ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტის რეზოლუცია შეაფასა. მისი განცხადებით, დოკუმენტი შეიცავს ძალიან ბევრ ტყუილს და არასწორ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს საზოგადოების დაყოფასა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ემსახურება.
“რეზოლუცია ეს არის მცდელობა, რათა გარკვეული ზეწოლა განახორციელონ ან სცადონ განხორციელება ჩვენს საზოგადოებაზე, ხელისუფლება მას როგორც თავდასხმას ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებაზე ისე აღიქვამს,-განაცხადა მინისტრმა.
- „ზოგადად ამ რეზოლუციაში თუ ანგარიშში ბევრი უჩვეულო ჩანაწერია, რაც შეუძლებელს ხდის, რომ დოკუმენტი სერიოზულად შეაფასო, რამე პოზიცია სერიოზულად გამოხატო.
- იცით, ვინც არის ანგარიშზე მომხსენებელი. ეს არ არის ერთადერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ასეთი ბევრი ვნახეთ. ერთის მხრივ, პოლარიზაციაზე გვესაუბრებიან, მეორეს მხრივ, ყველანაირ მექანიზმს და ყველანაირ საშუალებას იყენებენ, იმისათვის რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს.
- ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს ხდება სწორედ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელით.
- ძალიან სამწუხაროა ერთი რამ – ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, ასე გამოიყენება ინსტრუმენტად, რათა გარკვეული ზეწოლა განახორციელონ ან სცადონ განხორციელება ჩვენს საზოგადოებაზე, განამტკიცონ საქართველოს შესახებ სრულიად ცრუ ნარატივები.
- ამ რეზოლუციაში ძალიან ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია წერია, ბევრი დებულება მეტად მანიპულაციურია. შესაბამისად, ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება.
- თქვენ ნახავდით საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას ამ ტექსტთან დაკავშირებით და ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც თავდასხმას ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებაზე.
ნამდვილად მიუღებელია, რომ ეს ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელით კეთდება,” – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
