26 აგვისტო 2026

ღარიბაშვილის „სიმართლე“ და მისი წინააღმდეგობები,  როცა ყოფილი პრემიერი პასუხისმგებლობის ნაცვლადპოლიტიკურ სპექტაკლს დგამს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის საპატიმროდან გავრცელებული წერილები სულ უფრო ნაკლებად ჰგავს სამართლებრივ თავდაცვას და სულ უფრო მეტად  პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მცდელობას.

ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გავრცელებული წერილები ერთი შეხედვით შეიძლება ემოციურ აღსარებად აღიქმებოდეს, თუმცა მათი ქრონოლოგიური და შინაარსობრივი გაანალიზებისას სხვა სურათი იკვეთება.

მსჯავრდებული პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას ადანაშაულებს „პოლიტიკურ დევნაში“, „ბინძურ პროვოკაციაში“, „შანტაჟსა“ და „ოჯახის განადგურების გეგმაში“. თუმცა მის ტექსტებში გაცილებით მეტი ემოციური ეპითეტია, ვიდრე კონკრეტული მტკიცებულება და სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა: ღარიბაშვილი საზოგადოებას სთხოვს, დაიჯეროს მისი პოლიტიკური ვერსია, მაშინ როდესაც თავად წერილები არ პასუხობს ყველაზე მარტივ კითხვებს -რა მოხდა კონკრეტულად, ვინ რა გააკეთა, როდის გააკეთა და სად არის ამის დამადასტურებელი მტკიცებულება?

 ყოფილი პრემიერის მთავარი პრობლემა საკუთარი პასუხისმგებლობაა. მისი   პასქვილების საერთო ხაზი ერთგვარად გასაოცარია: თითქმის ყველა მოვლენაში პასუხისმგებელი სხვა ვინმეა: მას „მახე დაუგეს“, „მოატყუეს“, „გაწირეს“, „სამსხვერპლოზე მიიყვანეს“, მასზე „ზეწოლა განხორციელდა“, მის წინააღმდეგ „პროვოკაცია მოაწყვეს“.

მაგრამ სად არის თავად ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმულით – „მე არაფერი დამიშავებია, ყველაფერი სხვებმა გააკეთეს“. მით უფრო, რომ 2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეში დანაშაული აღიარა, სასამართლომ მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა განუსაზღვრა.

ეს გარემოება მისი დღევანდელი პოლიტიკური რიტორიკისთვის უმნიშვნელოვანესია.

როდესაც ადამიანი სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემდეგ საპატიმროდან გამოდის და საკუთარ თავს სრულად პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად წარმოაჩენს, საზოგადოებას აქვს უფლება ჰკითხოს: სად მთავრდება სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სად იწყება პოლიტიკური ალიბის შექმნა?

ღარიბაშვილი არაერთხელ იმეორებს, რომ „არავის ებრძვის“ და მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახს იცავს. მაგრამ მისი წერილები სწორედ საპირისპიროს აჩვენებს.

ის ხელისუფლებას პირდაპირ ადანაშაულებს, ბიძინა ივანიშვილის სახელს ახსენებს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს, სასამართლო პროცესს „პოლიტიკურ მასკარადს“ უწოდებს და საზოგადოებას ჰპირდება, რომ საკუთარ „სიმართლეს“ მოუყვება.

ეს უკვე უბრალოდ თავდაცვა აღარ არის. ეს არის პოლიტიკური კონტრშეტევა საპატიმროდან. შესაძლოა ღარიბაშვილი ამას „თავის დაცვას“ უწოდებდეს, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის სახელის შეცვლა მის შინაარსს ვერ ცვლის.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას კორუფციული ბრალის აღიარება მოსთხოვეს, რათა პოლიტიკაში დაბრუნების „1%-იანი რისკი“ დაეზღვიათ.  საუბრობს 75 წლის მამის დაპატიმრებაზე მინიშნებაზე. ეს განცხადებები საჯაროდ გავრცელდა, თუმცა თავად წერილებში ამ მძიმე ბრალდებების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.

აქ უკვე პოლიტიკური პათოსი საკმარისი აღარ არის.

  • თუ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აქვს მტკიცებულება, რომ ხელისუფლება მას დანაშაულის აღიარებას აიძულებდა, ეს მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს.
  • თუ არსებობს მუქარა – უნდა დასახელდეს, ვინ დაემუქრა.
  • თუ არსებობს წერილი – უნდა გამოქვეყნდეს მისი სრული ტექსტი.
  • თუ არსებობს ჩანაწერი – საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი არსებობის შესახებ.

სხვა შემთხვევაში, მძიმე ბრალდებების უბრალოდ გამეორება მათ ფაქტად ვერ აქცევს.

წერილების ქრონოლოგია

  • 17 აგვისტოს ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წერილი „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ გაუგზავნეს. შემდეგ უკვე საუბარი გადადის მამუკა მდინარაძეზე და მის ახლო მეგობარზე.
  • 20 აგვისტოს ღარიბაშვილი წერს, რომ სწორედ მდინარაძემ გადასცა წერილი მისი ოჯახის წევრს. მაგრამ საზოგადოებას კვლავ არ ეუბნება მთავარს: რა არის მტკიცებულება, რომ ეს ნამდვილად ივანიშვილის დავალება იყო?

ეს უმნიშვნელო დეტალი არ არის. როდესაც ადამიანს პოლიტიკური და რეპუტაციული განადგურების ორგანიზებაში კონკრეტულ პიროვნებას ადანაშაულებ, მტკიცებულების სტანდარტიც შესაბამისი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ბრალდების საფუძველი თავად ბრალდებულის ინტერპრეტაციაა.

მსჯავრდებული პრემეირი ღარიბაშვილის ერთ-ერთ პასქვილში განსაკუთრებით თვალში საცემია კიდევ ერთი წინააღმდეგობა. ის წერს, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი ჰქონდა „უდიდესი სიყვარული, პატივისცემა, უსაზღვრო მადლიერება და აბსოლუტური ერთგულება“.

იმავე ტექსტში კი ამბობს, რომ სწორედ ხელისუფლებამ მოატყუა, „გადააგდო“ და „სამსხვერპლოზე“ გაიყვანა.

ეს არის არა უბრალოდ ემოციური ცვლილება, არამედ პოლიტიკური ურთიერთობის სრული ნგრევის აღწერა.

თუმცა აქაც ჩნდება კითხვა: თუ ღარიბაშვილი წლების განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო და ივანიშვილისადმი ასეთი აბსოლუტური ნდობა ჰქონდა, რატომ არ უნდა დაესვას კითხვები თავად მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ?

საკუთარი პოლიტიკური წარსულის შეფასება მხოლოდ სხვების დადანაშაულებით არასერიოზული იქნებოდა.

2026 წლის 25 აგვისტოს ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს და საკუთარ ინტერესებს მხოლოდ ადვოკატები დაიცავენ.

ეს მისი უფლებაა. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება სერიოზულ კითხვას აჩენს.

  • თუ სასამართლო „პოლიტიკური სპექტაკლია“, მაშინ რატომ არ უნდა გამოიყენოს მან სწორედ სასამართლო თავისი პოზიციის დასამტკიცებლად?
  • რატომ უნდა დატოვოს ის სივრცე, სადაც მისი დაცვის მხარეს შეუძლია მტკიცებულებების წარმოდგენა?
  • რატომ უნდა გადაიტანოს დავა სასამართლოდან Facebook-ზე?

საპატიმროდან წერილის გავრცელება ბევრად უფრო ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტია, ვიდრე სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენა,  მაგრამ  პოლიტიკური ეფექტურობა სამართლებრივ მტკიცებულებას ვერ ჩაანაცვლებს.

ამ ფონზე ხელისუფლების პოზიცია გაცილებით მარტივია: კორუფციასთან ბრძოლა არ შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში ყოფილი პრემიერი ფიგურირებს.

მამუკა მდინარაძემ ღარიბაშვილის მიზნების შეფასებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანზე მისი მხრიდან დამატებითი შეტევა სწორი არ იქნებოდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში უკომპრომისოა და მსგავსი ბრალდებებისთვის მზად არის.

ეს პოზიცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილი ხელისუფლებას პირად შეურაცხმყოფელ ეპითეტებსა და უმძიმეს ბრალდებებს უყენებს, ხელისუფლების წარმომადგენლის პასუხი არ არის მისი ოჯახის, პიროვნების ან ღირსების შეტევა.

პასუხი არის: თუ ბრალდება რეალურია -დაიცავი თავი მტკიცებულებით!

ეს არის ის პრინციპი, რომელსაც ხელისუფლება ამ საქმეში უნდა გაჰყვეს.

