ჯერ ციხის კადრები, ახლა აგვისტოს ომი – სააკოვის დაუსრულებელი თვითრეაბილიტაცია!
ჯერ ციხის კადრების „ექსპერტიზას“ შეუდგა, შემდეგ ჩვილი რაფალიანცის ტრაგედიის პოლიტიკური ინტერპრეტაციით დაგვამახსოვრა თავი, ახლა კი 2008 წლის აგვისტოს ომს მიადგა.
როგორც ჩანს, წარსულის გადაფასება ისე მოსწონს, მალე საკუთარ დაბადებასაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამარჯვებად გამოაცხადებს!
სააკაშვილის ფეისბუქკედელზე გამოქვეყნებული ტექსტი გვამცნობს, რომ 2008 წელი თურმე საქართველოს გამარჯვების წელი ყოფილა!
„სიმართლე, რომელსაც ამდენი წელი გიმალავდნენ-ო.. სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა… ჩვენ ჩვენი არსით თუმცა პატარა, მაგრამ გამარჯვებისთვის დაბადებული ერი ვართ“, – გვიმტკიცებენ სააკაშვილის სახელით.
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!
ჩვენ გვეგონა, ომი, ოკუპირებული ტერიტორიები, დევნილები და დაკარგული სოფლები გვქონდა, სინამდვილეში კი ბრწყინვალე გამარჯვება გვზეიმია და ვერ შეგვიტყვია!
გამოდის, თუ მოწინააღმდეგემ მთელი ქვეყანა ვერ დაიპყრო, ესე იგი, დამარცხდა. ამ ლოგიკით, მეკარე, რომელმაც ხუთი გოლი გაუშვა, მაგრამ ბურთი გასახდელში არ გაატანა, მსოფლიო ჩემპიონია!
სააკოვის ისტორიული ფორმულა ასეთია: თუ მტერმა ყველაფერი ვერ წაიღო, ე.ი. ვერაფერი წაიღო!
რა თქმა უნდა, რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება ვერ შეძლო. მაგრამ ამით ოკუპაცია გამარჯვებად ვერ გადაიქცევა. ქვეყნის გადარჩენა და ომის მოგება სხვადასხვა რამეა – ამის გასაგებად ისტორიის გადაწერა კი არა, ელემენტარული საღი აზრია საჭირო.
ევროკავშირის დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მისიის 2009 წლის ანგარიშიც კი გაცილებით რთულ სურათს აღწერს, ვიდრე სააკაშვილის ფეისბუქკედელზე დახატული ტრიუმფალური პეიზაჟია.
მაგრამ სააკოვის პოლიტიკური სამყაროს კანონზომიერება ხომ მარტივია: თუ ფაქტები მის სასარგებლოდ არ ლაპარაკობენ, ფაქტებს ახალი ინტერპრეტაცია უნდა შევთავაზოთ!
ფაქტია, სააკაშვილი რამდენიმე დარჩენილ მოხალისესთან ერთად, საკუთარი წარსულის ადვოკატია.
კლინიკური დიაგნოზის დასმა მხოლოდ საჯარო განცხადების საფუძველზე შეუძლებელია, თუმცა სააკაშვილის ამ რიტორიკაში რამდენიმე საინტერესო ფსიქოლოგიური მექანიზმი იკვეთება.
პირველი – მარცხის გამარჯვებად გადაფუთვა.
არასასურველი შედეგი ახალ მნიშვნელობას იძენს და საბოლოოდ ისე წარმოგვიდგება, თითქოს თავიდანვე დიდებული ჩანაფიქრის ნაწილი ყოფილიყოს.
მეორე – საკუთარი პოლიტიკური სახის გადარჩენა.
როდესაც ლიდერის მემკვიდრეობა კრიტიკის საგანია, წარსულის ხელახალი ინტერპრეტაცია საკუთარი რეპუტაციის დაცვის იარაღად იქცევა.
მესამე – საკუთარი თავისა და ერის ბედის გაიგივება.
საქართველო გამარჯვებისთვის დაბადებული ერია – ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ ქვეყნის გამძლეობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ლიდერის გადაწყვეტილება სწორი იყო.
სწორედ აქ იწყება სააკაშვილის პოლიტიკური თეატრი: ერის ისტორიული ღირსება საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიის გასამართლებელ არგუმენტად გვევლინება.
თითქოს სააკაშვილი ერთდროულად პროკურორიც იყოს, ადვოკატიც და მოსამართლეც. ბრალდებულიც თავადაა, დაცვის მოწმეც თავადაა და განაჩენიც წინასწარ გამოუტანია: უდანაშაულო ყველა ეპიზოდში, გამარჯვებული ყველა ომში!
და მაინც, ვის ატყუებს სააკოვი?
ყველაზე ირონიული ისაა, რომ საქართველოს გამარჯვებისთვის დაბადებულ ერზე გვესაუბრება ადამიანი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური წარსულის გამართლებას ახლა სოციალური ქსელის პოსტებით ცდილობს.
საქართველო მართლაც გამძლე ქვეყანაა. მაგრამ ქართველი ხალხის გამძლეობა არც ერთი პოლიტიკოსის პირადი საკუთრება არ არის. ქვეყნის გადარჩენა ხალხის დამსახურებაა და არა საბაბი, რომ ომის შედეგები პათეტიკური ფრაზებით გადავხაზოთ.
სააკოვს კი, როგორც ჩანს, ახალი ისტორიული დოქტრინა შეუმუშავებია:
თუ დამარცხდი, გამოაცხადე, რომ გამარჯვება სხვა კრიტერიუმით იზომება; თუ ფაქტები ხელს გიშლის, შეცვალე ინტერპრეტაცია; ხოლო თუ ვინმე არ დაგეთანხმა, აუხსენი, რომ სიმართლეს ამდენი წელი უმალავდნენ!
ასე იქცევა ისტორია პოლიტიკურ თვითწმენდის საშუალებად, ხოლო ფეისბუქკედელი – ტრიბუნად, საიდანაც საკუთარ თავს გმირის გვირგვინს ადგამ.
მოკლედ, სააკოვის ლოგიკით, 2008 წელს საქართველო კი არ დამარცხებულა – უბრალოდ გამარჯვების ისეთი რთული ფორმა აურჩევია, რომ მისი შედეგები დღემდე ოკუპაციით, დევნილებითა და დაკარგული ტერიტორიებით გამოიხატება!
ეს რა ყოფილა, ბატონო მიშა – გამარჯვება გვეზეიმა და ჩვენ კიდევ ოკუპაციას ვდარდობდით?

