ანასეულის სამეცნიერო ლაბორატორია – თანამედროვე მეცნიერება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამსახურში
საქართველოს სოფლის მეურნეობაში მეცნიერებას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა, თუმცა ბოლო წლებში, ინვაზიური მავნებლების გავრცელების ფონზე, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეკოლოგიურად უსაფრთხო, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების დანერგვა, რაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვასა და ფერმერთა ეკონომიკური ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება.
ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიას, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს.
ლაბორატორია გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა და ათწლეულების განმავლობაში ჩაის, სუბტროპიკული კულტურების, ენტომოლოგიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა განხორციელდა.2022 წელს ლაბორატორიას ჩაუტარდა სრული მოდერნიზაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო თანამედროვე კვლევითი სივრცეები და ის აღიჭურვა ულტრათანამედროვე ლაბორატორიული აპარატურითა და სპეციალიზებული სამეცნიერო ინვენტარით, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა მისი კვლევითი შესაძლებლობები.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება, ხოლო 2023 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში ბუნებრივად დაფიქსირდა აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი იაპონური ქინქლა (Trissolcus japonicus), ანასეულის ლაბორატორიაში დაიწყო მისი ინტენსიური კვლევა, ლაბორატორიული გამრავლება და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა. ამ სამუშაოების საფუძველზე უკვე შესაძლებელი გახდა იაპონური ქინქლის მასობრივი გამრავლება და მისი გამოყენება აზიური ფაროსანას პოპულაციის ბიოლოგიური კონტროლის მიზნით.
დღეს ლაბორატორიაში მაღალკვალიფიციური მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს. ისინი ყოველდღიურად იკვლევენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებს, მათ ბუნებრივ მტრებსა და მცენარეთა დაცვის თანამედროვე ბიოლოგიურ მეთოდებს. ლაბორატორია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზით, რაც მაღალი დონის სამეცნიერო კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომლის მხარდაჭერითა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გაძლიერდა საერთაშორისო თანამშრომლობა და წარმატებით მიმდინარეობს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების განვითარება და პრაქტიკაში დანერგვა.
ანასეულის ლაბორატორიის საქმიანობაზე, მიმდინარე კვლევებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის უფროსი ნიკა გუნთაძე.

– ბატონო ნიკა, რა მიმართულებებით მუშაობს დღეს ანასეულის ლაბორატორია?
– ჩვენი სამსახურის ძირითადი საქმიანობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების, მათი გავრცელების თავისებურებების, ბიოლოგიისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების შესწავლას მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აზიურ ფაროსანას, რომელიც დასავლეთ საქართველოსთვის კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მავნებლად რჩება. ჩვენი მთავარი ამოცანაა მეცნიერულად დასაბუთებული და მდგრადი ბიოლოგიური კონტროლის სისტემის განვითარება.
– რა შესაძლებლობებით არის აღჭურვილი ანასეულის ლაბორატორია?

– ბოლო წლებში ლაბორატორია მნიშვნელოვნად განახლდა. დღეს აქ ცხრა მეცნიერი მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები არიან. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე კლიმატური კამერებით, მიკროსკოპებითა და სხვა მაღალი სიზუსტის კვლევითი აპარატურით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვაწარმოოთ კვლევები და მიღებული შედეგები პრაქტიკაში გამოვიყენოთ.
– რატომ ითვლება იაპონური ქინქლა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ყველაზე პერსპექტიულ ბიოლოგიურ საშუალებად?
– იაპონური ქინქლა (Trissolcus japonicus) აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერია. იგი პარაზიტირებს მხოლოდ ფაროსანას კვერცხებზე, რის შედეგადაც მავნებლის ახალი თაობა ვეღარ ვითარდება და მისი რაოდენობა ბუნებრივად მცირდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იაპონური ქინქლა სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, ფუტკრისა და სხვა სასარგებლო მწერებისთვის. იგი პრაქტიკულად მხოლოდ აზიური ფაროსანას კვერცხებს პარაზიტირებს და სხვა ორგანიზმებს ზიანს არ აყენებს.
გარდა ამისა, იაპონური ქინქლა იმდენად მცირე ზომისაა, რომ მისი სიგრძე დაახლოებით ერთი მილიმეტრია და ბუნებრივ გარემოში ფაქტობრივად შეუმჩნეველია. მიუხედავად ამისა, მისი ეფექტიანობა ძალიან მაღალია და სწორედ ამიტომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იგი აზიურ ფაროსანასთან ბიოლოგიური ბრძოლის მთავარ საშუალებად მიიჩნევა.

– როგორ მიმდინარეობს მისი გამრავლება ანასეულის ლაბორატორიაში?
– ლაბორატორიაში მიმდინარეობს იაპონური ქინქლას ხელოვნური გამრავლება, სიცოცხლის ციკლის, განვითარების პირობებისა და პარაზიტირების ეფექტიანობის შესწავლა. თითოეული ეტაპი მკაცრი სამეცნიერო კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს, რადგან ბუნებაში გაშვებამდე აუცილებელია ყველა პარამეტრის შეფასება.
– რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა?
– ეს მიმართულება საერთაშორისო გამოცდილების გარეშე ვერ განვითარდებოდა. აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ მეცნიერებთან და სამეცნიერო ორგანიზაციებთან, რაც საშუალებას გვაძლევს საქართველოში თანამედროვე სამეცნიერო მეთოდები წარმატებით დავნერგოთ.
– რა როლი აქვს ამ პროცესში სურსათის ეროვნულ სააგენტოს?
– სურსათის ეროვნული სააგენტო ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს საველე მონიტორინგი, კვლევების კოორდინაცია, ბიოლოგიური მასალის გამოცდა და პრაქტიკაში დანერგვა. სწორედ სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოში ბიოლოგიური ბრძოლის ეს მნიშვნელოვანი მიმართულება წარმატებით განვითარდეს.

– რას მოუტანს ეს სამუშაო ქართველ ფერმერებს?
– ჩვენი მთავარი მიზანია, ფერმერებს შევთავაზოთ გარემოსთვის უსაფრთხო, ეფექტური და მდგრადი გზა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად. ეს ნიშნავს ნაკლებ ქიმიურ დამუშავებას, უფრო ჯანსაღ გარემოს, ხარისხიან მოსავალს და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.
ანასეულის ლაბორატორია დღეს საქართველოს აგრარული მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრია. ცხრა მეცნიერის პროფესიონალიზმი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილება და სურსათის ეროვნული სააგენტოს აქტიური მხარდაჭერა ქმნის მყარ საფუძველს, რომ საქართველომ წარმატებით განავითაროს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები.
იაპონური ქინქლა, რომელიც ადამიანის თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველია, რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი მოკავშირეა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე მეცნიერებას შეუძლია გარემოს დაუზიანებლად, ბუნებრივი ბალანსის დაცვითა და ინოვაციური მიდგომებით დაიცვას ქართული სოფლის მეურნეობა, ხელი შეუწყოს ფერმერების კეთილდღეობას და გააძლიეროს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება.
თბილისი24
