ნაურომ სახელი შეიცვალა და ამიერიდან “ნაოერო” იქნება
წყნარი ოკეანის სახელმწიფომ ნაურუმ, მას შემდეგ რაც ოფიციალურად გამოაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, სახელიც შეიცვალა და ნაოერო დაირქვა.
კუნძულის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს ნაბიჯი ეროვნული იდენტობის განმტკიცებას, „ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ჩვენი შვილების მომავლის განმტკიცებას ისახავს მიზნად“.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა (კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 12 000 ადამიანია) ყოველთვის თავის ქვეყანას ნაოეროს უწოდებდა. სახელი ნაურუ ევროპელებმა შექმნეს, რომლებსაც ორიგინალური სახელის წარმოთქმა უჭირდათ.
სახელი ნაურუ ოფიციალურ დოკუმენტებში 1888 წლიდან ჩნდება, როდესაც გერმანიამ კუნძულის ანექსია მოახდინა და მარშალის კუნძულების პროტექტორატში შეიყვანა.
ნაურუს პარლამენტმა ქვეყნის სახელის შეცვლის შესახებ კონსტიტუციური ცვლილება მიმდინარე წლის მაისში მიიღო, რის შემდეგაც ამ საკითხზე ეროვნული რეფერენდუმის ჩატარება დაიგეგმა. თუმცა, ამ კვირაში პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა სოციალურ ქსელში სასიხარულო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ რეფერენდუმი გაუქმდა, რადგან მიაჩნდა, რომ ხალხი მაინც დაეთანხმებოდა სახელწოდება „ნაოეროს“.
- „ეს უკვე ხალხის ვინაობაა; ის გამოსახულია ეროვნულ გერბზე და გამოიყენება საზოგადოებაში და, რაც მთავარია, ეს დაშვებულია კონსტიტუციით“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
საბოლოო ნაბიჯი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნებისთვის სახელის შეცვლის შესახებ ოფიციალურად შეტყობინება. კუნძულის ხელისუფლების თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ვერაფერი შეაჩერებს.
