუშაობს”.

ანუ ყველაფერი შესანიშნავადაა, უბრალოდ შესანიშნაობა ძალიან ნელა მოძრაობს.

სტუბის განცხადებიდან ერთი რამ ნამდვილად ნათელია: ევროკავშირის კარი უკრაინისთვის ღიაა. უბრალოდ, როგორც ჩანს, კარს ჯერ კიდევ ერთი ბიუროკრატიული საკეტი აქვს, საკეტის გასაღები კი სადღაც ბრიუსელის უჯრაშია ჩაკარგული.

მაგრამ ნუ ინერვიულებთ, ბატონმა პრეზიდენტმა ხომ თქვა „აბსოლუტურად-ო“.
ევროპული პოლიტიკის სამყაროში ეს უკვე თითქმის ხელშეკრულებაა.