5 ივლისი 2026

ნიკა მესხი: საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ჩამოყალიბდა

გვესაუბრება სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი.


ბატონო ნიკა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა უკვე წლებია გრძელდება. დღეს სად არის საქართველო ამ ბრძოლის პროცესში?


თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. თუ რამდენიმე წლის წინ ვსწავლობდით სხვა ქვეყნების გამოცდილებას, დღეს უკვე თავად ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის პრაქტიკას უცხოელი სპეციალისტები ინტერესით ეცნობიან. საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო დონეზეც ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა. ჩვენი სპეციალისტები მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებს უზიარებენ იმ გამოცდილებას, რომელიც სახელმწიფოს, მეცნიერებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით დაგროვდა.


თუმცა, როგორც აღნიშნავთ, საერთაშორისო თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გრძელდება.


რა თქმა უნდა. მცენარეთა დაცვა მუდმივად განვითარებადი სფეროა და გამოცდილების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი ფიტოსანიტარები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ მეცნიერებთან და ექსპერტებთან. ჩვენ ვსწავლობთ ახალ მიდგომებს, პარალელურად კი უკვე თავადაც ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას სხვა ქვეყნებს. ეს იმის დასტურია, რომ საქართველომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.


როდესაც საქართველოში აზიური ფაროსანა გავრცელდა, როგორ დაიწყო სახელმწიფოს ბრძოლა?


-პირველივე ეტაპზე მივმართეთ საერთაშორისო ექსპერტებსა და იმ ქვეყნების მეცნიერებს, რომლებსაც ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება უკვე ჰქონდათ. სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დღემდე წარმატებით ხორციელდება. ეს არის მეცნიერებასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ყოველწლიურად იხვეწება.

ამ პროგრამის კოორდინაციაში განსაკუთრებული როლი აქვს აზიური ფაროსანას მართვის ცენტრს…


– დიახ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრი აბაშაშია განთავსებული. სწორედ აქედან ხდება ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღონისძიებების კოორდინაცია, მონიტორინგის მონაცემების ანალიზი, სპეციალისტების მუშაობის დაგეგმვა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. ცენტრი წარმოადგენს იმ ძირითად რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა შესაბამისი სამსახურის ეფექტიან კოორდინაციას.


პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ცენტრი კოორდინაციას უწევს, რა კონკრეტული მეთოდები გამოიყენება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის?

განსაკუთრებით საინტერესოა ფაროსანას მოიზიდე და გაანადგურე სადგურები, წერტილოვანი შეწამვლა და სხვა პრევენციული მექანიზმები.
სახელმწიფო პროგრამა დაფუძნებულია ინტეგრირებული მავნებელთა მართვის პრინციპებზე და მოიცავს როგორც ქიმიურ, ისე არაქიმიურ მეთოდებს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მიზნობრივი მიდგომაა ფაროსანას მოიზიდე და გაანადგურე სადგურები. ეს სადგურები აღჭურვილია სპეციალური ატრაქტანტებითა და ფერომონებით, რომლებიც იზიდავს მავნებელს გარკვეულ ლოკაციებზე. შემდეგ კი ისინი განადგურდებიან ინსექტიციდების ან სხვა უსაფრთხო საშუალებებით. ასეთი სადგურები განთავსებულია როგორც სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, ასევე საცხოვრებელ ზონებში და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულაციის შემცირებას.
გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება წერტილოვანი შეწამვლა. ამ მეთოდით ინსექტიციდები გამოიყენება არა მთლიან ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ იმ კერებში, სადაც მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა მავნებლის მაღალი სიმჭიდროვე. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას, იცავს სასარგებლო მწერებსა და გარემოს.


-სხვა პრევენციული მექანიზმები მოიცავს: რეგულარულ მონიტორინგს ფერომონული და სხვა ტიპის ხაფანგებით, სანიტარიულ ღონისძიებებს (მცენარეული ნარჩენებისა და თავშესაფრების მოცილება), კულტურულ პრაქტიკებს (სათანადო მოვლა, განოყიერება და მორწყვა მცენარეთა გამძლეობის გასაძლიერებლად), ასევე ბიოლოგიური კონტროლის ელემენტებს. ყველა ეს ღონისძიება ერთობლივად და კოორდინირებულად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს ბრძოლის მაღალ ეფექტურობას და მდგრადობას.


მოსახლეობის ჩართულობაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. როგორ შეუძლია მოქალაქეს სააგენტოსთან დაკავშირება?


-მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი – 1501, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია აზიური ფაროსანას გავრცელების შესახებ. თითოეულ შეტყობინებაზე ჩვენი სპეციალისტები მყისიერად რეაგირებენ – საჭიროების შემთხვევაში გადიან ადგილზე, აფასებენ სიტუაციას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს ან გეგმავენ აუცილებელ ღონისძიებებს. სწორედ ასეთი სწრაფი რეაგირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მავნებლის გავრცელების დროულ მართვას.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მოსახლეობამ დროულად მოგაწოდოთ?


ძალიან მნიშვნელოვანია. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევით ვერ იქნება სრულყოფილი. როდესაც მოსახლეობა დროულად გვაწვდის ინფორმაციას, ჩვენ ბევრად სწრაფად ვახერხებთ რეაგირებას. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის შესახებ დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზს – 1501. თითოეული ზარი მნიშვნელოვანია.

უცხოელი სპეციალისტები როგორ აფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს?


შეფასებები ნამდვილად ძალიან მაღალია. მათთვის საინტერესოა, როგორ შეძლო საქართველომ მოკლე დროში ეფექტიანი მართვის სისტემის შექმნა. ხშირად სწორედ ჩვენი გამოცდილება ხდება განხილვის საგანი საერთაშორისო შეხვედრებზე. ჩვენი სპეციალისტები უკვე თავად ატარებენ პრეზენტაციებს, კონსულტაციებსა და სამუშაო შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ჩამოყალიბდა.