ინფორმაციული სუვერენიტეტი – XXI საუკუნის სახელმწიფოს გადარჩენის მთავარი პირობაა
ინფორმაცია თანამედროვე სამყაროში აღარ წარმოადგენს მხოლოდ ცოდნის ერთობლიობას. იგი იქცა სტრატეგიულ რესურსად, რომელიც განსაზღვრავს როგორც ცალკეული ადამიანის, ისე სახელმწიფოს შესაძლებლობებს, კონკურენტუნარიანობასა და უსაფრთხოებას. თუ წარსულში ძალაუფლების მთავარი წყარო სამხედრო, ეკონომიკური თუ ტერიტორიული უპირატესობა იყო, XXI საუკუნეში მას თანაბარი მნიშვნელობით დაემატა ინფორმაციის ფლობა, მისი ანალიზი, სწორი ინტერპრეტაცია და დროული გამოყენება.
დღეს, როგორც არასდროს, ინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. გამარჯვებულია არა ის, ვინც უბრალოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას ფლობს, არამედ ის, ვინც ფლობს ხარისხიან, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას, შეუძლია მისი ანალიზი და შესაბამის მომენტში სწორ რეაგირებას ახდენს.
ინფორმაციის ფლობა თავისთავად არაფერს ნიშნავს. მთავარი მისი სწორი გამოყენებაა. ეს პროცესიც სპორტს შეიძლება შევადაროთ. მაგალითად, ფეხბურთში გამარჯვებას მხოლოდ ბურთის ფლობა არ განსაზღვრავს. გადამწყვეტია მოთამაშის ტექნიკა, თამაშის ხედვა და ის, თუ რომელ წამს და რა სიზუსტით დაარტყამს კარში. ანალოგიურად, სახელმწიფო მმართველობაში, პოლიტიკაში, ბიზნესსა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებას განაპირობებს არა ინფორმაციის რაოდენობა, არამედ მისი ეფექტიანი მართვა.
საზოგადოებრივი აზრის ფორმირება დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. გავლენას ის ახდენს, ვინც მართავს საინფორმაციო პროცესებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს, სწრაფად რეაგირებს მოვლენებზე და საზოგადოებას დროულად აწვდის არგუმენტირებულ პასუხს. ამ პირობებში ანალიტიკური აზროვნება ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინფორმაციის მოცულობა. შესაძლებელია კონკრეტულ მომენტში ყველა ფაქტი არ გქონდეს ხელთ, მაგრამ თუ განვითარებული გაქვს ანალიზის, შედარებისა და პროგნოზირების უნარი, ხშირად სწორ დასკვნამდე მაინც მიხვალ.
ინფორმაციის მიღება, დამუშავება, შეფასება და საზოგადოებისთვის საპასუხო ინფორმაციის მიწოდება ერთი უწყვეტი ჯაჭვია. ამ პროცესის მნიშვნელობა კარგად ჩანს მედიცინის მაგალითზეც. როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, ექიმისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რამდენად ზუსტად და ამომწურავად აღწერს პაციენტი საკუთარ ჩივილებს. მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება შესაბამისი ბიოქიმიური, ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები, რომლებიც დიაგნოზის დაზუსტებას ემსახურება. შესაბამისად, როგორც მედიცინაში, ისე სახელმწიფო მართვაში, საწყისი ინფორმაციის სიზუსტე ხშირად განსაზღვრავს საბოლოო გადაწყვეტილების ხარისხს.
ინფორმაციული სივრცე ბოლო ათწლეულებში რადიკალურად შეიცვალა. აღარ არის XVIII, XIX ან XX საუკუნე და არც ის პერიოდი, როდესაც ინფორმაციის გავრცელების ძირითადი არხები რამდენიმე ტელევიზია, გაზეთი ან სახელმწიფო სტრუქტურა იყო. აღარ არის ის ეპოქაც, როდესაც ერთი გავლენიანი ტელეკომპანიის ან სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია კვირებისა და თვეების განმავლობაში ქმნიდა საზოგადოებრივ განწყობას, ახდენდა პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციას და ხშირად განსაზღვრავდა პროცესების მიმართულებას.
