დავით აშორდია:აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა უნდა ჩავერთოთ!
გვესაუბრება სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრის უფროსი- დავით აშორდია.
- ბატონო დავით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კამპანია უკვე წლებია მიმდინარეობს. დღეს რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა?
– მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას პოპულაცია წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, მავნებელი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ სოფლის მეურნეობისთვის. ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ აზიური ფაროსანა სრულად არ გამქრალა და ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მისი რაოდენობა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს. სწორედ ამიტომ, ბრძოლის ღონისძიებები ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს სრულყოფილად და უწყვეტ რეჟიმში.
- მოსახლეობის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია?
მოსახლეობის ჩართულობა გადამწყვეტია. სახელმწიფო ახორციელებს ფართომასშტაბიან მონიტორინგს, თერმული ნისლის ტექნოლოგიით სპეციალურ შეწამვლებს, ფერომონების დამონტაჟებასა და სხვა ღონისძიებებს, თუმცა მხოლოდ სახელმწიფო ძალებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია. აუცილებელია, რომ ფერმერებმა და მოსახლეობამ საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთებიც დროულად დაამუშაონ, შეასრულონ სპეციალისტების რეკომენდაციები და საეჭვო შემთხვევების შესახებ დროულად გვაცნობონ.
- რა პრობლემებს აწყდებით საველე სამუშაოების დროს?
-ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ტექნიკა ვერ შედის რთულად მისადგომ ადგილებში, ან კერძო ნაკვეთებზე შესვლა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასევე, ზოგჯერ მოსახლეობის ნაწილი არ თანამშრომლობს, რის გამოც კონკრეტულ ტერიტორიებზე მავნებელი ნარჩუნდება და შემდეგ კვლავ ვრცელდება.
- რამდენად მოქმედებს ამინდი ბრძოლის ეფექტიანობაზე?
ამინდი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ძლიერი წვიმა, ქარი ან მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს როგორც შეწამვლის გრაფიკზე, ისე პრეპარატების ეფექტიანობაზე. სწორედ ამიტომ, ყველა ღონისძიება წინასწარ დაგეგმილი მონიტორინგისა და მეტეოროლოგიური მონაცემების გათვალისწინებით ტარდება.
- რა რეკომენდაციები გაქვთ ფერმერებისთვის?
პირველ რიგში, მუდმივად დააკვირდნენ თხილის, ხეხილის, სიმინდისა და სხვა კულტურების მდგომარეობას. მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ შესაბამისი ღონისძიებები და გამოიყენონ მხოლოდ რეკომენდებული პრეპარატები. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები ჩატარდეს სწორი დოზირებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
- ხშირად ისმის კითხვა – რატომ არის აუცილებელი მონიტორინგი მაშინაც კი, როდესაც მავნებლის რაოდენობა შემცირებულია?
სწორედ მონიტორინგი გვაძლევს საშუალებას, დროულად აღმოვაჩინოთ მავნებლის გავრცელების ახალი კერები. თუ კონტროლი შეწყდება, არსებობს რისკი, რომ აზიური ფაროსანას პოპულაცია კვლავ გაიზარდოს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.
- რა როლი აქვს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს?
ცხელი ხაზი მოსახლეობასთან ჩვენი პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებაა. შემოსულ შეტყობინებებზე სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრის სპეციალისტები ოპერატიულად რეაგირებენ, გადიან ადგილზე, აფასებენ ვითარებას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მავნებლის დროულ გამოვლენასა და ლოკალიზება
- როგორია მიმდინარე სეზონის მოლოდინი?
პროგნოზი ოპტიმისტურია, თუმცა მოდუნების საფუძველი არ გვაქვს. სახელმწიფო აგრძელებს მონიტორინგს, ფერომონების განთავსებას, თერმული ნისლის ტექნოლოგიით სპეციალურ შეწამვლებსა და სხვა ღონისძიებებს. ჩვენი მთავარი მიზანია, მავნებლის პოპულაცია შენარჩუნდეს მინიმალურ დონეზე და მაქსიმალურად დავიცვათ ფერმერების მოსავალი.
- რას ეტყოდით მოსახლეობას?
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საერთო საქმეა. მხოლოდ სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი მოქმედებით შევძლებთ მიღწეული შედეგის შენარჩუნებას. მოვუწოდებ ყველას, დროულად შეატყობინონ სააგენტოს მავნებლის გავრცელების შესახებ, გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ბრძოლის ღონისძიებებში. ეს ნიშნავს დაცულ მოსავალს, ფერმერების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებას.
