მღვდლობა არავის ანიჭებს ადამიანების დამცირების უფლებას, ჯვარი არ არის პოლიტიკური შეურაცხყოფის იარაღი, ანაფორა არ არის კრიტიკისგან დამცავი ჯავშანი!
როდესაც სასულიერო პირი სხვებს „მონებს“ უწოდებს ანუ როცა ქრისტიანული თავმდაბლობა მთავრდება და სულიერი ამპარტავნება იწყება.
მამა შიო უბილავას დაპირისპირება ტელეკომპანია „იმედთან“ კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას: შეიძლება თუ არა სასულიერო პირი ქადაგებდეს სიყვარულს, თავმდაბლობასა და ქრისტიანულ მორალს, ხოლო განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართავდეს?
სასულიერო პირის სიტყვას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახლავს. მღვდელი მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური თუ პირადი შეხედულებების გამომხატველი ადამიანი არ არის. იგი იმ სარწმუნოების წარმომადგენელია, რომლის უმთავრესი მოწოდებაც სიყვარული, მიმტევებლობა, მოთმინება და ადამიანის ღირსების პატივისცემაა.
სწორედ ამიტომ, როდესაც სასულიერო პირი საჯარო დაპირისპირებაში შედის, საზოგადოებისგან მას მეტი სიფრთხილე და თვითკონტროლი მოეთხოვება და არა ნაკლები.
მორიგი დაპირისპირების მიზეზი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. ტელეკომპანიის ცნობით, სასულიერო პირი შიო უბილავა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მონებად მოიხსენიებს, ხოლო კრიმინალური სუბკულტურის მიმართ კეთილგანწყობას სიმღერით გამოხატავს. ტელეკომპანიამ შესაბამისი ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა.
ამ ინფორმაციას მამა შიო სოციალურ ქსელში მწვავე განცხადებებით გამოეხმაურა. მისი პასუხის ყველაზე საყურადღებო ნაწილი კი ეს სიტყვებია:
- „აი, ტვ იმედში ყველანი მართლა მონები ხართ. ერთი ადამიანის თქვენ არც საქართველო გიყვართ და არც ქრისტე…“
მამა შიო ამით არ შემოიფარგლა. მან ასევე განაცხადა, რომ მეუფის გამო „ტყვიაზე წავა“ და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცავს მას.
ამავე დღეს გავრცელებულ სხვა განცხადებაშიც მან ოპონენტებს „ბიძინას მონები“ უწოდა და მათი მისამართით სხვა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც გამოიყენა.
- „თქვენ გოგლი-მოგლს ჭამდით, როცა მეუფე იობი პირადად ამხელდა ნაცებს”- დაწერა „მამაომ“ .
აქ უკვე ერთი კონკრეტული ტელეკომპანიისა და სასულიერო პირის დაპირისპირებაზე მეტი პრობლემაა.
მამა შიოს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს ხელისუფლება, ტელევიზია, ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიები და ნებისმიერი საზოგადოებრივი ჯგუფი. მას აქვს უფლება, არ მოსწონდეს „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, არ ეთანხმებოდეს მის ჟურნალისტებს და საჯაროდ გამოხატავდეს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას.
მაგრამ სად გადის ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის?
როდესაც სასულიერო პირი ადამიანებს „მონებს“ უწოდებს, ეს უკვე აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური შეფასება- ეს არის ადამიანების ღირსების დაკნინება.
განსაკუთრებით უცნაურია, როდესაც ასეთ სიტყვებს იმ ადამიანისგან ვისმენთ, რომლის მსახურებაც ქრისტიანულ სიყვარულს, მიტევებასა და მოყვასის პატივისცემას უნდა ემსახურებოდეს.
მამა შიო, განა ქრისტიანული სწავლება არ გვასწავლის, რომ ადამიანი არ უნდა განვსაჯოთ სიძულვილითა და ქედმაღლობით?
- თუ ადამიანი ხელისუფლებას უჭერს მხარს, ავტომატურად მონაა?
- თუ ჟურნალისტი ისეთ ტელევიზიაში მუშაობს, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც თქვენ არ ეთანხმებით, ის ქრისტეს სიყვარულს კარგავს?
- თუ ადამიანი თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებს, მას უკვე აღარ აქვს უფლება, პატივისცემით მოიხსენიოთ?
ქრისტიანობა ხომ პოლიტიკური ლოიალობის გამოცდა არ არის!
ვის უწოდებთ მონას – ჟურნალისტს, მოქალაქეს თუ საკუთარ მრევლს?
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
სასულიერო პირის მრევლი ერთგვაროვანი პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის. ეკლესიაში მიდიან სხვადასხვა შეხედულების, სხვადასხვა პოლიტიკური არჩევანისა და განსხვავებული სოციალური მდგომარეობის ადამიანები.
შესაძლოა, თქვენი სულიერი შვილების ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია,( თუმც, რაშიც ეჭვი მეპარება), ნაწილი ოპოზიციას უჭერს მხარს, ნაწილი კი საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში.
თქვენი მრევლის წევრსაც აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. თუ სასულიერო პირი პოლიტიკურ დაპირისპირებაში ისეთ სიტყვებს იყენებს, რომლებიც ადამიანებს „მონებად“ და „თავისუფლებად“ ყოფს, განა ამით თვითონვე არ ქმნის დაყოფას იმ ადამიანებს შორის, რომელთა სულიერ გაერთიანებასაც უნდა ემსახურებოდეს?
მღვდლის დანიშნულება ადამიანების პოლიტიკურ ბანაკებად დაყოფა არ არის.
მღვდელი არ უნდა იქცეს პოლიტიკური ბანაკის პროპაგანდისტად, ხოლო ტაძარი – პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელების ადგილად.
მამა შიოს კიდევ ერთი ფრაზა განსაკუთრებით საყურადღებოა:„მეუფის გამო ტყვიაზე წავალ, და ჩემი სიცოცხლის ფასად დავიცავ ყველა ბოროტი ძალისგან“.
რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი მოძღვარი, გამოხატოს მის მიმართ ერთგულება და უსამართლობის შემთხვევაში გვერდით დაუდგეს, მაგრამ რატომ უნდა იქცეს სასულიერო პირის დაცვა ტყვიისა და სიცოცხლის გაწირვის რიტორიკად?
ვინ არის ეს „ბოროტი ძალა“? ყველა, ვინც მეუფის სიტყვებს აკრიტიკებს? ყველა, ვინც მის პოლიტიკურ პოზიციას არ იზიარებს?
ქრისტიანული რწმენა ხომ ძალადობისთვის მზადყოფნის დემონსტრირება არ არის. მეუფის დაცვა შეიძლება არგუმენტით, სიმართლით, ლოცვითა და ღირსეული სიტყვით. ამისთვის ტყვიის ხსენება საჭირო არ არის.
სასულიერო პირის ავტორიტეტს მუქარის მსგავსი რიტორიკა კი არ აძლიერებს, არამედ აზიანებს.
ტელეკომპანია „იმედის“ კრიტიკა შეიძლება, მაგრამ შეურაცხყოფა – არა!
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას: ტელეკომპანია „იმედი“ არ არის კრიტიკისგან დაცული ინსტიტუტი. მისი სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტური სტანდარტები ე.წ. ოპოზიციური ძალებისთვის მიუღებელია, მაგრამ მედიის კრიტიკა და მისი თანამშრომლების პიროვნული შეურაცხყოფა სხვადასხვა რამეა.
თუ „იმედმა“ შიო უბილავას სიმღერა გაასაჯაროვა და მასში კრიმინალური სუბკულტურის მიმართ კეთილგანწყობა დაინახა, სასულიერო პირს შეუძლია განმარტოს, რა კონტექსტში მღეროდა, რას გამოხატავდა ეს სიმღერა და რატომ მიიჩნევს ტელევიზიის შეფასებას მცდარად. ეს იქნებოდა პასუხი, მაგრამ როდესაც პასუხად ჟურნალისტებს „მონებს“ უწოდებ, მათ ქრისტეს სიყვარულს უწუნებ და პატრიოტიზმში ეჭვი შეგაქვს, უკვე თავად ხდები იმ შეუწყნარებლობის მონაწილე, რომელსაც სხვებს აბრალებ.
საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი მხოლოდ სამოსით, ჯვრით, ტაძრითა და წოდებით არ განისაზღვრება. მისი ავტორიტეტი სასულიერო პირების ქცევით, სიტყვითა და ცხოვრების წესითაც იზომება.
მრევლს უფლება აქვს, სასულიერო პირისგან მოითხოვოს ის ზნეობრივი სტანდარტი, რომელსაც თავად ეკლესია ქადაგებს.
თუ უბრალო მოქალაქე სხვას მონას უწოდებს, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობაა, მაგრამ როდესაც ამას მღვდელი აკეთებს, საზოგადოებას ბუნებრივად უჩნდება კითხვა: სად არის ის თავმდაბლობა, რომელსაც იგი სხვებს ასწავლის?
მღვდლობა არავის ანიჭებს ადამიანების დამცირების უფლებას, ჯვარი არ არის პოლიტიკური შეურაცხყოფის იარაღი, ანაფორა არ არის კრიტიკისგან დამცავი ჯავშანი!
და კიდევ ერთი: ქრისტეს სახელით საუბარი არ ნიშნავს, რომ შენი ყოველი სიტყვა ქრისტიანულია. ქრისტეს ეკლესია ადამიანების გაერთიანების ადგილი უნდა იყოს და არა მათი ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობის და თუ სასულიერო პირი სხვებს მონებს უწოდებს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, მას ერთი მარტივი კითხვა დაუსვას: თქვენ ვის ემსახურებით, მამაო – ქრისტეს, საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს თუ იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთა გამოც „ტყვიაზე წასასვლელად“ ხართ მზად?
ვიდეო: https://www.facebook.com/share/v/19kMgyoMPr/