ინტერნეტისა და სოციალური ქსელების პირობებში ინფორმაცია წამებში ვრცელდება. სწორედ ამიტომ, ძველი საბჭოთა სპეცსამსახურების, მათ შორის კგბ-ისთვის დამახასიათებელი მეთოდები, რომლებიც კომპრომატების დაგროვებას, ე.წ. „ფერადი საქაღალდეების“ გამოყენებასა და ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ ოპერაციებს ეფუძნებოდა, მნიშვნელოვნად მოძველებულია. ის მასალები, რომლებიც ოდესღაც შიშის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, დღეს ხშირად ვადაგასული და ნაკლებად ეფექტიანია, რადგან ინფორმაციული ციკლი საგრძნობლად დაჩქარდა.
თუ ადრე დეზინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოებაში მის დამკვიდრებასა და სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევას შესაძლოა თვეები სჭირდებოდა, დღეს ეს დრო ზოგჯერ რამდენიმე საათამდეა შემცირებული. სწორედ ამიტომ სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერატიულ, კვალიფიციურ და არგუმენტირებულ რეაგირებას. დაგვიანებული პასუხი ხშირად ნიშნავს უკვე დამკვიდრებულ ნარატივთან ბრძოლას, რაც გაცილებით რთულია, ვიდრე მისი თავიდან აცილება.
ამ პროცესის საილუსტრაციოდ შეიძლება ჩოგბურთის მაგალითიც გამოვიყენოთ. საინფორმაციო სივრცე ერთგვარ პოლიტიკურ ჩოგბურთს ჰგავს, სადაც შეტევა და კონტრშეტევა წამებში ხდება. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ლიდერის პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთგული გუნდის ჩამოყალიბება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების შერჩევა, რომლებსაც კრიზისულ ვითარებაში დამოუკიდებლად, სწრაფად და პასუხისმგებლობით შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება.
ცხადია, მასშტაბური პრობლემების გადაწყვეტა ერთი ადამიანის ძალებს აღემატება და ინსტიტუციური, გუნდური მუშაობაა საჭირო. თუმცა, თუ მცირე პრობლემა დროულად არ მოგვარდა, სწორედ ის შეიძლება გადაიქცეს ფართომასშტაბიან კრიზისად. როგორც დიდი ხანძარი ხშირად ერთი ნაპერწკლით იწყება, ასევე საინფორმაციო ომშიც ერთი მცირე დეზინფორმაცია შეიძლება სერიოზულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ შედეგებში გადაიზარდოს. ამიტომ დროული რეაგირება არა მხოლოდ ეფექტიანობის, არამედ პასუხისმგებლობის საკითხიცაა.
სამწუხაროდ, ხშირად რთულია ისეთი კადრების მოძიება, რომლებიც თუნდაც მცირე, მაგრამ კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ. ეს მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების პრობლემა არ არის. იგი, გარკვეულწილად, წლების განმავლობაში დაგროვილი სისტემური ხარვეზების, მათ შორის განათლების სისტემის კრიზისის შედეგიცაა. პროფესიონალი კადრების დეფიციტი ერთ დღეში არ წარმოიშობა და არც ერთ დღეში აღმოიფხვრება.
- საინფორმაციო დაპირისპირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ე.წ. „მკვდარ ზონებს“ – იმ მიმართულებებს, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციურად სუსტია ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი. ნებისმიერი გამოცდილი ოპონენტი სწორედ ამ სივრცეებს ეძებს. თუ მოედანზე არსებობს ადგილი, სადაც მოთამაშე არ დგას, მოწინააღმდეგე ბურთს სწორედ იქ გააგზავნის.
