18 ივლისი 2026

კი არ გვწამლავენ,გვეხმარებიან და ფაროსანას ანადგურებენ!

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს უმეტესწილად მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.
დასავლეთ საქართველოს სოფლებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაშია. სპეციალისტები ყოველდღიურად ახორციელებენ როგორც თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლას, ისე „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის ღონისძიებებს, რათა მავნებლის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს და სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაცული იყოს. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები მნიშვნელოვან შედეგს იძლევა და მოსახლეობას აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. სოფელ საჯიჯაოს მცხოვრები, 40-წლიანი გამოცდილების მქონე ბიოლოგიის პედაგოგი აზა ქარჩავა საკუთარ შეფასებას გვიზიარებს.

ქალბატონო აზა, როგორ აფასებთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს?

აზა ქარჩავა: რომ არა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამსახური, ეს მავნებელი მწერი ჩვენს მოსავალს პრაქტიკულად გაანადგურებდა. მიუხედავად უამინდობისა, სპეციალისტები თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და სხვადასხვა სოფელსა და უბანში შეწამვლით ღონისძიებებს ატარებენ. წელს ამინდებმა ხელი ნამდვილად არ შეგვიწყო, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აზიური ფაროსანას მართვის ცენტრი მუდმივად ჩვენს გვერდით დგანან და ამ მავნებლის წინააღმდეგ ერთად ვიბრძვით.

რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა მიმდინარე სამუშაოების შესახებ?

აზა ქარჩავა: შეწამვლამდე ერთი დღით ადრე ყოველთვის გვაფრთხილებენ, ამიტომ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ პროცესის მიმდინარეობისას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ისე სამუშაოების ეფექტიანობისთვის.

როგორ შეაფასებთ „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდს?

აზა ქარჩავა: ეს მეთოდი ნამდვილად ეფექტიანი აღმოჩნდა. 40 წელი ბიოლოგიის პედაგოგად ვიმუშავე და ვერ წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა ასეთი შედეგიანი შეიძლებოდა ყოფილიყო.

რას ეტყოდით მოსახლეობას?

აზა ქარჩავა: მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს ამ ბრძოლაში თანადგომისთვის. ყველას მოვუწოდებ, ითანამშრომლონ აზიური ფაროსანას მართვის ცენტრთან, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ამ სერიოზული პრობლემის დაძლევას. ასევე, ნუ აჰყვებიან უსაფუძვლო ჭორებს, თითქოს მოსახლეობას წამლავენ.კი არ გვწამლავენ,გვეხმარებიან და ფაროსანას ანადგურებენ პირქით, ეს ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ მოსავალი გადავარჩინოთ, მეტი პროდუქტი მივიღოთ და ზამთარს უკეთ მომზადებულები შევხვდეთ.

თბილისი 24