24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე. პროკურატურის ვერსიით, საუბარია 750 ათას ლარზე, რომელიც მას თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმეში გადაეცა.

სწორედ ამ ფონზე ღარიბაშვილის მიერ პროცესის წინასწარ „პოლიტიკურ დევნად“ გამოცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. ეს არ ნიშნავს, რომ მისი ბრალდებები ავტომატურად მცდარია.

მაგრამ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ არცერთი მხარის განცხადება არ უნდა მიიღოს მტკიცებულების გარეშე და სწორედ აქ აქვს ღარიბაშვილის პოლიტიკურ კამპანიას ყველაზე დიდი სისუსტე: იგი ცდილობს სამართლებრივი საკითხი წინასწარ გადააქციოს პოლიტიკურ საკითხად.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი იარაღი „სიმართლეა“, მაგრამ სიმართლე განცხადება არ არის- სიმართლე მტკიცებულებით დგინდება.

  • თუ ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას დანაშაულის აღიარება აიძულა – უნდა აჩვენოს მტკიცებულება.
  • თუ ამბობს, რომ ივანიშვილმა დავალება გასცა – უნდა დაასაბუთოს.
  • თუ ამბობს, რომ მამამისის დაპატიმრებით დაემუქრნენ – უნდა დაასახელოს წყარო და წარმოადგინოს ფაქტები.
  • თუ ამბობს, რომ სასამართლო პოლიტიკური პროცესია – ესეც უნდა დაამტკიცოს.

სხვა შემთხვევაში საზოგადოებას რჩება არა „სიმართლე“, არამედ  ერთი პოლიტიკოსის პოლიტიკური თავდაცვის ვერსია.

ღარიბაშვილის ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა სწორედ ის არის, რომ საკუთარი მდგომარეობიდან გამოსავალს ისევ პოლიტიკურ მანევრში ეძებს. მისი  პასქვილები  აღარ ჰგავს ყოფილი პრემიერის მშვიდ და სამართლებრივ პოზიციას.

ის  ჰგავს ადამიანს, რომელიც ცდილობს პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი პოლიტიკური კონსპირაციის უფრო დიდ ნარატივში ჩაანაცვლოს.

მაგრამ ერთი რამ ვერ შეიცვლება: პოლიტიკური წარსული პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტს არ ქმნის!

ვერც ყოფილი პრემიერ-მინისტრის სტატუსი, ვერც წარსული დამსახურება, ვერც ბიძინა ივანიშვილთან მრავალწლიანი ურთიერთობა და ვერც საპატიმროდან დაწერილი ემოციური პასქვილები ვერ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებამ სამართლებრივ კითხვებზე პასუხის ნაცვლად მხოლოდ პოლიტიკური დრამა მიიღოს.

ღარიბაშვილს აქვს სრული უფლება იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის, მაგრამ მას არ აქვს უფლება საზოგადოებას მოსთხოვოს, რომ  მისი ყველა სიტყვა მტკიცებულებად მიიღოს.

მით უმეტეს, როდესაც თავად მისი წერილები შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს: ამბობს, რომ პოლიტიკაში აღარ ბრუნდება, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს; აცხადებს, რომ არავის ებრძვის, მაგრამ ხელისუფლებას უმძიმეს ბრალდებებს უყენებს; ამბობს, რომ სასამართლოში მონაწილეობას აღარ მიიღებს, მაგრამ სასამართლოს პოლიტიკურ სპექტაკლად აცხადებს; საუბრობს ბიძინა ივანიშვილისადმი „აბსოლუტურ ერთგულებაზე“ და იმავე დროს მის პოლიტიკურ გუნდს საკუთარ განადგურებაში ადანაშაულებს…

ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს: ღარიბაშვილის დღევანდელი მთავარი ბრძოლა შესაძლოა არა მხოლოდ სასამართლოსთან, არამედ საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან იყოს და ამ ბრძოლაში საზოგადოებას ემოციური წერილები კი არა, პასუხები და მტკიცებულებები სჭირდება.

საბოლოოდ, კითხვას:  არის თუ არა ეს “პოლიტიკური ანგარიშსწორება”, თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა-  Facebook-ის  პასქვილები ვერ გადაწყვეტს, ამას მხოლოდ მტკიცებულებები, სასამართლო და ფაქტები სჭირდება.

ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია