ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება ტიტულები, მედლები, ორდენები და საპატიო რეგალიები იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახუროს!
ალბათ, შეხვედრილხართ ხოლმე სტატიის ბოლოში გაკეთებულ მინაწერს: „დირექცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს და პასუხისმგებლობას არ იღებდეს ავტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.“
ამჯერად კი, თავიდანვე უნდა ითქვას – ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მთელი „თბილისი 24“ სრულად იზიარებს წინამდებარე წერილის ავტორის მოსაზრებებს, ეთანხმება მის თითოეულ სიტყვას, ტაშს უკრავს მას და ქედს იხრის იმ ადამიანის წინაშე, რომლის შესახებაც ეს წერილია.
იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ჩვენი რწმენითა და შეფასებით, საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძოდა და იბრძვის; იმ ადამიანის წინაშე, რომლის სახელიც უკვე წლებია საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა.
გმირი – დღეს ეს სიტყვაც კი თითქოს გაუფასურდა. იმდენჯერ და იმდენ უადგილო კონტექსტში ითქვა, რომ ხშირად ნამდვილ მნიშვნელობას ვეღარ იტევს. სადაც „ ვაჟა ექიმიც -გმირია, ლაზარეც -გმირია“ არსებობს შემთხვევები, როდესაც სიტყვა „გმირი“ მცირე ხდება იმ ღვაწლთან შედარებით, რომელიც ამ კონკრეტულ ადამიანს საკუთარი ქვეყნისთვის გაუღია.
განსაკუთრებით 2012 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, არ არსებობს საქართველოს უახლესი ისტორიის არც ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც მისი სახელი და გვარი ტელევიზიის ეთერებში, გაზეთების ფურცლებზე, ინტერნეტგამოცემებსა თუ სოციალურ ქსელებში არ გაჟღერებულიყოს. ხშირად – ცრუ ბრალდებებით, ცილისწამებით, გადაუმოწმებელი ისტორიებით, გამოგონილი ამბებითა და მითებით.
თუმცა ერთი უცნაური კანონზომიერება არსებობს – რაც უფრო დიდია ადამიანის გავლენა და როლი ქვეყნის ცხოვრებაში, მით უფრო მძაფრია მის მიმართ ბრძოლაც.
როცა, როგორც ეშმა გაურბის ნაკურთხი წყლის სხურებას, ისე თრთიან მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მისი სახელის გაგონებაზე, ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მისი ფიგურა მათთვის დღემდე უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
წლებია ცდილობენ შებღალონ, დაამახინჯონ, გააუფასურონ, ჩვეულებრივ ვალდებულებად წარმოაჩინონ ის საქმეები, რომლებიც ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ გაკეთდა.
ცდილობენ სიკეთე -ვალდებულებად მონათლონ, თავდადება – ანგარებად, ხოლო ქვეყნის სამსახური – დანაშაულად.
წესადაც კი იქცა, რომ ხშირად სწორედ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ მის გვერდით იდგნენ, კაცად- მისი დიდი ძალისხმევით იქცნენ, მის მხარდაჭერას იღებდნენ ან მისი ნდობით სარგებლობდნენ, დღეს მის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებად და მოღალატეებად გვევლინებიან.
ოდესღაც უთქვამთ: „ვისაც ჩავაცი, იმან გამხადაო.“ მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ძალიანაც კი გინდოდათ, შვილო ირაკლი, შვილო გრიგოლ , მაგრამ — ვერ მოგართვით.
მის პოლიტიკაში საჯაროდ გამოჩენიდან უკვე თხუთმეტ წელზე მეტი გავიდა. მსოფლიო ისტორიაშიც კი ძნელია ბევრი ისეთი მაგალითის მოძებნა, როდესაც ადამიანი ამდენ ხანს იტანდეს დაუმსახურებელ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, პოლიტიკურ, პირდაპირი მნიშვნელობით -დევნას, მუდმივ თავდასხმებს და მაინც ჯიუტად არ ტოვებდეს საკუთარ პოზიციას.
ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება ტიტულები, მედლები, ორდენები და საპატიო რეგალიები იმისათვის, რომ საკუთარ მისიას ემსახუროს, ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ჯილდო საკუთარი ქვეყნის მშვიდობა და მისი ხალხის კეთილდღეობაა.
მადლიერება – ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრძნობაა, რაც კი ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. იგი რწმენას ჰგავს. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში სწორედ მადლიერებაა ის, რაც ყველაზე იშვიათად გვხვდება.
