საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონული ლიდერია — ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო ბრძოლას სრულ მობილიზაციაში აგრძელებს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეციალური მონიტორინგის სისტემები, ფერომონული სადგურების კონტროლი, ცივი შესხურების ღონისძიებები და სხვადასხვა პრევენციული სამუშაოები მაქსიმალური ეფექტიანობით ხორციელდება, რათა მავნებლის გავრცელება დროულად იქნეს შეჩერებული და დაცული იყოს ქართველი ფერმერების შრომა, მოსავალი და ქვეყნის აგროსექტორი.
განსაკუთრებულ გამოწვევად კვლავ რჩება ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონები, სადაც მავნებლის გადაადგილების სრულყოფილი კონტროლი ობიექტური მიზეზების გამო მნიშვნელოვნად გართულებულია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან აზიური ფაროსანას გავრცელების რისკის სრულად განეიტრალება პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც სახელმწიფოსთვის დამატებით საფრთხესა და მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, შესაბამისი სამსახურები საზღვრისპირა სოფლებში და რეგიონებში განსაკუთრებული ინტენსივობით ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მავნებლის გავრცელებით გამოწვეული ზიანი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ საქართველომ შეძლო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული აგრობიოლოგიური გამოწვევის ეფექტიან მართვად გადაქცევა. თუ რამდენიმე წლის წინ აზიური ფაროსანა ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნეოდა, დღეს საქართველო ამ მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით რეგიონის უდავო ლიდერია. ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას სწავლობენ და პრაქტიკაში ნერგავენ მეზობელი სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები კი საქართველოს მიერ დანერგილ მოდელს წარმატებული მართვის მაგალითად განიხილავენ.
საქართველომ დაამტკიცა, რომ სწორი სტრატეგიის, მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების, სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობისა და მოსახლეობის ჩართულობის პირობებში შესაძლებელია ისეთი აგრესიული და სწრაფად გავრცელებადი მავნებლის ეფექტიანი კონტროლი, როგორიც აზიური ფაროსანაა.
უახლოეს პერიოდში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მოსახლეობასთან მჭიდრო კოორდინაციით კიდევ უფრო ინტენსიურ ღონისძიებებს განახორციელებს. მოქალაქეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულნი დაგეგმილი შეწამვლის სამუშაოების თარიღების, ლოკაციებისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, რაც უზრუნველყოფს პროცესის ორგანიზებულ, გამჭვირვალე და შედეგიან წარმართვას.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მხოლოდ სახელმწიფო პროგრამა არ არის — ეს არის ბრძოლა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის, ფერმერების კეთილდღეობისთვის, სოფლის მეურნეობის მდგრადობისთვის და საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ამ საერთო საქმეში საზოგადოების პასუხისმგებლობა და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
სურსათის ეროვნული სააგენტო სრული მობილიზებით აგრძელებს მუშაობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს მავნებლის უკონტროლო გავრცელებას. მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე დამატებითი რისკებისა, საქართველო ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში და საკუთარი გამოცდილებით მეზობელი ქვეყნებისთვის წარმატებული ბრძოლის მაგალითად რჩება.
