სააკაშვილი-ბარამიძეზე: ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ
გიორგი ბარამიძემ, ნაციონალური მოძრაობის ყურებიანმა ლეგენდამ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკაში ყველაზე საშიში იარაღი -არა ტყვია, არამედ ენაა, რომელიც ზოგჯერ წინ გისწრებს, არატრატებ და და შემდეგ ბოდიშს იხდი.
ჯერ განაცხადა: აფხაზეთის ომში ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და ამიტომ აფხაზები ტყვეებს არ იძლეოდნენ. მერე, როცა ხმაურმა ატყდა, უცებ აღმოაჩინა, რომ ეს ყველაფერი „ქოცური პროპაგანდის“ ბრალია.
- „ძალიან ვწუხვარ, თუ პატიოსანმა ადამიანებმა არასწორად გაიგეს… ბოდიშს ვუხდი“, – წერს ისე, თითქოს უბრალოდ ამინდი შეცდომით იწინასწარმეტყველა და არა ომის დანაშაული.
შემდეგ სცენაზე გამოვიდა მისი გულთამპყობელი მსჯავრდებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელსაც ციხიდანაც კი შეუძლია მეგობრების დაცვა ისე, თითქოს მის სიტყვებს ოქროს ფასი აქვს და ყველა ასო – უტყუარი მტკიცებულებაა.
- -” მე და გიორგი ბარამიძე ძალიან დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები ვართ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ და აფხაზეთის ომის დროს, ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. ერთად ვართ ნამყოფი სოხუმშიც და გუდაუთაშიც სადაც კინაღამ ჩვენ თვითონ აგვიყვანეს ტყვედ.
- მე მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე და დარწმუნებული ვარ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, „ – აცხადებს სააკაშვილი და ამატებს, რომ ბარამიძემ უბრალოდ „რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა“, ანუ, ტყვეების დახვრეტის ამბავი არასწორად ჩამოყალიბდა.
როგორც ჩანს, ფორმულირება იყო პრობლემა, და არა თავად განცხადება.
და რა ქნა სააკაშვილმა? სწორია, დედისეული უტიფრობით ყველაფერში „ივანიშვილის დიქტატურის მსახურები“ დაადანაშაულა, წულუკიანს და სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ისინი ქართველების სამხედრო დანაშაულებზე ლაპარაკობდნენ და რუსებმა ეს მტკიცებულებად გამოიყენეს.
ანუ, როცა ბარამიძე ამბობს, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ – ეს შეცდომაა, ხოლო როცა სხვები ამბობენ – ეს ღალატია… რას იზამ,რკინის ლოგიკაა!
კლასიკური ქართული პოლიტიკური თეატრი: ერთი ამბობს საშინელებას,მეორე ბოდიშს იხდის და პროპაგანდას აბრალებს, მესამე მეგობრობასა და პატრიოტიზმს ახსენებს და ამბობს, რომ უბრალოდ ფორმულირება იყო ცუდი, სახელმწიფო კი გამოძიებას იწყებს.
მთავარია, ვინ ვის მხარეს დგას და გული ვის მეტად ტკივა უფრო დიდი პატრიოტული სინდისით.
საქართველოში ისტორია არ იწერება ფაქტებით, იწერება განცხადებებით, ბოდიშებით და იმით, თუ ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის:„მე პატრიოტი ვარ, უბრალოდ ცოტა არასწორად ჩამოვაყალიბე“.
შეგახსნებთ, რომ ყურებიანი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
