რაჭველის ულტიმატუმი პუტინს: ან გადადგები, ან მე ბედნიერებაზე ვიტყვი უარს!
მსოფლიომ ამოისუნთქა. უკრაინაში ომი გრძელდება, დასავლეთი სანქციებს აწესებს, დიპლომატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ექსპერტები ათასობით გვერდის ანალიზს წერენ…მაგრამ ამ ყველაფერს ერთი მთავარი დეტალი აკლდა: ნიკოლოზ რაჭველის საბოლოო სიტყვა!
და აი, ისიც : „მე ვიპოვე ჩემი მისია – პუტინის სისხლიანი რეჟიმი თუ არ დასრულდება, მე უარს ვიტყვი სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებაზე.“
კრემლში პანიკაა.პუტინმა სასწრაფოდ მოიწვია უშიშროების საბჭო.
-რა ხდება?
-ამხანაგო პრეზიდენტო, რაჭველი სიცოცხლეზე უარის თქმას აპირებს.
– ეგ ვინ ჩემი.. რაჭველია?
– ქართველი დირიჟორი.
პაუზა.
-რამდენი დივიზია ჰყავს?
-დივიზია არა, ორკესტრი.
– რამდენი ტანკი?
-ტანკი არა, პიანისტია.
პუტინი ჩაფიქრდა. გადავდგები… ეს უკვე სერიოზულია.
ჩვენი პოლიტიკოსები წლებია გვიხსნიან, როგორ უნდა შეიცვალონ მსოფლიო.
მაგრამ რაჭველმა უფრო ეფექტური გზა იპოვა:პირადი ბედნიერების შეწირვა! ეს უკვე სტრატეგიული იარაღი. ბირთვული იარაღი, სანქციები , დიპლომატია – მოძველებულია. ახლა გვაქვს „რაჭველის დოქტრინა“! თუ პუტინი არ გადადგება, ქართველი ხელოვანი ბედნიერი აღარ იქნება, კრემლი ვერ გაუძლებს.
რაჭველს უკვე უწოდეს საქართველოს ამომავალი @@@ (მზე)- ძალიან ზუსტი მეტაფორაა. რადგან ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთი ნაწილი მუდმივად ამომავალ მზედ გვევლინება და მეორე დღეს უკვე პოლიტიკურ ჰორიზონტს მიღმა ქრება. მერე ისევ ამოდის. მერე ისევ ჩადის. და ბოლოს აღარავინ იცის – მზეა ეს, სატელევიზიო კამერა თუ წინასაარჩევნო სლოგანი.
რაჭველს არასდროს დაუხევია უკან. გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რაჭველმა უკვე იცის, როგორ უნდა ელაპარაკო საერთაშორისო საზოგადოებას.
ამიტომ შემოთავაზებაა :გაერომ სასწრაფოდ შექმნას ახალი კომიტეტი:„რაჭველის ბედნიერების დაცვის საერთაშორისო კომიტეტი.“მისი მთავარი ამოცანა იქნება პუტინზე ზეწოლა, რათა ქართველი დირიჟორის ცხოვრებისეული ბედნიერება საფრთხეში აღარ აღმოჩნდეს.
უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტიც მზად არის:„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკოლოზ რაჭველი შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს.“
პუტინს ახლა ორი გზა აქვს. გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკა ან გაითვალისწინოს ნიკოლოზ რაჭველის ულტიმატუმი და გადადგეს. სხვა გზა აღარ არსებობს. ემუქრება არა პრეზიდენტი, არა გენერალი, არა დიპლომატი, არამედ დირიჟორი- ჯოხით ხელში.
კრემლი შეშფოთებულია, რადგან რაჭველი ხომ შემსრულებელია, მას ხომ არასდროს უკან არ დაუხევია, ყოველთვის სიტყვის კაცია. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა, ალბათ, უნდა შეასრულოს „ოდა პუტინის გადადგომას“.
და თუ ოდესმე კრემლში მართლა დადგება ის ისტორიული დღე, როცა პუტინი გადადგომას გადაწყვეტს, დარწმუნებული იყავით:ისტორიის სახელმძღვანელოებში აუცილებლად ჩაიწერება: „გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როდესაც ნიკოლოზ რაჭველმა ბედნიერებაზე უარი განაცხადა.“
