ტროპილელაფსი ფუტკრის ჯანმრთელობის ახალი გამოწვევა ! მეფუტკრე სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს
ფუტკრის ჯანმრთელობის დაცვა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რადგან ფუტკარი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამტვერვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ბოლო პერიოდში მეფუტკრეები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ფუტკრის ოჯახების შემცირებასა და სხვადასხვა დაავადებისა თუ მავნებლის გავრცელების რისკებზე.
ფუტკრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მეფუტკრეები ტროპილელაფსს ასახელებენ პარაზიტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობას და საჭიროებს სპეციალისტების მუდმივ ყურადღებას, მონიტორინგსა და კვლევას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს მუდმივად მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საფუტკრეების მდგომარეობის კონტროლს, დროულად შეატყობინონ სპეციალისტებს საეჭვო შემთხვევების შესახებ და მკაცრად დაიცვან ვეტერინარული რეკომენდაციები. სააგენტოს განმარტებით, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს, მეცნიერების, სპეციალისტებისა და მეფუტკრეების კოორდინირებული თანამშრომლობით.
ამ საკითხზე გვესაუბრება წალენჯიხელი მეფუტკრე მაია აბულაძე, რომელმაც, მისი თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.
მეფუტკრე ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ მისი მეურნეობა 120 ფუტკრის ოჯახს ითვლიდა, თუმცა დღეს მხოლოდ 16 სკა აქვს შემორჩენილი.

მაია აბულაძე: წლების განმავლობაში ვზრდიდი საფუტკრეს, ვშრომობდი და დიდი ძალისხმევა ჩავდე ფუტკრის ოჯახების შენარჩუნებაში, მაგრამ დღეს მხოლოდ 16 სკა დამრჩა. ეს მხოლოდ ეკონომიკური ზარალი არ არის, ეს არის წლების შრომის შედეგის დაკარგვა. მიუხედავად ამისა, დარჩენილ ფუტკრის ოჯახებს ყოველდღიურად ვუვლი და ვცდილობ, მათი შენარჩუნება შევძლო.
რის გამო მცირდება ფუტკრის ოჯახები?
მეფუტკრის შეფასებით, ფუტკრის ოჯახების შემცირება შესაძლოა ტროპილელაფსის გავრცელებას უკავშირდებოდეს.
მაია აბულაძე: ჩვენი დაკვირვებით, პრობლემა შესაძლოა სწორედ ტროპილელაფსს უკავშირდებოდეს. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა და აუცილებელია, თითოეული შემთხვევა სპეციალისტების მონაწილეობით იქნას შესწავლილი. მნიშვნელოვანია, დროულად დადგინდეს მიზეზები და შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს.
პრობლემა მხოლოდ ერთ საფუტკრეს არ ეხება
მისი თქმით, მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ მის მეურნეობაში არ არის და პრობლემა სხვა მეფუტკრეებსაც შეეხოთ.
მაია აბულაძე: ჩემი ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არაერთ მეფუტკრეს შეექმნა მსგავსი პრობლემა. ამიტომ ვფიქრობ, საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად გვიდგას გვერდში,ტარდება კვლევა, მონიტორინგი და სპეციალისტების ჩართულობა, რათა მეფუტკრეებს დროული დახმარება გაეწიოთ.
ფაროსანასთან ბრძოლისას ფუტკრის უსაფრთხოების დაცვა
მაია აბულაძე ასევე საუბრობს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ფუტკრის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები აუცილებელია ისე დაიგეგმოს, რომ დაცული იყოს როგორც მოსავალი, ასევე ფუტკრის ოჯახები.
მაია აბულაძე:ფაროსანასთან ბრძოლის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებსა და მეფუტკრეებს შორის კოორდინაცია. როცა შეწამვლითი სამუშაოები ტარდება, წინასწარ გვაფრთხილებენ, რათა ვიცოდეთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ. დამუშავება ხდება ძირითადად საღამოს საათებში, როცა ფუტკარი უკვე სკაშია და ფრენას აღარ ახორციელებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეწამვლა არ ტარდება ყვავილობის პერიოდში და სკების სიახლოვეზე, რათა ფუტკარს საფრთხე არ შეექმნას.
ფერომონების განთავსებაც ხდება ისე, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ფუტკრის უსაფრთხოება. ფაროსანასთან ბრძოლა აუცილებელია, ამავე დროს დაცულია ფუტკარიც, რადგან ფუტკარი სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
მეფუტკრის თქმით, ფერმერების, მეფუტკრეებისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობა რაც ხორციელდება აუცილებელია, რათა მავნებლებთან ბრძოლა ეფექტიანი და უსაფრთხო იყოს.
სახელმწიფოს როლი და მეფუტკრეების პასუხისმგებლობა
მაია აბულაძე ხაზს უსვამს, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ინდივიდუალური ძალებით შეუძლებელია და სახელმწიფოს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაია აბულაძე:იმედი მაქვს, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად გააგრძელებს მონიტორინგს, ლაბორატორიულ კვლევებს, სპეციალისტების ჩართულობასა და მეფუტკრეებისთვის რეკომენდაციების გაცემას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი სახელმწიფოს მხარდაჭერით წარიმართოს ისე როგორც წლებია მიმდინარეობს.

სააგენტოს რეკომენდაციები მეფუტკრეებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს მოუწოდებს:
• რეგულარულად დააკვირდნენ ფუტკრის ოჯახების მდგომარეობას;
• ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სპეციალისტებს;
• არ გამოიყენონ თვითნებურად უცნობი ან დაუდასტურებელი პრეპარატები;
• დაიცვან ვეტერინარული და ბიოუსაფრთხოების რეკომენდაციები;
• ითანამშრომლონ სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს შესაბამისი კვლევები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს,რომ ნებისმიერი ზემოთაღნიშნული ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე TEL-1501 რასაც სპეციალისტების მხრიდან სწრაფი სათანადო რეაგირება მოყვება.
სპეციალისტების შეფასებით, ფუტკრის ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ მეფუტკრეების პრობლემა არ არის. ფუტკარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე გარემოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.
სწორედ ამიტომ, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ დროული რეაგირება, სამეცნიერო კვლევები და სახელმწიფოს, ფერმერებისა და მეფუტკრეების მჭიდრო თანამშრომლობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ფუტკრის ოჯახების დასაცავად და დარგის მდგრადი განვითარებისთვის.

