10 ოქტომბერი 2026

აშშ-მა ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მა ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

  • “ათწლეულებია, როგორც რესპუბლიკელები, ასევე, დემოკრატები, უარყოფენ იდეას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ძალა გააჩნია სამართლებრივად დევნოს ამერიკის მოქალაქეები, სამხედრო მოსამსახურეები, ან პოლიტიკური ლიდერები.
  • ამერიკა არასდროს შეერთებულა სასამართლოს. არ გვჭირდება ეს. და არ გვინდა. მაგრამ ოკეანის გაღმა გლობალისტ “ექსპერტებს” არ ადარდებთ რას ფიქრობენ ამერიკის მოქალაქეები. მათ უნდათ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მეტს აკეთებდეს, მათ შორის სამართლებრივად დევნიდეს ამერიკის მოქალაქეებს. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ, სასაზღვრო პატრულის აგენტებს, რომლებიც ჩვენს ერს იცავენ, და არჩეულ ლიდერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. მეტი ძალა სურთ, და ის ჩვენს ხარჯზე უნდათ.
  • პრეზიდენტი ტრამპი არასდროს მისცემს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკელების დევნის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, დღეს, შეერთებული შტატები ასანქცირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ავკრძალავთ ტრანზაქციებს ამ განდეგილ სასამართლოსთან, რითაც მათ რესურსებს მოვუსპობთ და სერიოზულად შევუზღუდავთ ფუნქციონირების შესაძლებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე, მოელის, რომ მოკავშირეები – რომელთაგან ბევრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და თავდაცვის საკითხში ამერიკელ სამხედროებზე არიან დამოკიდებული – ამ სასამართლოს შეაკავებენ.

  • “თუ არა, შეერთებული შტატები გააგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეტაპობრივად დაშლის კამპანიას, ვიდრე ამერიკელებს საფრთხე აღარ დაემუქრებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება საქართველოს. საქართველო არ უარყოფს ICC-ის იურისდიქციას. საქართველო რომის სტატუტის სრულუფლებიანი წევრია 2003 წლის 5 სექტემბრიდან. რას ნიშნავს ეს: ICC-ს აქვს იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების მიერ 2003 წლის 1 დეკემბრის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები და აგრესია).
საქართველო ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან (მაგალითად, დაპატიმრების ორდერების შესრულებაში).

პრაქტიკაში: 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ICC-მ 2016 წელს გამოძიება დაიწყო. 2022 წელს გამოძიების ფაზა დასრულდა და რამდენიმე პირის მიმართ დაპატიმრების ორდერები გამოიცა (ძირითადად სამხრეთ ოსეთის მხარესთან დაკავშირებით).
საქართველო აქტიურად უჭერს მხარს სასამართლოს და არასოდეს გამოთქვამს გასვლის ან იურისდიქციის უარყოფის განზრახვას.

მსოფლიოს ყველაზე დიდი და გავლენიანი ქვეყნების უმეტესობა (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი) არ ცნობს ICC-ის იურისდიქციას თავის მოქალაქეებზე. საერთო ჯამში, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ICC-ის წევრები.

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით აშშ-ის მიერ ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს”- ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას კანადის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ.