22 ივნისი 2026

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლამ ჩემი ოჯახი შარშან შიმშილს გადაარჩინა

ინტერვიუ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მცხოვრებ ირინე საჯაიასთან:

ქალბატონო ირინე, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა?

– ფაროსანას უკვე წლებია ვებრძვით. ჩვენი ოჯახის მთავარი შემოსავალი თხილია და სწორედ მისი მოსავალი განსაზღვრავს, როგორ ვიცხოვრებთ მთელი წლის განმავლობაში. შარშან ჩატარებულმა ღონისძიებებმა რეალურად გადაარჩინა ჩვენი ოჯახი – ამიტომ ვამბობ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლამ შიმშილს გადაგვარჩინა.

როგორია მდგომარეობა წელს?

– წელსაც იმედიანად ვარ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფლის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით უკვე დაიწყო სოფელში სპეციალური შეწამვლის სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ეს თხილის მოსავალს დაიცავს და ფაროსანასგან მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

რას ნიშნავს თქვენთვის კარგი მოსავალი?

– მე ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედა და ქვრივი ვარ. ჩემი შვილების ლუკმა-პური მთლიანად თხილის მოსავალზეა დამოკიდებული. ამიტომ თითოეული პრევენციული ღონისძიება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რას ეტყოდით ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართულ ადამიანებს?

– მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ფაროსანასთან ბრძოლის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. მათი შრომა ჩვენი ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდება და წელსაც კარგ მოსავალს მივიღებთ.

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. სპეციალისტები მონიტორინგის, ფერომონიანი დამჭერების კონტროლისა და სპეციალური შეწამვლის სამუშაოების მეშვეობით ცდილობენ მავნებლის გავრცელების შეზღუდვას, რათა დაცული იყოს თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალი და ფერმერების ეკონომიკური კეთილდღეობა.