- ამ კონტექსტში ხშირად ისმის მოსაზრება, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს მედიის სფეროს ერთიანი სისტემური სამართლებრივი რეგულირების მოდელი, არ არსებობს მედიის შესახებ ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, ჟურნალისტური საქმიანობის პროფესიული სტანდარტების სრულყოფილი ინსტიტუციური სისტემა, ჟურნალისტთა სერტიფიცირების ან პროფესიული აღრიცხვის მექანიზმი.
ამავე დროს, ხშირად გამოითქმის კრიტიკა, რომ ჟურნალისტის სტატუსის მოპოვება პრაქტიკაში თითქმის არ საჭიროებს პროფესიულ მომზადებას, რის გამოც მედიასივრცეში შესაძლოა მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტიკის ეთიკურ ნორმებსა და პროფესიულ პასუხისმგებლობას სათანადოდ არ იცნობენ.
- ასეთ ვითარებაში მედიის ნაწილი ხშირად იქცევა ხოლმე არა ინფორმაციის გავრცელების, არამედ პროვოკაციისა და სკანდალის შექმნის ინსტრუმენტად.
- ინტერვიუს მიზანი ხდება არა ფაქტების დადგენა, არამედ რესპონდენტის პროვოცირება, ემოციური ფონის შექმნა და საზოგადოებრივი ყურადღების ხელოვნურად გადატანა.
შედეგად, სახელმწიფო ინსტიტუტები იძულებულნი ხდებიან რესურსი რეალური პრობლემების გადაჭრის ნაცვლად დეზინფორმაციის უარყოფასა და უსაფუძვლო ბრალდებებზე პასუხის გაცემას მოახმარონ.
რათქმაუნდა, ასეთი საინფორმაციო შეტევები ხშირად მოკლევადიან ეფექტს იძლევა. მათი მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ დღის წესრიგის დროებითი შეცვლა, საინფორმაციო ქაოსის შექმნა და ოპონენტის თავდაცვით რეჟიმში გადაყვანაა.
სწორედ ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. კანონის უზენაესობა, პროფესიული სტანდარტების დაცვა და პასუხისმგებლობის მკაფიო სისტემა საბოლოოდ უზრუნველყოფს იმას, რომ საინფორმაციო სივრცე უფრო დაბალანსებული და პასუხისმგებლიანი გახდეს.
ამ თვალსაზრისით, საზოგადოების ნაწილი მაგალითად ასახელებს იმ სამართლებრივ ცვლილებებს, რომლებმაც სხვადასხვა პლატფორმაზე შეურაცხმყოფელი და აგრესიული ქცევის გარკვეული შეზღუდვა გამოიწვია. მათი შეფასებით, ეფექტიანმა სამართლებრივმა რეგულირებამ შეიძლება შეამციროს არა თავისუფალი სიტყვის ხარისხი, არამედ უპასუხისმგებლო და მავნე საინფორმაციო პრაქტიკა.
საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც ბოლო წლებში გამოიკვეთა ცვლილებები. მაგალითად, ხელისუფლებამ გაააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში არსებობდა განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები ამ მიმართულებით. ამ თანამშრომლობის მომხრეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოს ეკონომიკურ, სატრანსზიტო და სავაჭრო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის და ქვეყნის გეოეკონომიკურ როლს აძლიერებს.
საბოლოოდ, თანამედროვე სამყაროში გამარჯვებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ინფორმაციის ფლობა, არამედ მისი ანალიზის უნარი, სწორი კომუნიკაცია, სწრაფი რეაგირება და ძლიერი ინსტიტუტების არსებობა. ინფორმაცია დღეს ისეთივე სტრატეგიული რესურსია, როგორიც ენერგია, ფინანსები თუ სამხედრო შესაძლებლობები. შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც ამ რესურსს ვერ მართავს, კონკურენციას ვერ გაუძლებს, ხოლო სახელმწიფო, რომელიც ინფორმაციულ უსაფრთხოებას, პროფესიონალიზმსა და ანალიტიკურ აზროვნებას განავითარებს, გაცილებით უკეთ იქნება მზად XXI საუკუნის გამოწვევებისთვის.
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
