1 აგვისტო 2026

ქვეყანა უნდა მოემზადოს „შვილების დაკარგვისთვის“, თუ სურს რუსეთის შეკავება

გერმანია აქტიურად ემზადება შესაძლო კონფრონტაციისთვის რუსეთთან. ეს აღარ არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები, ეს არის კონკრეტული სამხედრო დოქტრინა, ლოგისტიკური გეგმები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

რა ხდება დღეს გერმანიაში?

2022 წლის შემდეგ გერმანიამ შეცვალა ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკა. „ცაიტენვენდეს“ (Zeitenwende) შემდეგ ბერლინი მიზნად ისახავს, რომ ბუნდესვერი გახდეს ევროპის უძლიერესი კონვენციური არმია. თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და არმიის ხელმძღვანელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი 2029 წლისთვის (ან უფრო ადრე) შეიძლება მზად იყოს ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ დიდი მასშტაბის ოპერაციისთვის. ეს შეფასება ნატოს დონეზეც არის გაზიარებული.

გერმანიას აქვს კლასიფიცირებული ოპერატიული გეგმა – OPLAN Germany (დაახლოებით 1200 გვერდი), რომელიც ითვალისწინებს 800 000-მდე ნატოს სამხედროს გადაადგილებას გერმანიის ტერიტორიაზე აღმოსავლეთისკენ კონფლიქტის შემთხვევაში. გერმანია უნდა გახდეს მთავარი სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი. ამასთან ერთად მიმდინარეობს სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერება: ბუნკერები, ჰოსპიტალური საწოლები, საგანგებო სისტემები.

უკვე დაგეგმილია გერმანიის თავდაცვის  ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. 2029 წლისთვის თავდაცვის ხარჯები 160 მილიარდ ევროს მიუახლოვდება. მიზანი აქტიური და სარეზერვო პერსონალის გაზრდაა 460. 000- ჯარისკაცამდეა. ლიტვაში უკვე იგეგმება გერმანული ჯავშანსატანკო ბრიგადის მუდმივი განთავსება და  ეს პირველი ასეთი ნაბიჯია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

საფრანგეთთან ერთობლივი ნაბიჯები

2026 წლის ივლისში „ ევროპის ლომებმა“ – ფრიდრიხ მერცმა და ემანუელ მაკრონმა გამოაცხადეს, რომ გერმანია მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის ბირთვულ წვრთნებში (Poker-ის ტიპის სავარჯიშოებში) კონვენციური ძალებით. ეს არის ნაბიჯი ევროპული ბირთვული შეკავების გაძლიერებისკენ, აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობასთან ერთად. საფრანგეთი ინარჩუნებს სრულ კონტროლს ბირთვულ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ გერმანია უერთდება პროცესს.

რაც შეეხება ფრანგულ განცხადებებს: 2025 წლის ნოემბერში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა ფაბიენ მანდონმა თქვა, რომ ქვეყანა უნდა მოემზადოს „შვილების დაკარგვისთვის“, თუ სურს რუსეთის შეკავება. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთს აქვს ეკონომიკური და დემოგრაფიული რესურსი, მაგრამ აკლია „სულის სიმტკიცე“ ტანჯვის მისაღებად. ეს განცხადება დიდი რეზონანსის მქონე იყო და კრიტიკასაც მოჰყვა.

ევროპის მხრიდან ამ პროცესზე არ დუმან. ბევრი ქვეყანა (პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სკანდინავია) აქტიურად უჭერს მხარს გერმანიის გადაიარაღებას, რადგან მათი უსაფრთხოება პირდაპირ დამოკიდებულია აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე. ამავდროულად, ზოგიერთ წრეში კვლავ იგრძნობა სიფრთხილე ისტორიული მიზეზების გამო.

ისტორიული პარალელი: 1933–1939 წლები

1933 წლიდან ჰიტლერის მოსვლის შემდეგ გერმანიამ დაიწყო სწრაფი გადაიარაღება, რომელიც არღვევდა ვერსალის ხელშეკრულებას. 1935 წელს ოფიციალურად გამოცხადდა გადაიარაღება და შემოღებულ იქნა სამხედრო ვალდებულება. 1936 წელს მოხდა რაინლანდის რემილიტარიზაცია – ამ პროცესს მშვიდად უყურებდნენ და არ ჩარეულან  საფრანგეთი და ბრიტანეთი.

შედეგად 1938 წელს მოყვა ანშლუსი ავსტრიასთან, მიუნხენის შეთანხმება სუდეტების შესახებ. ევროპა (განსაკუთრებით ბრიტანეთი და საფრანგეთი) ატარებდა „დამშვიდების“  (appeasement) პოლიტიკას,  იმედოვნებდნენ, რომ ტერიტორიული დათმობებით თავიდან აიცილებდნენ ომს, და ამავდროულად საკუთარ გადაიარაღებას აჭიანურებდნენ.

მაშინ მიზეზად ასახელებდნენ:

  • პირველი მსოფლიო ომის ტრავმას და ომის შიშს;
  • ეკონომიკური სირთულეებს;
  • იმედს, რომ ჰიტლერის მოთხოვნები შეზღუდული იყო;
  • საბჭოთა კავშირისადმი უნდობლობას.

შედეგი ცნობილია: 1939 წელს ომი მაინც დაიწყო, და გერმანია უკვე სამხედრო უპირატესობით შევიდა მასში.

რატომ განსხვავდება დღევანდელი სიტუაცია  და რატომ შეიძლება ისტორია მაინც განმეორდეს

დღეს გერმანია ოფიციალურად ამბობს, რომ გადაიარაღება მიმდინარეობს „რუსეთის აგრესიის შეკავების“ მიზნით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. გერმანია ცდილობს რომ ეს თავდაცვით რიტორიკად წარმოაჩინოს. თუმცა, ფაქტები უფრო მკაცრია: გერმანია რეალურად ემზადება დიდი მასშტაბის ომისთვის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. აქვს კლასიფიცირებული ოპერატიული გეგმა (OPLAN Germany), ლოგისტიკური ქსელი ასიათასობით ჯარისკაცის გადასაადგილებლად, იზრდება ბიუჯეტი, იგეგმება პერსონალის გაორმაგება და საფრანგეთთან ერთობლივი ბირთვული წვრთნები. ეს აღარ არის ჰიპოთეტური მომზადება,  ეს არის კონკრეტული სამხედრო მზადება.

ხოლო, თუ  მართლაც ღმერთი გაუწყდათ ომის პარტიის  ჩუჩელებს,  რუსეთი გადაწყვეტს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გამოცდას როგორც ამას გერმანელი და ნატოს სამხედრო ხელმძღვანელები 2029 წლამდე პროგნოზირებენ,  შესაძლებელია  უფრო ადრე, მოხდეს ისე, რომ რომ ისტორია თავისებურად განმეორდეს.

საბჭოთა ტანკები ერთხელ  ბერლინში 1945 წელს უკვე იყვნენ და თუ დღევანდელი გერმანია და ხელისუფლებებში დასაქოქი თოჯინებით  გატენილი ევროპა ვერ გაითვალისწინებენ ისტორიის მწარე გაკვეთილს, შესაძლებელია, რომ მომავალში კვლავ ვიხილოთ მსგავსი სცენა , უკვე არა გამარჯვებული, არამედ დამარცხებული ევროპის კონტექსტში.

თბილისი 24