1 აპრილი 2026

მამა ელიზბარი: პატრიარქი მუდამ გვასწავლიდა,რომ სიყვარულის ადამიანები გავმხდარიყავით

საქართველოს საპატრიარქომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახელზე თითქმის 700 უპოვარს გულითადი სიყვარულითა და პატივისცემით გაუმასპინძლდა.
უწმინდესის სახელით მადლობის სიტყვა შეწირა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, მამა ელიზბარ ოდიშვილმა — იმ ადამიანმა, რომელიც მრავალი ათეული წელი იყო პატრიარქის გვერდით, მისი ერთგული მორჩილი და თანამოაზრე.

მამა ელიზბარმა, ემოციითა გაიხსენა წლები, რომლებიც უწმინდესთან გაატარა:
„მე ვიწირავ მადლობას პატრიარქის სახელზე. ყველაზე უკანასკნელი ვარ თქვენს შორის… მე აქამდე უწმინდესობამ მომიყვანა. 47 წელი ვიყავი მის მორჩილებაში.

  • „მახსენდება სიონის ტაძრის ეზოში ეროვნული მოძრაობის წევრების შეკრებები. უწმინდესი ეუბნებოდა ლიდერებს: „ჩემთან ყველაფერი ისმის…“ და აფრთხილებდა, რომ იქ მნიშვნელოვან თემებზე არ ესაუბრათ. იცოდა, რომ კედლებსაც ყურები ჰქონდათ იმ დროს”-თქვა მან.

მამა ელიზბარმა ხაზი გაუსვა იმ რთულ ეპოქას, როდესაც თბილისში მხოლოდ 14 ეკლესია ფუნქციონირებდა და წირვა -ლოცვა მხოლოდ რუსულ ენაზე აღევლინებოდა.

  • “სიონში, მამა დავითზე წირვა-ლოცვა მხოლოდ რუსულად მიმდინარეობდა. მაგრამ უწმინდესს არასოდეს უკადრებია სიძულვილის ან განხეთქილების გზა. არ უთქვამს: „მოდით რუსები გავყაროთ“ ან „ვინც ჩვენს ტაძრებს იკავებს, ისინი გავრიცხოთ“. პირიქით — მოგვიწოდებდა მიტევების, სიყვარულისა და თავშეკავებისკენ.
  • პატრიარქი გვასწავლიდა, რომ სიყვარულის ადამიანები გავმხდარიყავით, რათა ეკლესიაში უფრო მეტი ადამიანი დაბრუნებულიყო,“ — თქვა მამა ელიზბარმა.


განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც რაიკომის მდივანმა უწმინდესს უთხრა, რომ ახალქალაქში ჩასვლისას სომხეთის ეკლესიის კათოლიკოს ვაზგენს შეახვედრებდა.

პატრიარქმა რაიკომის მდივანს მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა:
„თუ ვაზგენს ჩემთან შეხვედრა სურს, თავად აგერ, სიონის ტაძარში ჩამობრძანდეს.“

მამა ელიზბარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის ყველა შვილს — მღვდლებს, მონაზვნებს, მეუფეებს, განსაკუთრებით მეუფე შიოს — და ყველა იმ ადამიანს, ვინც უწმინდესისადმი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა.

შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა დიდი კვალი დატოვა უწმინდესმა ილია მეორემ. მისი სწავლება — სიყვარული, მშვიდობა და მიტევება — დღესაც რჩება ჩვენი ერის ერთ-ერთ უმთავრეს სულიერ საყრდენად.
მადლობა უწმინდესს ამ ყველაფრისთვის.
მადლობა მის უსაზღვრო სიყვარულს, მის მშვიდობისმოყვარე გულსა და მის ურყევ სარწმუნოებას.

❤️