თუ, ამ ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების, დასავლელი მარიონეტების ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ მან ხელი უნდა აიღოს ქვეყნის ბედზე, განზე გადგეს და საქართველო იმ ძალებს ჩააბაროს, რომლებიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
გამოდის, რომ უნდა მიატოვოს ქვეყანა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მისგან მისი მოწინააღმდეგეები „ითხოვენ“.
მაგრამ ისტორია სხვაგვარად გვასწავლის – ქვეყანა მაშინ გადარჩება, როდესაც პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები პასუხისმგებლობას არ გაექცევიან.
• განა ასე არ მოხდა არაერთხელ კაცობრიობის ისტორიაში?
• განა ასე არ შეახეთქეს ყრუ კედელს, ასე არ გაწირეს, ასე არ შეწირეს მანონს საკუთარი ქვეყნა ლიდერთა უგუნურებით თუ ღალატით, მოსახლეობით და ტერიტორიით საქართველოზე მრავალჯერ დიდი სახელმწიფოები?
როცა ქვეყანაში ღალატი მეფობს, იქ ნდობა ოქროზე მეტად ფასობს, როცა ერთგული და სანდო ადამიანების პოვნა ურთულესი ხდება, ნაპოვნ ერთგულ ადამიანს მარგალიტივით უფრთხილდები.
სწორედ ამიტომ, ერთ ადამიანზე მიმართული შეტევა ხშირად მის გარემოცვაზეც ვრცელდება.
თუ კიდევ რომელიმე მკითხველი წერილში ნაგულისხმევ პიროვნებას ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, არ დაგღლით გამოცნობით და პირდაპირ ვიტყვით – ამ წერილის მთავარი გმირი, ფიზკური განადგურებისგან მთავარი მხსნელი – ბიძინა ივანიშვილია.
დღეს, მის მიმართ მიმართული ყოველი ზეწოლა, მუქარა, ცილისწამება თუ პოლიტიკური თავდასხმა ავტომატურად ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც მის უახლოეს თანამოაზრეებად და ერთგულ მხარდამჭერებად მიიჩნევიან – მამუკა მდინარაძეზე, ანზორ ჩუბინიძეზე, ირაკლი კობახიძეზე …
დღემდე ქვეყანამ არაერთი მძიმე გამოწვევა გადაიტანა, იდგა სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის წინაშე, რეალურად დანის პირზე ატარა ქვეყანა და განხორციელებული დასავლური შანტაჟის დასტურია, რომ მან გაიღო საკუთარი უდიდესი ფინანსური რესურსი , გაუძლო ბევრ ირიბ თუ პირდაპირ მუქარას, მაგრამ ერთი წამით წარბი არ შეუკრთია, ქედი არ მოუხრია დასავლელი მარიონეტებისათვის.
შეიძლება უბრალო მოქალაქეს არ ჰქონდეს მაღალი თანამდებობა, დიდი ქონება ან განსაკუთრებული განათლება, მაგრამ მას აქვს ერთი უნარი – ხედავს მოვლენებს საკუთარი გამოცდილების პრიზმაში.
სწორედ ამიტომ, ასი ათასობით ადამიანი დღემდე მადლიერებით, პატივისცემითა და სიყვარულით საუბრობს ბიძინა ივანიშვილზე და იმ პოლიტიკურ გუნდზე, რომელიც მის გარშემო ჩამოყალიბდა.
როგორც ზემოთ ითქვა, უკვე თხუთმეტი წელი გავიდა. შესაძლოა ქვეყანას კიდევ მრავალი წელი დასჭირდეს ამ გაშლეგებულ სამყაროში საბოლოო სიმშვიდის, სტაბილურობისა და განვითარების გზაზე მყარად დადგომისთვის, მაგრამ მჯერა,რომ ბატონი ბიძინა ყოველგვარი ჩინის, რეგალიისა და ოფიციალური სტატუსის მიღმა დარჩება საკუთარი ქვეყნის გვერდით, დარჩება მაშინაც, როცა პასუხისმგებლობა თუნდაც ყველაზე მძიმე ტვირთად გადაიქცევა, ქვეყანას არ მიატოვებს და იქნება მის გვერდით, მის სამსახურში.
მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა მის მთელ გუნდს ქვეყნის ერთგულებისთვის, გაწეული სამსახურისთვის და იმ გზისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს მომავალთან აკავშირებენ.
გოჩა ნაჭყებია
