25 აგვისტო 2026

ლაშა მარგიშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებას და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ!

ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – დირექტორის პოსტზე ლაშა მარგიშვილი დაინიშნა. იგი უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, პირადად წარუდგინა და ახალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე წარმატება უსურვა.

გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა მარგიშვილის მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებას და იმ გზას, რომელიც მან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წლების განმავლობაში გაიარა.

ლაშა მარგიშვილისთვის ეს დანიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპია. იგი 2011 წლიდან ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა და დღემდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. შესაბამისად, ახალი პოზიცია მისთვის მხოლოდ ახალი თანამდებობა კი არა, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი გაგრძელებაა.

მის პროფესიულ წარმატებებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დაემატა – 2026 წელს ლაშა მარგიშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ახლა კი მას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და ახალი გამოწვევები ელოდება. განათლების ხარისხის განვითარებისა და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების საქმეში მისი მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვანი რესურსი იქნება.

ლაშა მარგიშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებას და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ!