რა უნდა ვიცოდეთ სეზონურ ვირუსებზე და როგორ დავიცვათ თავი- ოჯახის ექიმი ნანა ნაჭყებია
სეზონური ვირუსების გააქტიურებასთან ერთად იზრდება მოსახლეობის ინტერესი, თუ რა ინფექციებია მოსალოდნელი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როგორ ამოვიცნოთ მათი სიმპტომები და როდის არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა.
ვირუსული ინფექციების გავრცელების, პრევენციისა და მკურნალობის საკითხებზე გვესაუბრება ფონდ „ჰიპოკრატეს“ ოჯახის ექიმი ნანა ნაჭყებია.
ქალბატონო ნანა, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რომელ ვირუსებს უნდა ველოდოთ და რა ინფექციებია ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური?
ნანა ნაჭყებია: ცივი სეზონის დადგომასთან ერთად, როგორც წესი, იმატებს რესპირატორული ვირუსული ინფექციების გავრცელება. მათ შორისაა გრიპის ვირუსი, რინოვირუსები, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV), ადენოვირუსები და COVID-19. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ერთი და იმავე სეზონზე შესაძლოა რამდენიმე ვირუსი ერთდროულად ცირკულირებდეს. ამიტომ მხოლოდ სიმპტომების მიხედვით კონკრეტული ვირუსის განსაზღვრა ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
როგორ უნდა განვასხვაოთ ჩვეულებრივი გაციება გრიპისგან?
ნანა ნაჭყებია: ჩვეულებრივი გაციება ხშირად თანდათანობით იწყება და ძირითადად ცხვირიდან გამონადენით, ცემინებით, ყელის ტკივილითა და მსუბუქი ხველით ვლინდება. გრიპისთვის კი უფრო დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, კუნთებისა და თავის ტკივილი, შემცივნება და მშრალი ხველა. თუმცა ეს ნიშნები ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება და საბოლოო შეფასება ექიმმა უნდა გააკეთოს.
ვინ მიეკუთვნება ვირუსული ინფექციების გართულების მაღალი რისკის ჯგუფს?
ნანა ნაჭყებია: განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მცირეწლოვან ბავშვებს, ხანდაზმულებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. მათ შემთხვევაში ვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა უფრო მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების დროული შეფასება და ექიმთან კონსულტაცია.
რა შემთხვევაში აღარ უნდა დავკმაყოფილდეთ სახლში მკურნალობით და აუცილებელია ექიმთან მიმართვა?
ნანა ნაჭყებია: თუ მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღე გრძელდება, მდგომარეობა უარესდება, ხველა ძლიერდება ან გამოხატულია ძლიერი სისუსტე, საჭიროა ექიმთან დაკავშირება. სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, გაუწყლოების ნიშნები ან ტუჩების გალურჯება კი გადაუდებელ სამედიცინო შეფასებას მოითხოვს.
ხშირად ადამიანები თვითნებურად იწყებენ ანტიბიოტიკების მიღებას. რამდენად სწორია ეს მიდგომა?
ნანა ნაჭყებია: ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ანტიბიოტიკები ბაქტერიულ ინფექციებზე მოქმედებს და არა ვირუსებზე. მათი თვითნებური მიღება არ აჩქარებს ვირუსისგან გამოჯანმრთელებას და შესაძლოა ჯანმრთელობისთვის დამატებითი პრობლემებიც შექმნას. ანტიბიოტიკი მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ჩვენების არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს.
რამდენად მნიშვნელოვანია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
ნანა ნაჭყებია: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული საშუალებაა. ის ამცირებს გრიპით ინფიცირებისა და განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკს. ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. ვაქცინის შერჩევისა და აცრის დროის შესახებ მოქალაქეებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.
რა ყოველდღიური წესების დაცვა დაგვეხმარება ინფექციის გავრცელების შემცირებაში?
ნანა ნაჭყებია: მნიშვნელოვანია ხელების რეგულარული დაბანა, ოთახების განიავება, ხალხმრავალ და ცუდად განიავებულ სივრცეებში სიფრთხილე, ავადმყოფ ადამიანებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა. თუ ადამიანს ვირუსული ინფექციის სიმპტომები აქვს, სასურველია დარჩეს სახლში, მოერიდოს სხვებთან კონტაქტს და დაიცვას რესპირატორული ჰიგიენის წესები.
და ბოლოს, რას ურჩევდით მოსახლეობას სეზონური ვირუსების გააქტიურების პერიოდში?
ნანა ნაჭყებია: მთავარი რეკომენდაციაა, არ მივუდგეთ ვირუსულ ინფექციებს დაუდევრად, მაგრამ არც პანიკის საფუძველი არსებობს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ მივიღოთ მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე და საჭიროების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ოჯახის ექიმს. პრევენცია, ინფორმირებულობა და დროული სამედიცინო დახმარება გართულებების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.
ფონდ „ჰიპოკრატეს“ ოჯახის ექიმი ნანა ნაჭყებია მოსახლეობას მოუწოდებს, სეზონური ინფექციების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.
